Accessibility links

logo-print
ჩემი ბავშვობიდან ერთი ზღაპარი დამამახსოვრდა, „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ ერქვა. ოღონდ, ბევრი არაფერი ჩამრჩენია მეხსიერებაში, მხოლოდ ავტორის გვარი (ჯანი როდარი) და ის, რომ ჯელსომინო თავისი ძლიერი ხმით ყველაფერს ანგრევდა. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მირჩია, აბა, ეგ ზღაპარი გადაიკითხეო. გადავიკითხე და მივხვდი, რომ ჯელსომინოს ისტორია ჩემი მორიგი ბლოგისთვის იყო დაწერილი.

არ იფიქროთ, რომ რეალობას მოვწყდი. სულ პირიქით. მეც მინდა, აზრი გამოვთქვა ერთ სახელდახელოდ გააქტუალურებულ თემაზე, რომელზეც ადრე ათი წუთიც არ მიფიქრია. მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ სწორედ ამ თემაზე მომინდებოდა ბლოგის დაწერა. საქმე ეხება სტალინის ძეგლთან დაკავშირებულ დაპირისპირებას, რომელშიც ერთ მხარეს ხელისუფლებაა და მეორე მხარეს ვინ არის, პირადად ჩემთვის ბუნდოვანია. ხელისუფლება კი ორი ფრონტით იბრძვის – ქმედება (რომელიც ახალგაზრდების მხრებზე გადადის) და ამ ქმედების ინტელექტუალური მხარდაჭერა (ბატონი გია ნოდიას წერილს ძეგლთან დაკავშირებით Facebook-ში უკვე 465 კომენტარი ახლავს).

თუ წარმოვიდგენთ, რომ მეორე მხარე არ არსებობს, მაშინ ამდენი ძალისხმევაც გაუგებარია: უნდათ, რომ გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი მისსავე მუზეუმში გადაიტანონ? ადგნენ და გადაიტანონ. როდის იყო, ძეგლის დადგმას, მოხსნას, ან სადმე გადატანას ვინმეს ეკითხებოდნენ? ჰკითხეს ვინმეს, როცა თავისუფლების მოედანზე თავისუფლების ძეგლი დადგეს (მგონი, ასე ჰქვია, თუ არადა, ბოდიშს ვიხდი)? ან თბილისის ცენტრიდან ქალაქის შემოსასვლელში დავით აღმაშებენლის ძეგლის გადასატანად ვინმეს თანხმობა დასჭირდათ?

სხვისი არ ვიცი და, მე კი სტალინის ძეგლთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება გვეუბნება: მართალია, ამ ძეგლს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ მისი დამხობით ყველას დაგიმტკიცებთ, რომ სტალინის მთავარ მემკვიდრეობას – „ცინიკური ძალადობის კულტს“ (გიგა ზედანიას ფრაზაა) – თავდაუზოგავად ვებრძვითო.

აი, ახლა სწორედ ის დროა, ჯელსომინოს რომ უნდა დავუბრუნდეთ. საკუთარი სოფლიდან წასული ბიჭი რაღაც უცნაურ ქვეყანაში მოხვდა. ამ ქვეყანაში ყოფილი მეკობრე გამეფებულიყო და ებრძანებინა, სიმართლე არ გამაგონოთო. იქ პურს მელანი ერქვა, ყველს – საშლელი, კატები ყეფდნენ, ძაღლები კი – კნაოდნენ. იქაური გაზეთი, სახელად „სამაგალითო მატყუარა“, ყველაფერს წერდა, ოღონდ, პირიქით. ცრუთა ქვეყანაში, თუკი ვინმეს სიმართლე წამოსცდებოდა, ყველას ერთ შენობაში უყრიდნენ თავს, რომელსაც „საგიჟეთი“ ერქვა, ვითომ გიჟები კი, სინამდვილეში, პატიმრები იყვნენ. ამასობაში, მეფე განცხრომით ცხოვრობდა და პარიკების მორგებით იყო გატაცებული. თუმცა, ერთხელ სხვა ქვეყანას ომი გამოუცხადა და, როცა იმ ქვეყნის ურიცხვი ჯარი მის საზღვრებს მოადგა, კიდევ კარგი, მეფე უკვე გაქცეული აღმოჩნდა. და რადგანაც ომი, სინამდვილეში, არავის უნდოდა ბრიყვი მეფის გარდა, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლის მაგივრად, საფეხბურთო მატჩი ჩატარდა (ზღაპარში ხომ ყველაფერია შესაძლებელი?).

ვისაც ეს ზღაპარი არ წაგიკითხავთ, ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ცრუთა ქვეყანა ჯელსომინომ დაანგრია თავისი უნიკალური ხმით. მაგრამ, იცით, როგორ დაანგრია? მთელი ხმით იმღერა სულ ორ შენობასთან და, ამ სიმღერ-სიმღერაში, ორივე ჩამოშალა (არადა, ეგონათ, არ ჩამოიშლებოდა!): ჯერ ციხე-საგიჟეთი და, შემდეგ, მეფის სასახლე.

იქ, ქალაქის ცენტრში, ერთი დიდი სვეტი იდგა და ცრუთა ქვეყნის გახარებული მოქალაქეები ჯელსომინოს მის დანგრევასაც სთხოვნდენ – ამ სვეტზე ცრუ-მეფის საგმირო საქმეებია ამოტვიფრული, არადა, ყველაფერი ტყუილია, სასახლიდან ფეხიც არ გამოუდგამსო. მაგრამ ჯელსომინომ ეს სვეტი არ დაანგრია, თქვა: ვის რას უშავებს, იდგეს და ხალხს მუდმივად შეახსენოს, რომ სინამდვილეში ერთი კარგი სიმღერა საკმარისია ცრუთა ვითომ ძლევამოსილი სახელმწიფოს დასანგრევადო.

ჯელსომინოსგან განსხვავებით, მე სვეტის დანგრევის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. უფრო სწორად, ჩემთვის სულერთია, ცრუთა ქვეყანაში სვეტი დარჩებოდა თუ დაინგრეოდა. ჩვენს დროზე თუ ვიტყვით, არც სტალინის ძეგლის ბედი მანაღვლებს. სულ სხვა რამ მანაღვლებს, რაც გაცილებით მნიშვნელოვანი მგონია. კითხვა მაქვს: სანამ სვეტს მივადგებოდით, ჩვენი ციხე-საგიჟეთი უკვე დავანგრიეთ? ან ჩვენი მეფის სასახლე? უფრო ზუსტად თუ ვიტყვი – მეტაფორების გარეშე – ცინიკური ძალადობის კულტი ჩვენს ქვეყანაში დამარცხებულია?

ჩვენი ბლოგის მკითხველები პასუხის ჩემეულ ვერსიას, ალბათ, უკვე მიხვდით: ბოლო წლებში ზუსტად ეგ კულტი გავაცოცხლეთ და ახალი სულისკვეთებით ავაღორძინეთ. იმ სიახლეებს შორის, რომელთა დანერგვასაც რევოლუციური ხელისუფლება ენერგიულად ცდილობს, სიცრუეს, ძალადობასა და შიშს მეტად საპატიო ადგილი აქვთ მიჩენილი. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ სტალინიზმთან უკომპრომისო მებრძოლის, ბატონი გია ნოდიას განათლების მინისტრობისას სკოლის პედაგოგებს ნაცმოძრაობის მხარდამჭერები საკუთარ მოსწავლეთა მშობლებს შორის რომ აგროვებინეს, რამდენი მისხალით ნაკლები იყო სტალინიზმზე? და 20 მესამეკურსელ სტუდენტს შორის 18 რომ ფიქრობს, ჩემს ტელეფონს უსმენენო, რამდენი კილომეტრით დავშორებივართ სტალინიზმს? აღარ მოვყვები იმის ჩამოთვლას, რაც სწორედ „ცინიკური ძალადობის კულტის“ აღორძინებად მიმაჩნია და რაც ასჯერ მეტად მაშფოთებს, ვიდრე სტალინის ძეგლის აღება, დატოვება ან გადატანა.

ასე მგონია, გორელების თავებში ეძებენ სტალინიზმის უნდილ და უსუსურ ბეწვებს ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თვალში დიდრონ მორებს ვერ ხედავენ.

აქამდე სულ ვფიქრობდი, რა უშველიდა ჩვენს ქვეყანას. კითხვები მქონდა, პასუხები – არა. ახლა ზუსტად ვიცი: ერთი კარგი ჯელსომინო გვჭირდება. აზრიანი ბიჭია და ის ორი შენობაც ხომ ნამდვილად არაფერში აერევა, რომელთა სიახლოვეს თავისი ლამაზი ხმის ძალა უნდა გამოსცადოს. აბა, მერე ნახეთ შუშების მტვრევა და პარიკების ფრიალი!

ოღონდ, ტერორისტობა არ დამაბრალოთ: ჯელსომინოც, ციხეც, სასახლეც, შუშაც და პარიკიც მეტაფორაა. ჩვენი საერთო სამშობლოა მხოლოდ რეალური და მარადიული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG