Accessibility links

ბაღდადში აფეთქებებს ასამდე ადამიანი შეეწირა


აფეთქება ბაღდადში

აფეთქება ბაღდადში

ბაღდადის ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქებების სერიას, სულ მცირე, 95 ადამიანის სიკვდილი და 300-ზე მეტის დაჭრა მოჰყვა. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმებია მას შემდეგ, რაც ივნისში ამერიკელმა სამხედროებმა ურბანული ცენტრებიდან გასვლა დაიწყეს. როგორც იუწყებიან, სამთავრობო შენობებისა და სხვა სამიზნეების მახლობლად აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით, სწრაფად მოხდა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, სულ მცირე, ექვსი აფეთქება მოხდა, რასაც, მინიმუმ, 95 ადამიანის სიკვდილი და, დაახლოებით, 300-ის დაჭრა მოჰყვა.

ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტის საად კამელის ცნობით, ყველაზე დიდი აფეთქება საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდით მდგარ მანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია:

”ყველაზე მასშტაბური აფეთქება, ყველაზე საშინელი და სისხლიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოხდა. აფეთქდა საშუალო ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო სავსე. აფეთქებამ გაანადგურა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის ფასადი. უბანში დაზიანდა ბევრი საცხოვრებელი სახლი. ასევე დიდი ზიანი მიადგა უახლოეს გაჩერებაზე მდგარ 800-ზე მეტ მანქანას.”

პოლიციისა და მაშველების ვარაუდით, მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
აფეთქებების სერია დილით ფინანსთა სამინისტროსთან დაიწყო - იქ ორი აფეთქება მოხდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აფეთქდა ბომბი. ამის შემდეგ მწვანე ზონის შიგნით ნაღმები ისროლეს. კიდევ ორი აფეთქება მოხდა ქალაქის კომერციულ უბნებში.

კამელი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შექმნილ შემაძრწუნებელ სურათს აღწერს:

”ჩემი თვალით ვნახე 40-ზე მეტი გვამი. სიმართლე გითხრათ, მეხანძრეების მხრიდან მსხვერპლთა ამოყვანისა და ცეცხლის ჩაქრობაზე რეაქცია ნელი იყო. ისინი ხალხის უკან დაწევასა და ჟურნალისტებისთვის ფოტოსურათების გადაღებაში ხელის შეშლას ცდილობდნენ იმ დროს, როცა მანქანებში ადამიანები იწვოდნენ.”

ბაღდადში ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმებია მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა 30 ივნისს ერაყის ურბანული ადგილები დატოვეს. თუმცა ძალადობის ესკალაცია უკვე რამდენიმე კვირაა შეიმჩნევა. მთლიანად ქვეყნის დატოვებას შეერთებული შტატების საბრძოლო ძალები 2011 წლისთვის გეგმავენ.

ძალადობის მასშტაბი აჩენს ეჭვს, რამდენად შეძლებს ერაყის მთავრობა ამერიკელების გარეშე უსაფრთხოების დაცვას.
XS
SM
MD
LG