Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ


საქართველოს შესახებ დასავლეთის პრესაში სტატიები ამ კვირაშიც დაიწერა. თემები მსგავსია - საქართველო და დიდი საერთაშორისო პოლიტიკა, საკითხები კი - მრავალფეროვანი, დაწყებული რუსი ჰაკერების ომით და დამთავრებული ოსი ნაციონალისტებით.

“უოლ სტრიტ ჯორნალი” კვირის დასაწყისში იუწყებოდა, რომ რუსეთის ჰაკერებმა შარშან, ავგისტოს ომის დროს, საქართველოს საინტერნეტო სივრცეზე კიბერთავდასხმისას ამერიკული, მითვისებული, სოფტვერული იარაღი გამოიყენეს. ამას, გაზეთის მიხედვით, დაასკვნის “კიბერგავლენის კავშირის” ფონდი, რომლის თანახმადაც, მართალია, საქართველოზე მაშინდელი ჰაკერული თავდასხმები გამოიძიეს, მაგრამ აშშ-თან მისი კავშირები მაინც უცნობი დარჩა. ახლა, როგორც გაირკვა, თავდასხმაში მონაწილე 10 საიტი რუსეთსა და თურქეთში ყოფილა რეგისტრირებული; 9 საიტი რეგისტრირებული ყოფილა აშშ-ის მოქალაქეებისგან მოპარული პირადი მონაცემებით და საკრედიტო ბარათების ნომრებით. იქვეა ნათქვამი, რომ საქართველოზე თავდასხმის კოორდინირება ხდებოდა აშშ-ის სოციალური ქსელების ფეისბუკის და ტვიტერის საშუალებით.
იარაღს და ომს შეეხება “სტრატფორდ კომენტარის” მიერ გამოქვეყნებული წერილი, სათაურით: “რუსეთის გავლენის სფეროში შეჭრა”, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობასა და რუსეთის წინააღმდეგობას ეხება. აშშ, წაიკითხავთ სტატიაში, აპირებს გააგრძელოს საქართველოს არმიის წვრთნა ავღანეთში გასაგზავნად. აშშ ირწმუნება, რომ წვრთნა მხოლოდ ავღანეთში გასაგზავნ ჯარს ეხება და არ გულისხმობს საქართვლოსთვის იარაღის მიცემას. რუსეთი მძაფრად ეწინააღმდეგება სამხედრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის და მოსკოვს, წერს გამოცემა, სხვა არჩევანი აღარ ექნება, თუ არა უპასუხოს მისი გავლენის სფეროში ჩარევას. უკვე უპასუხებს კიდეც, წაიკითხვათ სტატიაში, იმით, რომ აჩვენებს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს ახალი შეჭრა. მაგრამ რუსებს მხოლოდ საქართველოს გამო არ უწევთ პასუხის გაცემა. მათ უნდა უპასუხონ აშშ-ის მხრიდან მუდმივ იგნორირებას იმ ფაქტისა, რომ რუსეთმა დიდი სახელმწიფოს სტატუსი დაიბრუნა. ნიშანდობლივია საქართველოში აშშ-ის წინააღმდეგ ქმედება, მაგრამ რუსეთმა ადრეც აჩვენა, რომ მას ეთქმის სიტყვა ამ რეგიონში. “სტრატფორდის თანახმად”, რუსეთს შეუძლია აშშ-ის წინააღმდეგ იმოქმედოს სხვა არეალებშიც, როგორიცაა, ირანი და ევროპა. მაგრამ ერთი რამ ცხადია: მოსკოვი გააგრძელებს საქართველოზე ზეწოლას.
ციურიხშია დაფუძნებული “საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების ქსელი”, რომლისთვისაც ცხინვალიდან რეპორტაჟი მოამზადა ბენ იუდაჰმა. თავიდანვე ნაციონალისტად წარუდგენს იუდაჰი მკითხველს სამხრეთელ ოს თავდაცვის მინისტრს, იური ტანაევს, რომელიც მას ისტორიის მოშველიებით განუმარტავს საქართველოში მცხოვრები ოსებისა და ქართველების დამოკიდებულებას. ტანაევის თანახმად, ქართველებს ყოველთვის სურდათ კაკასიონის სამხრეთ კალთებზე ოსების ამოძირკვაო. იუდაჰი აღწერს თავის შეხვედრებს კოლორიტულ პირებთან ცხინვალში, სადაც ის მოწმე ხდება, თუ როგორ მოიხმარენ ახლა იქ გამაგრებული პირები საქართველოს არმიის ქონებას.

“ინტერნეიშნელ ჰერალდ ტრიბიუნი” წერს მედვედევის მესიჯზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას გაუგზავნა. სტატიაში, სხვათა შორის, წერია, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ახლანდელი ურთიერთობა ბევრს ომამდელ, ერთი წლის წინანდელ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას მოაგონებს. მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა, წერს გაზეთი, იმდენად დიდხანს იყო ცუდი და დაძაბული, რომ საქმესთან დაახლოებული მეთვალყურეებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა ომის დაწყება. და “ინტერნეიშნელ ჰერალდ ტრიბიუნი” შეკითხვებს სვამს: ვინ იწინასწარმეტყველებდა, რომ საქართველოს მცირე არმია რუსეთის არმიას დაუწყებდა ომს? რუსეთი, საყოველთაოდ მიღებული აზრის თანახმად, თავს არ უნდა დასხმოდა საქართველოს, დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების შიშით. მედვედევის წერილი ისე ხომ არ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთს მოთმინების ფიალა ევსება და ემზადება რადიკალური ნაბიჯისთვის, დაეპატრონოს ყირიმის ნახევარკუნძულს?

ბრიტანეთის გაზეთ “გარდიანის” ავტორი სტენლი კობერი გავლენის სფეროების გარშემო წერს და ამბობს, რომ მართალია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საქართველოსა და უკრაინაში ბოლო მოგზაურობისას განაცხადა, აშშ არ აღიარებს გავლენის სფეროებსო, ეს პოზიცია მაინც არარეალისტურიაო. მას მოჰყავს მექსიკის, ადრე კუბის გამო დაპირისპირების, თურქეთის ამ საქმეში გარევის მაგილითები და წერს, რომ გავლენის სფეროებს სახელმწიფოების მეზობლობა განსაზღვრავს. როცა საქართველო და უკრაინა რუსეთს უპირისპირდებიან, ამერიკას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია, წერს “გარდიანი”. არსებობს გეოგრაფიული რეალობა, რომელთანაც სამხედრო ტექნოლოგია უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ისინი რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ კი შორსაა. აშშ განაგძობს დაპირებების მიცემას, წერს კობერი სტატიის ბოლოს, და ხალხს სჯერა მისი. მაგრამ როცა პრობლემები გაუჩნდებათ, გაუკვირდებათ, რატომ არ ეხმარება მათ აშშ. “გარდიანის” სტატია ასე მთავრდება: “დროა ვიყოთ გულწრფელი ამერიკელების მიმართ და მათ მიმართაც, ვინც მათ დაპირებებზეა დამოკიდებული.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG