ლიბიის ლიდერი, მოამარ კადაფი ამბობს, რომ გაუმჯობესდება ლიბიის კავშირები ბრიტანეთთან, იმის გამო, რომ შოტლანდიამ რამდენიმე დღის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლა 1988 წელს ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქებაში ბრალდებული ლიბიელი, აბდელ ბასეთ ალ-მეგრაჰი. ლიბიის სახელმწიფო მედიით გავრცელდა კადაფის განცხადება, რომელშიც ის დადებითად საუბრობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნსა და დედოფალ ელისაბედზე, და აცხადებს, რომ შოტლანდიის მთავრობას ალ-მეგრაჰის გათავისუფლებისკენ მათ უბიძგეს. ბრიტანეთის ხელისუფლება კი ამბობს, რომ ალ-მეგრაჰის გათავისუფლების გადაწყვეტილება შოტლანდიის მთავრობამ დამოუკიდებლად, თანაგრძნობის მოტივით მიიღო. ალ-მეგრაჰის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ის კიბოთი სასიკვდილოდაა ავად . ლიბიის უშიშროების ყოფილი აგენტი ალ-მეგრაჰი 1988 წელს ლოკერბის თავზე ამერიკული თვითმფრინავის აფეთქებაშია ბრალდებული. აფეთქების შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა - უმრავლესობა ამერიკის მოქალაქე იყო. თეთრმა სახლმა სინანული გამოთქვა ალ-მეგრაჰის განთავისუფლების გამო.
ყველაზე პოპულარული
1