Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას 6 თვის ანგარიში წარუდგინა


ნიკა გილაური
ნიკა გილაური
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 6 თვის ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკური განვითარების მინისტრს ლაშა ჟვანიას მუშაობა დაუწუნა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანამდე კი გილაურმა მისი კაბინეტის ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე ეკონომიკური გამოცოცხლება შეიმჩნევა: სტაბილურია ეროვნული ვალუტა, იზრდება როგორც საბანკო ანაბრების მოცულობა, ასევე იმპორტ-ექსპორტიც და ნელ-ნელა საქართველოში უცხოელი ინვესტორებიც ბრუნდებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 6 თვის მანძილზე გაწეული ანგარიშის გამოქვეყნებისას ერთ-ერთ პირველ დადებით შედეგად საბანკო-საფინანსო სექტორის სტაბილურობა დაასახელა:

„ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩვენ რეალურად ვხედავთ ეკონომიკის ზრდას ყველა მიმართულებით აბსოლუტურად. ეს არის საბანკო სექტორი, დეპოზიტების მხარე, მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვერი, კურსი მყარია... “

ეკონომისტები საბანკო სისტემის სტაბილურობაში საქართველოს მთავრობაზე მეტად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური დახმარების წვლილს ხედავენ. ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილიც, რომლის განცხადებითაც, ფინანსური სტაბილურობა ეკონომიკურ აქტოვობას არ უკავშირდება:

„საკრედიტო რესურსი, რომელიც ეკონომიკის გაჯანსაღებასა და განვითარებაზე უნდა წასულიყო კომერციული ბანკებიდან, 260 მილიონამდე, ხელისუფლებამ ამოიღო სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით.“

სახაზინო ვალდებულებების, ანუ შიდა ობლიგაციების, გამოშვება, რომელზეც 5-6 პროცენტიანი განაკვეთი დაწესდა, საქართველოს მთავრობის წარმატებულ ეკონომიკურ ნაბიჯებს შორისაა. ეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც აღნიშნა:

„რამდენიმე ქვეყანამ გააკეთა ეს და საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდათ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სახაზინო ვალდებულებები გამოვუშვით და 5–დან 6 პროცენტამდეა საპროცენტო განაკვეთი. ეს რეალურად ამტკიცებს იმას, რომ მაღალია ეკონომიკური რწმენა და მაღალია ასევე ნდობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი.“

ეკონომისტები კი აღნიშნავენ, რომ ბანკებმა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტად ანგარიში გაუწიეს შექმნილ რეალობას. მათ ჭარბი რესურსები გააჩნდათ და, არასტაბილური საკრედიტო გარემოს პირობებში, რესურსები სახაზინო ვალდებულებებში დააბანდეს. ამას ხელი შეუწყო ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებამ - ის უფრო დაბალია, ვიდრე სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი. ნავარაუდევია, რომ წლის ბოლოს ჯამური ინფლაციის დონე 4-დან 5 პროცენტამდე იქნება. მიმდინარე თვეში კი ინფლაცია საერთოდ არ აღინიშნება. ეკონომიკის ექსპერტი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ამბობს, რომ ინფლაციის დაბალი დონე დაბალი ეკონომიკური აქტივობისა და პროდუქციაზე ფასის კლების შედეგია.

„ზოგადად, მსოფლიოში პროდუქციაზე ფასის შემცირება მოხდა, ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასი და ამან გამოიწვია ინფლაციის შემცირება. ეს პროცესი, ასე რომ ვთქვათ, იმპორტირებულია საქართველოში.“

უნდა ითქვას პრემიერ-მინისტრის მოხსენების კიდევ ერთი მონაკვეთის შესახებ. ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების რწმენა მაღალია და უცხოელი ინვესტორები ნელ-ნელა ბრუნდებიან. არადა, მოგვიანებით ეკონომიკური განვითარების მინისტრის გათავისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ის დაასახელა, რომ ვერ მოხერხდა საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვა. გილაურს თავის მოხსენებაში არაფერი უთქვამს თავისი გუნდის ერთ-ერთ მთავარ სისუსტეზე – ჩავარდნებზე საგადასახადო შემოსავლების სფეროში. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იმაზე ცოტა გადასახადები აიკრიფა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
XS
SM
MD
LG