Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მუშაობს ფოსტა საქართველოში


საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი დროიდან ცნობების სწრაფად გადაცემა შიკრიკთა და მალემსრბოლთა მეშვეობით ხორციელდებოდა, ორგანიზებული საფოსტო კავშირი კი საქართველოში მოგვიანებით, მე-19 საუკუნის პირველ წლებში, შეიქმნა. 1805 წლიდან, ანუ თბილისში პირველი საფოსტო კანტორის გახსნიდან, უკვე ორი საუკუნე გავიდა. შესაბამისად, ცხენიანი ესტაფეტების ნაცვლად, ფოსტის გადასატანად დღეს ზებგერითი თვითმფრინავები და ტრანსპორტის სხვა თანამედროვე საშუალებები გამოიყენება, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში ფოსტის მომსახურებით ძალიან ცოტა ადამიანი სარგებლობს, თავად „საქართველოს ფოსტა“ კი წაგებაზე მომუშავე კომერციული ორგანიზაციაა.

წერილის გასაგზავნად დღეს ფურცელი, კალამი და კონვერტი აუცილებელი აღარაა. ტექსტი კომპიუტერის ანდა, სულაც, ტელეფონის საშუალებით შეიძლება გაიგზავნოს.

ესეც ფოსტაა, ოღონდ ელექტრონული ფოსტა. არადა, სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ კომუნიკაციის ტრადიციულ საშუალებებს იყენებდა: მოსაკითხად წერილს გზავნიდა, ტრაგიკულ ამბებს კი ტელეგრამის, იმავე დეპეშის, საშუალებით ატყობინებდა.

ნაწყვეტი კინოფილმიდან: „დეპეშაო! დიდუუ, მიშველეთ, მეზობლებო, დეპეშა მომივიდა! „

გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებული ფილმის, „იმერული ესკიზების“, მთავარი პერსონაჟის მსგავსად, დეპეშის მიღებას საქარათველოში დღესაც ბევრი შეიცხადებდა, თუმცა სულ სხვა მიზეზით - გაოცების გამო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ მხოლოდ 1,2 საფოსტო გზავნილი მოდის. იმაში დარწმუნება, რომ ფოსტის მომსახურებით თბილისელები იშვიათად სარგებლობენ, რთული არაა. 65 წლის ბატონ ნიკოლოზს რადიო თავისუფლება რუსთაველის გამზირზე გამოელაპარაკა:

„წერილი ბოლოს როდის მივიღე, აღარც კი მახსოვს. დიდი ხნის წინ იყო, ერთი 20 წლის წინ. მგონი, დედაჩემმა გამომიგზავნა. კიდევ არსებოს თუ არა ფოსტა, ეგეც კი არ ვიცი. დასაკავშირებლად მობილურ ტელეფონს ვიყენებ.“

მობილურმა ტელეფონმა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებმა ფოსტის მოქმედების არეალი, მართლაც, მკვეთრად შეამცირა. ეკონომიკის ექსპერტი დავით ებრალიძე ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არც არაფერია:

„ფოსტა ახლა, ძირითადად, გამოიყენება ეგრეთ წოდებული ოფიციალური კავშირისათვის. კანონი ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებს ფოსტით სარგებლობას ავალდებულებს. მოქალაქეთა ყოფა-ცხოვრებაში ფოსტა ადრინდელ, მნიშვნელოვან ადგილს ვეღარ დაიჭერს, მაგრამ მისი არსებობა აუცილებელია. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მის ფუნქციონირებაზე.“

ფოსტაზე ზრუნვა, რის შესახებაც დავით ებრალიძე ლაპარაკობდა, კანონით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ევალება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, „საქართველოს ფოსტის“, 100 პროცენტიანი დამფუძნებელი სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტია. მინისტრი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ საწარმო წაგებაზე მუშაობს, თუმცა სხვა არაერთი ხინჯიც აქვს. მისი თქმით, სერვისი კატასტროფულია, მენეჯმენტი კი - ძალიან მძიმე და რთული.

„საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირება, რისი საშუალებაც სახელმწიფოს პრაქტიკულად არ აქვს“, განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ფოსტის მდგომარეობას, გარკვეულწილად, საკანონმდებლო ბაზის სიმწირეც განაპირობებს. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ახალაია ამბობს, რომ საქართველოში ფოსტის მუშაობა კანონით არ რეგულირდება. კანონი „ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების შესახებ“ ორიოდე წლის წინ შეცვალა კანონმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომელშიც, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, არაფერია ნათქვამი ფოსტაზე.

„ფოსტა ჰაერშია გამოკიდებული“, მიიჩნევს ახალაია. ხარვეზის გამოსწორებას დეპარტამენტი უახლოეს მომავალში აპირებს. ახალი კანონის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით იმუშავებს ერთი ეროვნული ოპერატორი, რომელიც უნივერსალურ მომსახურებას განახორციელებს.

გიორგი ახალაია: „ვთქვათ, თბილისში ერთი უბნიდან რომ ვაგზავნით მეორეში წერილს, ასეთი წერილის თვითღირებულება, დაახლოებით, 50 თეთრია, მაგრამ თუ ბებია უშგულიდან წერილს გამოგვიგზავნის, მაშინ მისი თვითღირებულება, დაახლოებით, 10 ლარამდე გაიზრდება. ბებიას ამდენი ფული შეიძლება არ ჰქონდეს. რა ქნას, არ გამომიგზავნოს წერილი? უნივერსალური მომსახურება გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეროვნულმა ოპერატორმა შეღავათიან ფასებში უნდა განახორციელოს მომსახურება.“

გიორგი ახალაიას თქმით, ზარალის ასანაზღაურებლად ეროვნული ოპერატორი, სხვებთან შედარებით, გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებს, მაგალითად, გამოუშვებს და გაყიდის საფოსტო მარკებს, თუმცა „საქართველოს ფოსტის“ ექსპლუატაციის დირექტორი მალხაზ ფერაძე ამბობს, რომ მდგომარეობას ფოსტით სარგებლობის კულტურის აღორძინება თუ გამოასწორებს, რისი წინაპირობაც უკვე არსებობს:

„ბევრი ქართველი გასულია საზღვარგარეთ, საიდანაც შინ ამანათებს აგზავნის. ეს ხალხი მიეჩვია იმას, რომ საზღვარგარეთ აწყობილია საფოსტო მომსახურება და ამასვე ითხოვენ საქართველოშიც. ჩვენი ტარიფები ძალიან დაბალია: საქართველოს შიგნით წერილის გაგზავნა 1 ლარი ღირს, შეკვეთილი წერილისა კი - 1,2 ლარი. საზღვარგარეთ - მაგალითად, აშშ-ში - წერილის გაგზავნა 5 ლარამდე ღირს. ასევე დაბალია ტარიფები ამანათების გაგზავნაზე. იმავე ამერიკაში 1 კგ წონის ამანათის გაგზავნა 32-35 ლარი ღირს.“

მალხაზ ფერაძე მიიჩნევს, რომ ფოსტის დინამიკური განვითარებისთვის საჭიროა კერძო ინვესტიცია, რომლის მოსაზიდად „საქართველოს ფოსტა“ კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს.

„ამის პრეცედენტები უკვე არის ევროპაში. ჰოლანდიის ფოსტა შეისყიდა TNT-მ, ავსტრალიურმა გადამზიდავმა კომპანიამ, და დღეს იგი ერთ-ერთი უმდიდრესი ორგანიზაციაა მსოფლიოში. იგივე მოხდა დანიის, ავსტრიის ფოსტაში. საქართველოში სახელმწიფომ ფოსტის ნაწილი რომ დაიტოვოს საკუთრებაში, ამას აზრი არ აქვს, ვინაიდან ინვესტორი აიღებს ვალდებულებას და არა მარტო იყიდის ფოსტას, არამედ განვითარებისთვისაც ჩადებს ინვესტიციას, რათა ფოსტის მომსახურების დონემ ევროპულს მიაღწიოს“, უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ ფერაძემ.

უნდა ითქვას, რომ საფოსტო მომსახურების მაღალი, ევროპული დონე საქართველოში არც არასოდეს ყოფილა. 1879 წელს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხი სტატიაში ”უპოჩტობა” წერდა: „ოღონდ კი იყოს ფოჩტა, ოღონდ კი შეიძლებოდეს ფოჩტის დროზე და რიგიანად წიგნებისა და გაზეთების მიღება და მომეტებულ ხარჯს უეჭველია არავინ დაზოგავს”. ფოსტის აღორძინების იმედს არ კარგავს 65 წლის ბატონი ნიკოლოზიც, რომელსაც იმედი აქვს, რომ, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაცვლად, სულ მალე ამანათებსა და წერილებს კვლავინდებურად ფოსტალიონები დაარიგებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG