Accessibility links

მიმდინარე კვირის პირველივე დღეებიდან პრესა უკვე წერდა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ საქართველოს მთავრობაში.

ორშაბათს “მთელი კვირა” წერდა, რომ ცვლილებები პრაქტიკულად ყველა სამინისტროს შეეხება, შსს-ს გარდა, და აზუსტებდა:

“პირველი ცვლილება ეხება თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძეს, რომელმაც, რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროს ცნობით, უკვე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, მის ადგილს საგარეო დაზვერვის ახლანდელი ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი დაიკავებს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, თავდაცვას იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუკი არ იქნება ბაჩო ახალაია. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება ახლანდელი კულტურის მინისტრის ნიკა რურუას კანდიდატურაც. ცვლილება შეეხება საგარეო უწყებასაც. საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ამ თანამდებობაზე მისივე მოადგილე გიგა ბოკერია შეცვლის ...” - წერს გაზეთი და განაგრძობს:

”ცვლილება შეეხება გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს, რომელიც, სავარაუდოდ, დიპლომატიურ სამსახურში გადადის, მის ადგილს კი შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი დაიკავებს. კულუარებში უკვე ლპარაკობენ, რომ შეიცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა აშშ-ში იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიება სუბელიანს დევნილების თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის ედავება. გარდა ამისა, იგეგმება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანება, რომლის ხელმძღვანელად დავით ტყეშელაშვილის კანდიდატურა განიხილება. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრ ლაშა ჟვანიას, კულუარული ინფორმაციით, ის კვლავ დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლებს. საკადრო ცვლილება შეეხება ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს. ჩვენი ინფორმაციით, მის ადგილს სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია დაიკავებს“, - წერდა ორშაბათს „მთელი კვირა“. ახალი საკადრო კარუსელის დატრიალების თარიღად კი სექტემბერს ასახელებენო, - ვარაუდობდა გაზეთი.
მაგრამ ცვლილებები გაცილებით ადრე დაიწყო და უკვე კვირის ბოლოს პრესა ამ ცვლილებების მიზეზებს აანალიზებდა.

“საკმაოდ დიდი ხანია საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრ ლაშა ჟვანიას შორის დაპირისპირებაა. ... გუშინ აქამდე დაფარული სააშკარაოზე გამოვიდა და ჟვანიაც ალაპარაკდა”, - წერს “ახალი თაობა” შაბათს სტატიაში, სათაურით „ვის ამბიციებს შეეწირა ლაშა ჟვანია“.

„რეზონანსი“ ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტს ლადო პაპავას ესაუბრა:

“მთავარი არის იდეოლოგიური განსხვავება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დამოუკიდებელი პირი. ის არის ბენდუქიძის ხელქვეითი. არ ვიცი, მისი მხრიდან ხდება ეს ქვეცნობიერად თუ გაცნობიერებულად, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. ის არის ბენდუქიძის გუნდის წევრი. ბენდუქიძისთვის კი მიუღებელი იყო ის თემები, რაც ჟვანიამ წამოსწია. მხედველობაში მაქვს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება და ამისთვის ქართულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გატარება. იმასაც შეგახსენებთ, რომ როგორც კი ჟვანია მინისტრად დაინიშნა, მან მოხსნა ორი მოადგილე, რომლებიც ბენდუქიძის გუნდის აქტიური წევრები იყვნენ და შემდეგ ეს ორივე გილაურმა თავის მრჩევლებად დანიშნა, რითაც, ფაქტობრივად, დაუპირისპირდა ლაშა ჟვანიას“, - ამბობს ლადო პაპავა და დასძენს: „ცუდი ის არის, რომ იგი მოხსნეს და მან თვითონ ვერ იგრძნო, რომ მის მიერ დაწყებული საქმე - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება - იყო მიუღწევადი და თვითონ ვერ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. როგორც ჩანს, იგი მაინც ელოდება გარკვეულ თანამდებობას დიპლომატიურ სამსახურში და ამიტომ არ წავიდა ღია დაპირისპირებაზე.”
ლადო პაპავას „ალიაც“ ესაუბრა. ”ბენდუქიძემ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქვეყანაში ბენდუქიზმის ეკონომიკური პოლიტიკა გრძელდება”, უთხრა მან „ალიას“.

ამავე პუბლიკაციაში კი ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ერთგვარ სიახლეზე ისაუბრა საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით. “სიახლე იმაში გამოიხატება, რომ სახელდება მინისტრის გადაყენების კონკრეტული მიზეზი. ის არც სასწავლებლად მიდის, არც რამე დაავადებითაა გათანგული. მას თურმე დაჰკლებია კოორდინების უნარი სხვადასხვა სამინისტროებთან“, - უთხრა სოსო ცისკარიშვილმა „ალიას“ და დასძინა:“თუმცა ასეთი შედეგის მოლოდინი უკვე რამდენიმე თვეა არსებობს საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის, რადგან, სრულიად მკაფიოდ, ბატონი ლაშა ჟვანია გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმ პროცესებზე, რაც მას მემკვიდრეობით დახვდა ველური ბენდუნომიკის პერიოდიდან.” - შემდეგ ექსპერტი ასევე საუბრობს კახა ბენდუქიძის როლზე ამ საქმეში და, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებაში:

”როდესაც მან (იგულისხმება ჟვანია) ბენდუქიძის ორი ფავორიტი მოიშორა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და დღის ბოლომდე ორივე ადამიანი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, ამ საკითხს მაშინ წყვეტდა კანცელარიის ახლად გამომცხვარი გამგე, ბატონი ბენდუქიძე. შესაბამისად, ფუნქციები ამ ადამიანებს იმდენად გაუზარდეს, რომ მთავრობის სხდომებს ამზადებენ სწორედ ბენდუქიძის კადრები, დაწუნებული ჟვანიას მიერ. ესეც არ იკმარა ბატონმა ჟვანიამ და გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ანტიმონოპოლიური სამსახური. ამის საშუალებას მას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ბენდუქიძე. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ბატონი გილაური, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად დამოუკიდებელი აზროვნების მქონე და საინტერესო ეკონომიკური ხედვის მაღალი რანგის ჩინოვნიკი, აღმოჩნდა, უბრალოდ, ბენდუქიძის საძმოს ლიდერობისთვის ბრძოლის მსურველი, რადგან შესანიშნავად აცნობიერებს ბენდუქიძის, როგორც ფენომენის, უკვდავებას დღევანდელი ხელისუფლების ცნობიერების პერსპექტივაში”, - ვკითხულობთ „ალიას“ შაბათის ნომერში.
XS
SM
MD
LG