Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაუპირისპირდა პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური განვითარების მინისტრს


ლაშა ჟვანია
ლაშა ჟვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოს თანამდებობა დატოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ. ნიკა გილაურის თქმით, სამინისტრომ ვერ შეძლო საპრივატიზაციოდ გამზადებული ობიექტების გაყიდვა და ინვესტორებისათვის მიზდიველი გარემოს შექმნა. თანამდებობის დატოვების წინ ლაშა ჟვანიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უარყო პრემიერ-მინისტრის ბრალდებები და ნიკა გილაურს სუსტი პრემიერ-მინისტრი უწოდა. ყოფილმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რჩება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად და არ აპირებს ოპოზიციაში გადასვლას.

პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის დაპირისპირების შესახებ პირველი ცნობები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გავრცელდა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ტელევიზიამ რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა.

ამ რეპორტაჟებმა, იმის გამო, რომ ისინი არ ჰგავდა დამოუკიდებელ ჟურნალისტურ მოკვლევას და აგრეთვე იმიტომაც, რომ „იმედის“ მმართველი კომპანიის გენერალური დირექტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძეა, საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავების ერთგვარი მოლოდინი გააჩინა. კვანძი 21 აგვისტოს, მთავრობის სხდომის წინ, პრემიერ-მინისტრმა გახსნა:

„უკმაყოფილო ვარ ეკონომიკური განვითარებისა და მინისტრის მუშაობით და მინდა ვთქვა, რომ მას მოუწევს თანამდებობის დატოვება.“

ნიკა გილაურმა ისიც განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ხელი შეუშალა ჰესების მშენებლობის დროულად დაწყებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ლაშა ჟვანიამ ასევე ვერ გაართვა თავი ინვესტიციების მოზიდვასა და პრივატიზებისათვის გამზადებული ობიექტების გასხვისებას. ბრალდებების საპასუხოდ, ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, პრივატიზების წლიური გეგმა, რომელიც 76 მილიონი ლარია, შვიდ თვეში გადაჭარბებით, 117 მილიონი ლარით, შესრულდა.

ლაშა ჟვანიამ სამინისტროს შენობაში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ თანამდებობიდან მის გთავისუფლებას საფუძვლად უდევს დაპირისპირება კახა ბენდუქიძის გუნდთან. ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრი ვერ გათავისუფლდა ბენდუქიძის კადრების გავლენისაგან, რისი მიზეზიც პრემიერ-მინისტრის სისუსტეა.

ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს პიროვნულ დაპირისპირებას და რომ თვისებრივი განსხვავება გილაურსა და ჟვანიას შორის არაა. დემურ გიორხელიძის თქმით, მნიშვნელოვანი და სამწუხაროა ის, რომ მთავრობაში განხეთქილება რეფორმების, ანუ განვითარების კურსის არჩევის გამო არ მომხდარა:

„ცხადია, აქ საუბარი არაა მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაზე, იმაზე, რომ მთავრობაში ერთი ჯგუფი რეფორმების განხორციელებას უჭერს მხარს და მეორე ჯგუფი მას ეწინააღმდეგება. არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. როგორც ჩანს, ეს არის შიდა სუბიექტური მომენტები.“

სუბიექტური მომენტების გარდა, ეკონომიკის ექსპერტები პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი მინისტრის დაპირისპირებებში კრიზისის გამოძახილსაც ხედავენ. გია ხუხაშვილის თქმით, ეკონომიკური სახის პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად ხელისუფლებამ ნაცადი ხერხი გამოიყენა.

„ქვეყანაში არის უმწვავესი ეკონომიკური პრობლემები და ამის გამო განტევების ვაცების გამოვლენის პერიოდი დგება. შემოდგომა მოდის და პროცესი დაძრულია, თუმცა ეს ყველაფერი მცირე ხნით დაეხმარება ხელისუფლებას. ჟვანია შეიძლება იყოს ერთთვიანი თემა, ერთი თვის შემდეგ კი დადგება შემდეგი ბარტყის გადაგდების დრო“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინისტრთან არსებითი დაპირისპირების შემთხვევაში ლაშა ჟვანია არ დარჩებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეთა რიგებში. არადა, ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ, თანამდებობის დატოვების მიუხედავად, არ შუეცვლია პრეზიდენტისა და მის მიერ წარმოებული პოლიტიკისადმი დამოკიდებულება:

„მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორ პოლიტიკას ატარებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, სწორი მიმართულება აქვს არჩეული და ბოლომდე მხარს დავუჭერ, სადაც არ უნდა ვიყო.“ ლაშა ჟვანიამ 21 ავგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, მისი მეგობარი და ბავშვის ნათლიაა. „თუმცა მხოლოდ ამის გამო პოლიტიკური შეხედულებების შეცვლასა და ოპოზიციაში გადასვლას არ ვაპირებო“, განაცხადა ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა, რომლის შემცვლელსაც პრემიერ-მინისტრი, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს ორი კვირის ვადაში წარუდგენს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG