Accessibility links

logo-print

საიანო შუშენსკის ავარია და დაღუპული წყალქვეშა ნავის აჩრდილი


საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგური ავარიის შემდეგ

საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგური ავარიის შემდეგ

პარასკევს გავრცელებული ცნობით, ორშაბათს რუსეთის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ექსტრემისტებმა იკისრეს. კრემლმა ამ მტკიცებას “იდიოტური” უწოდა. პრემიერი ვლადიმირ პუტინი ამ უდიდესი ავარიის მსხვერპლთ ძალიან ფართო კომპენსაციას ჰპირდება. მაგრამ ხმები, რომ სადღაც ჩარჩენილი გადარჩენილები კაკუნით ცდილობდნენ მაშველების ყურადღება მიეპყროთ, მთავრობა, რომელიც კატასტროფებს ცუდად აღჭურვილი ხვდება, მაშველების ნელი მოქმედება, ანუ ყველაფერი, რაც თან ახლდა საიანო შუშენსკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას, ხალხს 2000 წლის ამბავს, წყალქვეშა ნავ “კურსკის” დაღუპვის ტრაგედიას ახსენებს.

რუსეთის მთავრობაზე ზეწოლა, რომ გამოიძიოს, რა მოხდა ზუსტად ჰიდროელექტროსადგურზე, იზრდება. ორშაბათს რუსეთის ამ უდიდეს ელექტროსადგურზე ერთ-ერთი ჰიდროაგრეგატის სახურავი გაირღვა, მას მიჰყა კედლები და ტურბინების განყოფილება წყალმა გაავსო. 17 ადამიანი დაიღუპა, 58 დაკარგულია. მათი ნათესავები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, თქვან სიმართლე ავარიის შესახებ და კითხულობენ, როგორ ჩატარდა სამაშველო სამუშაოები. ჟურნალისტი, რომელმაც განგაში დასცა იმის თაობაზე, რომ ელექტროსადგურის შიგნით კვლავ იმყოფებოდნენ ადამიანები, დააკავეს. რუსეთის მედია იუწყება მიხაილ აფანასიევზე, საინტერნეტო გამოცემა “ნოვი ფოკუსის” მთავარ რედაქტორზე, რომელიც ქალაქ აბაკანის მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს. მას ბრალად დასდეს ცილისწამება, რომელიც ვითომ მიმართული იყო ელექტროსადგურის ხელმძღვანელობისა და მაშველთა სამსახურის წინააღმდეგ. სანამ დააკავებდნენ, აფანასიევმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ დადასტურებულია გადარჩენილთა ყოფნა ელექტროსადგურის ქვედა სათავსოებში და რომ მათი გადარჩენის შანსები, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მცირდება:

“ნათესავებისა და სადგურზე მომუშავეთა ინფორმაციით, იქ არიან ცოცხალი ადამიანები. გუშინ საღამომდე, 18 აგვისტოს საღამომდე, კაკუნის ხმა კიდევ ისმოდა. პროკურატურაში დამიბარეს და განმარტება მთხოვეს. მე მგონია, მინისტრის მოწოდება, დააკავონ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები, შეისმინეს.”

აფანასიევი მათ რიგებშიც იყო, ვინც ხელი მოაწერა ელექტრონულ წერილს, რომელშიც ხელისუფლებას ბრალად დასდეს ავარიის შესახებ ინფორმაციის დამალვა.

ხელისუფლება აცხადებდა, რომ მაშველები ეძებდნენ გადარჩენილებს ყინულივით ცივ წყალში, რომელმაც აავსო ელექტროსადგურის დიდი ნაწილი, მაგრამ, ოფიციალური ცნობებით, ვინმეს პოვნის იმედი ძალიან მცირე იყო. ლაპარაკმა ამ კაკუნზე, რითაც გადარჩენილები მაშველებს რაღაცას ამცნობდნენ, ყველას რუსეთში წყალქვეშა ნავის დაღუპვის ამბავი გაახსენა. 2000 წელს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა წყალქვეშა ნავი “კურსკი”, რომელზეც, დაუდგენელი მიზეზით, აფეთქება მოხდა. დაიხოცა ყველა, ეკიპაჟის 118 წევრი.

წყალქვეშა ნავი "კურსკი". მურსმანსკი, 1999 წ.
"კურსკის" ავარია პუტინისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური უკანსვლა იყო მისი არჩევიდან რამდენიმე თვეში. პუტინი გადაიღეს, შავ ზღვაზე მწვადებით როგორ უმასპინძლდებოდა სტუმრებს მაშინ, როცა სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ზოგიერთები ახლა ვარაუდობენ, რომ ეს ავარია პუტინ- მედვედევის ტანდემის პოლიტიკურ ვარდნას გამოიწვევს. მაგრამ ჯერ დაღუპულებისა და დაკარგულების ახლობელ-ნათესავთა ბრაზი ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ხაკასიის გუბერნატორ ვიქტორ ზიმინთან შეხვედრისას, დაკარგულების ნათესავებმა ელექტროსადგურის ხელმძღვანელობას და მთავრობას, მოგების მიზნით, უსაფრთხოების ხარჯების დაზოგვა დასდეს ბრალად. ავარიიდან მალევე, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შესაბამის უწყებებს მსგავსი რთული ვითარების დროს სწრაფი მოქმედებისა და ასეთი ავარიების თავიდან აცილების პასუხისმგებლობა დააკისრა. პრემიერ-მინისტრმა პუტინმა კი 20 აგვისტოს თქვა, საიანო შუშენსკიზე მომხდარმა ტრაგიკულმა ამბავმა აშკარად დაგვანახვა რამდენი რამის გაკეთება გვჭირდება, საერთოდ, ტექნიკური ობიექტების და, კერძოდ, ჰესების საიმედოობის ასამაღლებლადო. პარასკევს, მაშინ როცა ჩეჩნები ავრცელებდნენ ცნობას, ჩვენ ავაფეთქეთ ჰესიო, პუტინი ადგილზე ჩავიდა და დაზარალებულთა ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა. მისი თქმით, კომპანია ყველა მათგანს მილიონ რუბლს გამოუყოფს. ამას გარდა, “ფედერალური ბიუჯეტიდან დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გავუწევთ ერთი მილიონი დოლარის ოდენობით, დახმარებას მიიღებენ ასევე დაზარალებულთა ოჯახებიო.”

მანამდე კი ხაკასიის რეგიონში, სადაც საიანო შუშენსკის ჰესია, საგანგებო ვითარებათა მინისტრი სერგეი შოიგუ და ენერგეტიკის მინისტირი სერგეი შმატკო ჩავიდენენ. შმატკომ არ დაუმალა ჟურნალისტებს, რომ ხელისუფლება გაოცებულია აფეთქებით:

“ვითარება არა მარტო განსაკუთრებული, უნიკალურია. ეს ყველაზე მასშტაბური და აუხსნელი ავარიაა, რაც მსოფლიოში მომხდარა. ტურბინების სახურავი, რომელიც გასკდა, 800 ტონას იწონიდა. აქ უნდა იმუშაონ მართლაც ძალიან კარგმა ექსპერტებმა.”

შოიგუმ დაარწმუნა ხალხი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს გადარჩენილების მოსაძებნადო:

“შევამოწმეთ ყველაფერი - ლიფტების შახტები, ასევე ლიფტების კაბინები, კიბის უჯრედები. მეტიც, რეგულარულად ვატარებთ სახურავქვეშ არსებული სავენტილაციო სისტემის საშუალებით მოსმენის სამუშაოებს.”

საიანო შუშენსკის ჰიდრელექტროსადგური, რომელიც რეგიონის ალუმინის მრეწველობისთვის ელექტროენერგიის მთავარი წყაროა, 90-იან წლებში იქნა პრივატიზებული. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა და საბჭოთა კავშირის სიამაყე იყო. მას მერე, ანუ ავარიამდე, მისი ტურბინები არავის შეუმოწმებია. 1990-იან წლებში ელექტროსადგურის უსაფრთხოების შესახებ ალაპარაკდნენ. ახლა ჰესის დირექტორმა არ გამორიცხა, რომ ავარია ტურბინებში არსებულმა ბზარმა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG