Accessibility links

logo-print

სიახლეები ტყით სარგებლობის უფლების მოპოვების პროცესში


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში შესწავლილი 30 ათასი ჰექტარი ტყის მასივი აუქციონისთვის უკვე მზად არის. საუბარია 26 ლოტად დაყოფილ მასივზე, რომლის დიდ ნაწილზეც 5-წლიანი ლიცენზიის მოპოვება გახდება შესაძლებელი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის გამოაცხადებს აუქციონს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ამჟამად მინისტრის გარეშეა დარჩენილი. სხვათა შორის, გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული აუქციონის ჩაშლა სწორედ ლაშა ჟვანიას სახელს უკავშირდება. რა შეიცვალა მას შემდეგ და რა სიახლეებია ტყით სარგებლობის უფლების მოპოვების პროცესში?

გარემოს დამცველებს კარგად ახსოვთ გასული წლის 11 დეკემბერი და ჩაშლილი აუქციონი, რომელზეც 20-წლიანი სარგებლობის უფლებით დაახლოებით 160 ჰექტარი ტყის მასივი უნდა გაცემულიყო. აუქციონი, დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ახლად დანიშნული ლაშა ჟვანიას გადაწყვეტილებით, ჩაიშალა და მიზეზად საკითხის უკეთ შესწავლის აუცილებლობა დასახელდა.

აშკარა იყო, რომ ”საკითხის უკეთ შესწავლის აუცილებლობა” ხალხისა და გარემოსდამცველების პროტესტმა გამოიწვია - ხმაურიანი მიტინგები იმართებოდა მესტიაში, ლენტეხსა თუ თბილისში, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივამ” მთავრობის სახელზე ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა. მწვავე პროტესტის მიზეზი იყო ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული ყოვლად ბუნდოვანი და ეჭვების აღმძვრელი სიტუაცია, რაც, პარალელურად, ადგილობრივ მოსახლეობას თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხესაც უქმნიდა.

ხალხის აქტიური პროტესტის ფონზე, ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი რადიო თავისუფლებას უზიარებდა წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ტყის მასივების შესწავლის პროცესი პრაქტიკულად პარალიზებული იყო და ქვეყანა ვერ ფლობდა ინფორმაციას ტყით დაფარული ნაწილის, მთელი ტერიტორიის დაახლოებით 40 პროცენტის, შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტრო ინვენტარიზაციას პრაქტიკულად არ ატარებდა.

რა მდგომარეობაა ამჟამად?

”ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ (აუქციონზე) გაგვაქვს ტყეები ისე, რომ არ ვიცით რა გაგვაქვს... ჩვენ გავაკეთეთ ინვენტარიზაცია, ჩვენ ვიცით რა ტყეები გაგვაქვს გრძელვადიან ლიცენზიებზე გადასაცემად, გამოყენების უფლებით. ჩვენი ყველა ვალდებულება, დროში გაწერილი, არის შესრულებული”, - დავალების შესრულების შესახებ ეს განცხადება გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ 21 აგვისტოს გააკეთა, მაშინ, როცა ლაპარაკობდა ტყის მასივის კიდევ 26 ლოტის აუქციონისთვის მზადყოფნასა და მათ გადაცემაზე ეკონომიკის სამინისტროსთვის.

ამ მხრივ ვითარება, მართლაც რომ, გამოსწორდა, - ამას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილიც ადასტურებს. ის ამბობს, რომ აუქციონისთვის მოსამზადებელი ტყის ფართობების ინვენტარიზაციას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები აწარმოებენ და მათ კომპეტენციაში ეჭვის შეტანა ძალიან ძნელია. იმის გარდა, რომ ინვენტარიზაციის პროცესს ყურადღება მიექცა, მაჭარაშვილი ასევე დადებით მოვლენად ასახელებს ცვლილებებს საქარველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში. ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებთან დაკავშირებული ცვლილებები ივლისიდან უკვე ძალაშია. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ცვლილებებზე სპეციალური კომისია მუშაობდა.

”კომისიაში შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე - გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები. რისი მოსწრებაც შეიძლებოდა, დროის ამ მონაკვეთში, ჩვენ ვიმუშავეთ, რაც შეგვეძლო... გაცილებით უკეთესი სალიცენზიო პირობები არსებობს ახლა ტყით სარგებლობისათვის, ვიდრე მანამდე არსებობდა. ეს არის უკეთესი ტყისთვისაც, ინვესტორისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც”, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან კავშირში, გარემოს დაცვის მინისტრმა 21 აგვისტოს დაასახელა ის ფაქტი, რომ აუქციონისთვის მომზადებული ტყის მასივის 26 ლოტიდან 23-ზე 5-წლიანი, შედარებით იაფი და ამდენად ხელმისაწვდომი, ლიცენზიები გაიცემა. ამ საკითხზე მარტში ეკონომიკის აწ უკვე ექს-მინისტრი ლაშა ჟვანიაც ლაპარაკობდა, თუმცა მის ხელში მსგავსი აუქციონი არ ჩატარებულა. „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი შიშობს, რომ მოსახლეობის ინტერესები შესაძლოა ვერც 5-წლიანმა, შედარებით იაფმა ლიცენზიებმა დაიცვას, რადგანაც ეს ასევე შანსი იქნება, ვთქვათ, ქართულ-უცხოური რომელიმე კომპანიისთვის, ხელსაყრელ თანხად და მოსახლეობაზე უფრო იოლად მოიპოვოს ლიცენზია ტყით სარგებლობაზე. მაჭარაშვილი ისურვებდა, ტყის ფართობების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცეს და ადგილზე გადაწყდეს, რა ფორმით და ვისზე გაიცემა სარგებლობაში.

თუმცა ტყით სარგებლობაზე 5-წლიანი ლიცენზია ავტომატურად იაფსა და ხელმისაწვდომს არ ნიშნავს. ეკონომიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჯანაშია განმარტავს, რომ ლიცენზიის საწყისი ფასი განისაზღვრება სპეციალური ფორმულით, რომელიც არაერთ მაჩვენებელს მოითხოვს, მათ შორის, ინფორმაციას ხე-ტყის მარაგსა თუ ფართობთან დაკავშირებით. შესაბამისად, ლიცენზიის საწყისი ფასი შესაძლოა სხვადასხა რეგიონში სხვადასხვანაირი იყოს.
XS
SM
MD
LG