Accessibility links

logo-print
ხშირად, ძალიან ხშირად, დიდი ხელოვანის ცხოვრება დრამატიზმით არის აღსავსე. გასული საუკუნის კლასიკური მუსიკის ისტორიაში ძნელად მოიძებნება ჟაკლინ დიუპრეზე უფრო ტრაგიკული ფიგურა. ინგლისელი ჩელისტი, მომხიბლავი ქალი, მეტსახელად ”ჯეკი”, გაფანტული სკლეროზით სულ ახალგაზრდა, 28 წლის ასაკში, დაავადდა. 1973 წელს ლეონარდ ბერნსტაინთან და პინხას ცუკერმანთან ერთად ნიუ-იორკში გამართული კონცერტი მის საშემსრულებლო კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდა. არადა, სწორედ იმ პერიოდში დიუპრეს ხელოვნება როგორც ფართო მსმენელის, აგრეთვე საკუთარი პედაგოგების – სახელგანთქმული მუსიკოსების პოლ ტორტელიეს, პაბლო კაზალსის და მსტისლავ როსტროპოვიჩის – აღტაცებას იწვევდა. როსტროპოვიჩის კლასში, მოსკოვის კონსერვატორიაში, დიუპრეს მიერ დვორჟაკის კონცერტის შესრულების დროს მისი დაკვრით მოხიბლული, აცრემლებული მაესტრო მეორე როიალს მიუჯდა და პიანისტ-კონცერტმაისტერ აზა ამინტაევასთან ერთად სოლისტს აკომპანემენტი გაუწია. დიუპრეს ჩელოს განუმეორებელმა ხავერდოვანმა ბგერადობამ ორივე როიალის ხმა გადაფარა. ჟაკლინის ცხოვრებაზე ლიტერატურული ნაწარმოებები დაიწერა - კერძოდ, მუსიკოსის დამ, ჰილარიმ, და ძმამ, პირსმა, 1997 წელს, ხელოვანის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე, გამოსცეს წიგნი, სათაურით ”A Genius in Family“ (”გენიოსი ოჯახში”), რომლის მიხედვით შემდგომში დაიდგა მხატვრული ფილმი ”ჰილარი და ჯეკი”. მსოფლიოს დრამატულ თეატრებში დღესაც დიდი წარმატებით გადის ტომ კემპინსკის პიესა ”დუეტი სოლისტისთვის”, რომელიც დიუპრეს ცხოვრების მიხედვით შეიქმნა.

ჟაკლინ დიუპრეს უშფოთველი ბავშვობა მომავალ ტრაგედიას არ მოასწავებდა. მუსიკოსი 1945 წლის 26 იანვარს დაიბადა ოქსფორდში. დედამისი, აირის გრიპი, ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო. ერთხელ ჟაკლინი დედასთან ერთად უსმენდა რადიოგადაცემას მუსიკალური საკრავების შესახებ. როცა ჩელოს ჯერი დადგა, ბავშვმა თქვა: ”დედიკო, მინდა ასეთი ბგერის გამოცემა ვისწავლოო”. ექვსი წლის ასაკში ჟაკლინი ლონდონის სავიოლონჩელო სკოლაში იწყებს მეცადინეობას. მისი პირველი მასწავლებელი ელისონ ლემპრიმლი იყო. სწავლის დაწყებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ გოგონამ საჯარო გამოსვლები დაიწყო. შემდგომში ჟაკლინის პედაგოგები გამოჩენილი ჩელისტები პოლ ტორტელიე, პაბლო კაზალსი, მსტისლავ როსტროპოვიჩი იყვნენ. გასული საუკუნის სამოციან წლებში დიუპრეს საკრავი ”სტრადივარი-Davidoff" მსოფლიოს საუკეთესო დარბაზებში ჟღერდა. ჩელოს მეტსახელი ”Davidoff” განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე საკრავი რუს მილიონერ კარლ დავიდოვს ეკუთვნოდა. დიუპრეს პარტნიორობას გამოჩენილი დირიჟორები და საუკეთესო სიმფონიური ორკესტრები უწევდნენ. 1967 წელს ჟაკლინი ცოლად გაჰყვა ცნობილ არგენტინელ დირიჟორს და პიანისტს დანიელ ბარენბოიმს. სამწუხაროდ, მათი ერთობლივი ცხოვრება დრამატული კოლიზიებით აღსავსე აღმოჩნდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დაქორწინებიდან ხუთი წლის თავზე ჟაკლინი გაფანტული სკლეროზით დაავადდა.

ჟაკლინ დიუპრეს და დანიელ ბარენბოიმის ერთობლივი ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლე იყო: მეუღლის მძიმე დაავადების დაწყებისთანავე ბარენბოიმი, ფაქტობრივად, გასცილდა ჟაკლინს. მისი თანადგომა მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური დახმარებით შემოიფარგლებოდა. უნდა ითქვას, რომ თავის დროზე დიუპრე-ბარენბოიმის წყვილზე პრესაში ბევრი ინსინუაცია შეითხზა. არადა, ცხოვრება ინტიმური სფეროა და ოჯახური კოლიზიების საჯაროდ გარჩევა არაეთიკურად გამოიყურებოდა. მსმენელში ჟაკლინ დიუპრეს პიროვნება დღესდღეობით ერთადერთ ემოციას აღძრავს: ჯეკის საშემსრულებლო ოსტატობა განუმეორებელია.
XS
SM
MD
LG