Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარგავს თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას?


ტერაქტი ინგუშეთში
ტერაქტი ინგუშეთში
სისხლიანი თავდასხმების სერიამ ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოშვა ვარაუდები, რომ რუსეთი შესაძლებელია კარგავდეს კონტროლს ამ არასტაბილურ რეგიონზე. ექსპერტები კრემლს ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ გაუმკლავდა ადგილობრივ სიღატაკესა და კორუფციას, თუმცა, ზოგიერთის აზრით, ბოლოდროინდელი ძალადობა სასოწარკვეთილი რეაქცია უნდა იყოს ერთი მუჭა ექსტრემისტებისა, რომლებსაც რუსეთი ეფექტური სამხედრო ოპერაციებით ანადგურებს.

სროლა და აფეთქებები ახალი არაა მშფოთვარე ჩრდილოეთ კავკასიაში, თუმცა ინგუშეთში ორშაბათს მომხდარმა თავდასხმამ სახტად დატოვა რუსეთის ხელისუფლება. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანა ნაზრანის პოლიციის შენობას დაატაკა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 130-ზე მეტი დაიჭრა. შემდეგ გზაზე დადებული ნაღმი აფეთქდა დაღესტანში, სადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ჩრდილოეთ კავკასიასთან ახლოს, სტავროპოლში მყოფმა რუსეთის განრისხებულმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, 19 აგვისტოს თავისი წინამორბედის _ პუტინის _ სტილში განაცხადა, რომ საჭიროა დაუნდობელი ზომების გატარება:

“ტერორისტებთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს უცერემონიოდ. მათი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს ემოციებისა და ყოყმანის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერავითარ წარმატებას ვერ მივაღწევთ.”

რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ, როგორც გაირკვა, პოლიციას წინასწარ ჰქონია ინფორმაცია ტერორისტული თავდასხმის მზადების შესახებ. პოლიციის ასეთ მუშაობას პრეზიდენტმა მედვედევმა მიუღებელი უწოდა:

“ამ ტერაქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. იცით, რომ ის მანქანა, რომელიც ტერაქტისთვის გამოიყენეს, იძებნებოდა; იყო შესაბამისი შეტყობინებებიც. ასეთი ვითარება, მთლიანობაში, მიუღებელია. მილიციამ უნდა დაიცვას ადამიანები და საკუთარი თავი.”
მოსკოვმა ბოლო წლების განმავლობაში ათასობით სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ინგუშეთის დასაწყნარებლად, თუმცა, კრემლის კრიტიკოსთა თქმით, ექსტრემიზმში ბრალდებული ადამიანების უაპელაციო დაჭერა, ცემა და მკვლელობები ანტაგონისტურად განაწყობს ადგილობრივ მოსახლეობას. ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენელი ჯაბრაილ გაბაჩიევი თვლის, რომ ბოლო ხანს მომხდარი ძალადობა ინგუშეთში მოსკოვის წარუმატებელი მმართველობის შედეგია:

“რუსეთის ფედერაციული ცენტრის პოლიტიკა გაუგებარი და შეურაცხადია. ჩვენ თავის დროზე ვეუბნებოდით:… იცით, კავკასიაში რა უყვართ? პირველ ყოვლისა, რომ არ შეურაცხყონ მათი ღირსება და, მეორე, რომ იყოს სამართლიანობა.”

ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს ბეკ ევკუროვმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ძლივს გადაურჩა თავდასხმას, გადაწყვიტა შებრძოლებოდა კორუფციას და, ამავე დროს, შემრიგებლურ ტონზე გადასულიყო პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგში. თუმცა, როდესაც მასზე თავდასხმა მოხდა, კრემლმა ინგუშეთში წესრიგის დამყარება მეორე ფედერაციული სუბიექტის – ჩეჩნეთის – პრეზიდენტს, რამზან კადიროვს, დაავალა. არადა, 32 წლის რამზან კადიროვი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეთა მიმართY თავისი დაუნდობლობითაა ცნობილი, რაც პარტიზანულ მოძრაობას ექსტრემისტული მეთოდებისკენ უბიძგებსო,- ამბობს ანდრეი ბაბიცკი, ჟურნალისტი და კავკასიის საქმეთა ექსპერტი:

“რაც უფრო გაუსაძლისია ამ ადამიანების ცხოვრება იატაკქვეშეთში, რაც უფრო ნაკლებია მათი სიცოცხლის ვადა, მით უფრო მძაფრდება მათში გამორჩეულობის განწყობა და უფლება, დასაჯონ რჯულის მოღალატეები.”

თავდასხმების ბოლო სერიამ ჩრდილოეთ კავკასიაში გზა გაუხსნა მრავალ ვარაუდს, თითქოს მოსკოვი კარგავდეს კონტროლს რეგიონზე, რომელიც კორუფციაში, სიღატაკესა და ადგილობრივ კლანებს შორის ბრძოლაშია ჩაფლული. თუმცა, სხვა შეფასებით, პარტიზანული მოძრაობა სულს ღაფავს, რასაც ექსტრემისტულ მეთოდებზე მათი გადასვლაც მეტყველებს. ანდრეი ბაბიცკის თქმით, ბოლო დროს მომხდარი თავდასხმები ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერის, დოკუ უმაროვის მიერაა ორგანიზებული. წლის დასაწყისში დოკუ უმაროვმა აღადგინა ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფება “რიადუს სალიხინი”, რომელსაც თავის დროზე შამილ ბასაევი ხელმძღვანელობდა.

ბაბიცკი ფიქრობს, რომ კადიროვისა და ჩეჩნეთის იატაკქვეშა მოძრაობის დაპირისპირებაში გადამწყვეტი მომენტი დგება. კადიროვი ან შეძლებს იატაკქვეშა მოძრაობის ხერხემალში გადატეხას, ანდა, თუკი ის უახლოეს ხანებში წარმატებას ვერ მოიპოვებს, კიდევ უფრო გახშირდება და გაძლიერდება ძალადობა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG