Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვინაობა ორი კვირის მანძილზე გაირკვევა


საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა
ვინ გახდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი? ეს კითხვა ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ უმალვე გაჩნდა. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ჟვანიას შემცვლელი არ დაუსახელებია, არც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იჩქარა ახალი მინისტრის ვინაობის გამხელა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებასა და პრესაში აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა კანდიდატურას.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრის კანდიდატურა პრეზიდენტს 2 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს. თუ ადრე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს პარლამენტი ამტკიცებდა, ამჯერად მხოლოდ ერთი მინისტრის შეცვლას საპარლამენტო მანდატი აღარ ესაჭიროება.

პრემიერ- მინისტრის მიერ ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან განთავისუფლებისთანავე გამოითქვა სხვადასხვა ვერსია ახალი მინისტრის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვერსიით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე ესპანეთში საქართველოს ელჩის ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა განიხილება. სულ სხვა კანდიდატურებზე საუბრობენ პრესაში. მაგალითად, გაზეთი „რეზონანსი“ ფიქრობს, რომ საქმე შეიძლება მთლიანად მთავრობის შეცვლამდეც მივიდეს და პრემიერ-მინისტრიც გამოიცვალოს. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელობას დავით ტყეშელაშვილს უწინასწარმეტყველებენ.

ამ ვარაუდების გამოთქმის მიზეზად ის იქცა, რომ მმართველ გუნდს და პრეზიდენტ სააკაშვილს სიტყვაც არ დასცდენია ლაშა ჟვანიას შემცვლელის შესახებ. სააკაშვილის განცხადებიდან არც ის ჩანდა, რომ ის მინისტრთა კაბინეტის შეცვლას აპირებს:
„მე ვფიქრობ, რომ სამთავრობო გუნდმა, მთლიანობაში, აქამდე ძალიან კარგად გაუძლო მსოფლიო ეკონომიკურ შტორმს, თუმცა ეს არ არის დასრულებული. ამიტომ საჭიროა გუნდური მუშაობა, შეთანხმება და, ამ მხრივ, საქართველოს მთავრობას აქვს ჩემი და, მე ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.“
პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ შეუძლებელია მთლიანად კმაყოფილი იყოს მინისტრთა კაბინეტის მუშაობის და რომ არსებულ ხარვეზებს რეაგირება და გამოსწორება სჭირდება. მათზე ნიკა გილაურმა ისაუბრაო, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან განთავისუფლებისას პრემიერ–მინისტრმა მართლაც ილაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიზეზად იქცა. ესაა საერთაშორისო ინვესტიციების დაბალი დონე და პრივატიზაციის გეგმის შეუსრულებლობა.

ნიკა გილაურმა შენიშვნები მისცა ჯანდაცვისა და კულტურის სამინისტროებს და არაფერი უთქვამს ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის შესახებ, რომელმაც რამდენიმე თვის საგადასახადო შემოსავლების გეგმა ვერ შეასრულა. ეკონომიკის ექსპერტი დავით ებრალიძე ვარაუდოს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბაინდურაშვილი, ჟვანიასგან განსხვავებით, მხოლოდ თანაგუნდელობის გამო დაინდო.

დავით ებრალიძე, ისევე როგორც ბევრი სხვა ექსპერტი, ფიქრობს, რომ მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის შეცვლით ვერ მოგვარდება საქართველოს ეკონომიკაში დაგროვილი ყველა პრობლემა. ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრის ვინაობა კი მომდევნო ორი კვირის მანძილზე გაირკვევა.
XS
SM
MD
LG