Accessibility links

logo-print

„ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირი“ და მისი გეგმები


მამუკა არეშიძე

მამუკა არეშიძე

სულ ახლახან კავკასიის საკითხთა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ და ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირი“ დააფუძნეს. საქართველოში მცხოვრები ქისტები, უდები, ხუნძები, აზერბაიჯანელები და ეთნიკურ უმცირესობათა სხვა წარმომადგენლები, რომლებიც კავშირში გაერთიანდნენ, ძირითადად, კონფლიქტების მოგვარებაზე, ე.წ. სამშვიდობო ზონების შექმნასა და კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებაზე იმუშავებენ.

საქართველოს, ქართველების გარდა, საკუთარ სამშობლოდ ოცზე მეტი ეთნიკური ჯგუფი მიიჩნევს. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა კავკასიელი ხალხები, რომლებიც ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას შორის, თუმცა, როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, თაობათა ცვლამ და უკანასკნელი წლების კონფლიქტებმა ქართველი და სხვა კავკასიელი ხალხების გაუცხოება გამოიწვია:

„ქართველმა ახალგაზრდებმა არ იციან, რა არის კავკასია და რა ფუნქცია აქვს საქართველოს კავკასიაში. ძველი კავშირები გაწყვეტილია, ახალი პრაქტიკულად არ იქმნება და ინტერნეტის ეპოქაში არ შეიძლება, რომ არ მოვინდომოთ ურთიერთობის აღდგენა კავკასიელ ახალგაზრდებთან - თუნდაც ინტერნეტით.“

სწორედ კავკასიელ ახალგაზრდებთან კავშირების აღდგენას ისახავს მიზნად ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ამირანაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირის“ ადგილობრივი ორგანიზაცია პანკისის ხეობაშიც დააფუძნა. რადიო თავისუფლება მას ტელეფონით დაუკავშირდა.

ლევან ამირანაშვილი: „აქაურ ქისტებს ბევრი ნათესავი ჰყავთ როგორც ჩეჩნეთში, ასევე ინგუშეთში და გვინდა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. აქ შემონახულია კავკასიური ძმობის მთის ტრადიციები და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერთობები.“

ურთიერთობა, რომლის შესახებაც ლევან ამირანაშვილი ლაპარაკობდა, მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ასევე სხვა კავკასიელი ხალხებისთვისაც. მექა ხანგოშვილი, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, ამბობს, რომ რუსეთი, კავკასიაში წარმოებული აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ვერ ახერხებს საუკუნეების წინ ჩაყრილი კავშირების ბოლომდე გაწყვეტას, რის დასტურადაც გამოდგება ვაინახური კულტურის დღეები, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოში გაიმართა და რომელშიც ჩეჩნეთიდან ჩამოსული ათკაციანი დელეგაცია მონაწილეობდა.

„რუსეთის პოლიტიკა, სამწუხაროდ, ისედაც მიმართულია ჩვენი მონათესავე ერების გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩეჩნეთში ბევრი დღესაც მზიურად მოიხსენიებს საქართველოს. ვფიქრობ, რომ საქართველოს განსაკუთრებული მისია აქვს კავკასიაში და ეს მისია მან უნდა შეასრულოს“, განუცხადა რადიო თავისუფლებას მექა ხანგოშვილმა.

კავკასიის რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულობას ისტორიკოსებიც აღიარებენ. პროფესორ გიორგი ანჩაბაძის თქმით, ამის მიზეზი საქართველოს ისტორიული წარსული და ადგილმდებარეობაა:

„საქართველოს შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს კავკასიაში, თუმცა ჩვენში ეს კარგად არაა გააზრებული, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კავკასიაზე ბევრს ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ იმიტომ, რომ რუსეთს რაღაცნაირად სამაგიერო გადაუხადონ, თორემ ღრმა შეგნება კავკასიისა, ისეთი, როგორიც ჰქონდათ ძველი თაობის ქართველ მეცნიერებს კავკასიელი ხალხების დაახლოებისა, ეს დღეს ჩვენთან არ შეინიშნება. ასე რომ, ამ როლს საქართველო ვერ ასრულებს.“

ცნობილია, რომ საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობა, დიდწილად, აფხაზეთის ომმა გააფუჭა, თუმცა, გიორგი ანჩაბაძის თქმით, გარკვეული კეთილგანწყობა მაინც შემორჩა, რაც, სურვილის შემთხვევაში, ვითარების სასიკეთოდ შეცვლის წინაპირობას იძლევა:

„თუ საქართველო მოახერხებს ჯანსაღი კავკასიური პოლიტიკის წარმოებას, მიმართულს არა წამიერ მოგებაზე, რომ ვინმეს რამე აწყენინოს, არამედ გააზრებულ საერთოკავკასიურ პოლიტიკას, მაშინ ყველაზე მეტი შანსი კავკასიაში წამყვან ძალად ჩამოყალიბებისა კვლავ საქართველოს ექნება.“

„წამყვან ძალაში“ გიორგი ანჩაბაძეს საქართველოს ჰეგემონობა არ უგულისხმია. ლაპარაკია ლიდერობაზეო, გვითხრა ცნობილმა ისტორიკოსმა, თუმცა „ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირი“, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, ლევან ამირანაშვილი, ამბობს, არც ლიდერობას იჩემებს:

„ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, უბრალოდ, ურთიერთობები აღვადგინოთ ახალგაზრდების დონეზე. მომავალ წელს გვინდა კავკასიური ბანაკის მოწყობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ ახალგაზრდები და ერთმანეთს გავაცნობთ შეხედულებებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში. ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობა გვაქვს ჩეჩნებთან, აფხაზებთან, ოსებთან, ინგუშებთან... დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ორგანიზაციამ. იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში მეტ მომხრეს გავიჩენთ.“

ლევან ამირანაშვილის თქმით, პანკისის ხეობის გარდა, „ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირის“ წევრები ამ დღეებში ყვარლის რაიონში ავარიელებით - იმავე ხუნძებით - დასახლებულ სოფლებსაც სტუმრობდნენ. კავშირის საპატიო თავმჯდომარე მამუკა არეშიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები კავკსიური ენების შესწავლითაც არიან დაინტერესებულნი. ერთმანეთის ენისა და კულტურის შესწავლას კი კავკასიელთა გადარჩენის წინაპირობად მიიჩნევს საქართველოში ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი.

„კავკაკსიელებს ერთმანეთის ენა თუ ეცოდინებათ, მით უფრო ახლოს იქნებიან. თუ კავკასია ერთად არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ გადავრჩებით. გადარჩენის ძირითადი ფესვი არის ჩვენი ერთიანობა, ერთობა კი ნიშნავს ენისა და კულტურის ცოდნას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მექა ხანგოშვილმა, საქართველოში ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG