Accessibility links

logo-print

აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობას აკრიტიკებს და თან დახმარებას სთხოვს


საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ 17 აგვისტოს დაკავებული თურქეთიდან სოხუმისკენ მოძრავი სატვირთო გემი აფხაზეთის თვითაღიარებული პრეზიდენტის მხრიდან არაერთი სახის მუქარის მიზეზი ხდება. სერგეი ბაღაფში აკრიტიკებს საერთაშორისო თანამეგობრობას იმის გამო, რომ ის სათანადოდ არ რეაგირებს საქართველოს აგრესიულ პოლიტიკაზე და, თუკი საერთაშორისო ორგანიზაციები თბილისის შეჩერებას ვერ შეძლებენ, სეპარატისტული რეგიონის ლიდერი დამოუკიდებლად აპირებს მოქმედებას. ექსპერტები ბაღაფშის ღია წერილის უკან, ბუნებრივია, რუსეთს ხედავენ.

სატვირთო გემი, რომლის დაბრუნებასაც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ითხოვს, მისი ინფორმაციით, თურქეთის დროშის ქვეშ ცურავდა და ის ქართველმა მესაზღვრეებმა ნეიტრალურ წყლებში დააკავეს. თბილისის ინფორმაციით კი, 17 აგვისტოს დაკავებული სატვირთო გემი, რომელსაც აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში საწვავი კონტრაბანდული გზით გადაჰქონდა, პანამის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი იყო და ის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავა.

დაკავებული მცურავი საშუალება ამჟამად ფოთში დგას, ხოლო მისი ეკიპაჟის წევრებს უკვე შეეფარდათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 17 დაკავებულზე, რომელთაგანაც 13 - თურქეთის, ხოლო 4 - აზერბაიჯანის მოქალაქეა. თბილისი გემის დაკავებას სამართლებრივ ნაბიჯად მიიჩნევს და შეახსენებს ყველას, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ ყველანაირ ეკონომიკურ საქმიანობას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ საქართველო ზუსტად ასევე იმოქმედებს მომავალშიც, საზღვრების დარღვევის ნებისმიერი მსგავსი მცდელობის შემთხვევაში: ”ჩვენ ყოველთვის მოვიქცევით კანონის დაცვით და ეს იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვა.”

იმას, რასაც საქართველო კანონიერ, გარდაუვალ ქმედებას უწოდებს, ვითარების დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობად აღიქვამს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი. 18 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში სერგეი ბაღაფში გემის დაბრუნებას წერილის ადრესატებს - გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირსა და საფრანგეთის პრეზიდენტს - სთხოვს:

სერგეი ბაღაფში რუსეთის საზღვაო სამხედრო გემის ეკიპაჟთან ერთად
”გთხოვთ დახმარებას საქართველოს მესაზღვრეების მიერ დაკავებული გემის დაბრუნების საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთის მხარე იტოვებს უფლებას მიმართოს ადეკვატურ ზომებს აფხაზეთისკენ მოძრავი საკუთარი ტვირთის დასაცავად და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს.”

სეპარატისტული რეგიონის ლიდერი არ აკონკრეტებს, თუ რას ნიშნავს ”ადეკვატური ზომები”, მაგრამ, რადგანაც ”შესაძლო შედეგების” საქართველოზე გადმობრალების შესახებ ლაპარაკობს, ბუნებრივია, ეს დაპირება ძალის გამოყენებას უნდა გულისხმობდეს. ბაღაფშის ამ სიტყვების უკან აშკარად რუსეთს ხედავს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. მისთვის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ”აფხაზებს თავად ნამდვილად არ შეუძლიათ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, თუ არა რუსეთის მხარდაჭერა.” სესიაშვილი წერილის ქვეტექსტს შემდეგნაირად კითხულობს: ”თუ, ვთქვათ, შემდგომში კიდევ იქნება სხვა სატრანსპორტო საშუალებების დაკავება, რუსებმა შეიძლება გადმოკვეთონ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის საზღვაო ნაწილი და შეეცადონ ძალისმიერი გზით დაიცვან ”თავიანთი” ტვირთები.”

ბაღაფშის ტექსტში სხვა ტიპის მუქარის კვალსაც ვხვდებით. სეპარატისტული რეგიონის ლიდერი ამბობს, რომ თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მიერ განხორციელებულ ”პროვოკაციებს” სათანადოდ არ შეაფასებს, დუმილს არ დაარღვევს და თბილისის შეჩერებას ვერ მოახერხებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება აფხაზეთის დამოკიდებულება რეგიონში კონფლიქტების აღმოფხვრის საერთაშორისო მექანიზმების მიმართ. ამ კონტექსტში ბაღაფში ახსენებს 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს, ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციის მიზნით შექმნილ მექანიზმს.

თუკი სეპარატისტული რესპუბლიკის პრეზიდენტის ღია წერილს ყურადღებით წავიკითხავთ, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ გემის დაკავება მხოლოდ საბაბი იყო, რათა საერთაშორისო საზოგადოება მას კიდევ ერთხელ და საკმაოდ სერიოზულად გაეკრიტიკებინა. ბაღაფშის კრიტიკის ძირითადი ისარი ევროკავშირისკენ არის მიმართული, თუმცა ჩანს, რომ ის, რუსეთის გარდა, თითქოს მთელ მსოფლიოს უბრაზდება: ”ოფიციალური თბილისის ქმედებებზე ადეკვატური შეფასების არარსებობა მრავალრიცხოვანი საერთაშორისო მეთვალყურისა და მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან, აფხაზეთის მიერ აღიქმება როგორც საქართველოს აგრესიული პოლიტიკის მიზანმიმართული ხელშეწყობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს დაძაბულობის ახალ ესკალაციამდე.”

რუსეთისთვის მოსაწონი ამ ფრაზების მიუხედავად, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაღაფშის ღია წერილი, ნაწილობრივ, სწორედ რუსეთისგან თავდაცვის სურვილითაც იყოს ნაკარნახევი.იგულისხმება რუსეთის მარწუხებში აღმოჩენილი სეპარატისტული რეგიონის სურვილი - თავის გადარჩენის მიზნით, გარკვეული პირდაპირი კონტაქტები გააბას საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
XS
SM
MD
LG