Accessibility links

logo-print
„22 აგვისტო - ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ომის დაწყების თარიღი?“ პუბლიკაციაში, რომელსაც დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, გამოთქმულია მოსაზრება, რომ უახლოეს დღეებში ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. „ამ დღეს იწყება მაჰმადიანთა წმინდა თვე, რამადანი, და, როგორც ჩეჩენი მეამბოხეები წერენ თავიანთ საინფორმაციო ინტერნეტგვერდებზე, რამადანი საუკეთესო დროა ჯიჰადისათვის“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში, რომლის ერთ-ერთი რესპონდენტი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყება ჩრდილოეთ კავკასიაში, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გარდაუვალია.

ამავე პუბლიკაციაში „კავკასიური სახლის“ თანამშრომელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ საუბარია ინგუშეთში „კონტრტერორისტული რეჟიმის შემოღებაზე, რაც ინგუშეთს, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში გადაიყვანს. „რაც შეეხება დაღესტანს, - დასძენს მექა ხანგოშვილი,– აქ, ყველაფერთან ერთად, კლანური, ანუ ეთნიკური, დაპირისპირებაც არსებობს. დაღესტნის ხელისუფლებაში მოსული ერთი კლანი ებრძვის მეორეს, ამ კლანებს კი -მოჯაჰედები.“ მექა ხანგოშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

თავის მხრივ, საქართველოს ძველი და ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების რუსეთში ჩატანასა და იქ გამომზეურებას აპირებს ჟურნალისტი კლარა აბრამია, რომელსაც დღეს გაზეთი „ალია“ ესაუბრა. „ პრესასთან, ალბათ, აუცილებლად ვითანამშრომლებ, მაგრამ იქ მე მიწვეული ვარ ერთ-ერთ ფონდში ექსპერტად. ჯერ არ მინდა ამ ფონდის სახელწოდება გავახმაურო. ისე კი ვიტყვი, რომ ამ ფონდს ძალიან დიდი სურვილი აქვს გახსნას ქართული პოლიტიკის განყოფილება“, - განმარტავს კლარა აბრამია.

„სამთავრობო კულუარებში შავი კატა დარბის“- პუბლიკაციას ამ სათაურით დღეს გაზეთი „ყველა სიახლე“ აქვეყნებს. პუბლიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა ამ დღეებში ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გაშუქებული სიუჟეტი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და ეკონომიკის განვითარების მინისტრ ლაშა ჟვანიას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა გაზეთს უთხრა, პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს შორის დაპირისპირების აფიშირება განსაკუთრებით თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი არველაძემ „იმედის“მართვის პულტს მიაგნო. „ მისი მხრიდან ეს სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება შედარებით წარმატებულ მინისტრზე გაცილებით წარუმატებელი მინისტრისაგან. შეგახსენებთ, სწორედ ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა იყო, რომლიდან დაგორების შემდეგაც არველაძე ახლა პირველად ცდილობს კვლავ ხელისუფლებაში ახოხებას“, - წაიკითხავთ სტატიაში.

რატომ შედიან თურქული გემები აფხაზეთში, შეძლებს თუ არა რუსეთი საქართველოსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის კედლის აშენებას და შესაძლებელია თუ არა ხალხებს შორის შერიგებისა და დაახლოების პროცესის დაწყება - ამ საკითხებზე გაზეთი „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს ესაუბრა. „ამჟამად რაც არ უნდა მოხდეს აფხაზეთის ირგვლივ, ყველაფერი რაღაცნაირად საპრეზიდენტო არჩევნებთან იქნება დაკავშირებული. აქ შედის იგივე უშიშროების საბჭოს მდივნის ლაკობას გადადგომა და სხვა ხმაურიანი ინციდენტები“, - უთხრა გაზეთს კახა კაციტაძემ, რომლის აზრითაც, სამომავლოდ ქართულ-აფხაზური საზოგადოებების დაახლოება ობიექტური საფუძვლის მქონე და საციცოცხლო ინტერესია.
XS
SM
MD
LG