Accessibility links

logo-print
25 აგვისტოს საფრანგეთი ცნობილი მწერლის, გონკურების პრემიის ლაურეატის დომინიკ ფერნანდესის დაბადების 80 წლისთავს აღნიშნავს. ფერნანდესის წიგნები პიერ-პაოლო პაზოლინიზე, პეტრე ჩაიკოვსკიზე, სერგეი ეიზენშტეინზე ჩვენშიც პოპულარულია. 90-იანი წლების მიწურულს მწერალმა საქართველოში იმოგზაურა და მწერალთა კავშირში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა ჟანრზე, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებლადაც ითვლება ლიტერატურულ და მხატვრულ კრიტიკაში - ”ფსიქობიოგრაფიაზე”...

90-იან წლებში სერვანტესის დაბადების 450-ე წლისთავს გამომცემლობა ”სეიმ” მიუძღვნა ”დონ-კიხოტის” ახალი გამოცემა, რომელშიც პოპულარული ფრანგი მწერლის, დომინიკ ფერნანდესის, შესავალი უნდა ყოფილიყო ჩართული. მაგრამ გამომცემლობამ კატეგორიული უარი თქვა ამ ტექსტის დაბეჭდვაზე: ფერნანდესი ამტკიცებდა, რომ სერვანტესი ჰომოსექსუალი იყო და რომ დონ-კიხოტის დულსინეასადმი გამოხატული გრძნობები არაა ჰეტეროსექსუალის გრძნობები, რადგან დონ-კიხოტს დულსინეა მხოლოდ დისტანციიდან უყვარს და როგორც კი უახლოვდება, გულისრევა ეწყება... ისე კი, ესპანურ გამომცემლობას უნდა სცოდნოდა, ვის უკვეთდა წიგნის შესავალს - დომინიკ ფერნანდესმა ხომ სახელი გაითქვა სწორედ სკანდალური ტექსტებით, განსაკუთრებით ჰომოსექსუალურ თემაზე. მისი წიგნი ”სერგეი ეიზენშტეინი” ევროპაში პირველი სერიოზული ნაშრომია, რომელიც ამტკიცებს, ”ჯავშნოსანი პოტიომკინის” ავტორი ჰომოსექსუალი იყო და თავის დათრგუნულ ვნებებზე ააგო მთელი შემოქმედებაო: გააზვიადა მონტაჟის როლი, ე.ი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორი კადრის შეჯახებას... როგორც თავად ამბობდა, ”მიჯნურებივით შეჯახებას” - იმას, რაც თავად აკლდა ცხოვრებაშიო.

ასეთივე რაკურსით განიხილავს ფერნანდესი პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედებას. თუმცა წიგნები პაზოლინიზე, ეიზენშტეინზე, ჩაიკოვსკიზე არაა ფსიქოანალიტიკური რომანები. თბილისში გამართულ შეხვედრაზე ფერნანდესმა აღნიშნა, რომ იგი წერს ”ფსიქობიოგრაფიებს”, ხოლო ანალიზის თავისუფლებას მკითხველს უტოვებს. ფერნანდესი გვიამბობს:

”მამაჩემი მწერალი იყო, მარსელ პრუსტთან მეგობრობდა, მალროსთან, ჟიდთან... წერდა მათ შესახებ. სამწუხაროდ, 40-იანი წლების დასაწყისში კოლაბორაციონისტი გახდა... არადა, 1934 წელს კომუნისტი იყო და არაგონთან მეგობრობდა. გესმით, ალბათ, რაოდენ უხერხული იყო 1944- 45 წლებში კოლაბორაციონისტის შვილად ყოფნა... დღემდე ვერ გამიგია, ეს განათლებული, ნიჭიერი კაცი, უფრო სემიტი, ვიდრე ანტისემიტი, როგორ გახდა კოლაბორაციონისტი.”

ფერნანდესის ბიოგრაფია, ამ მხრივ, პაზოლინისას ჰგავს. იმასაც ფაშისტი ჰყავდა მამა და, მამისგან გამიჯნული, ისიც კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა დედას. მაშინ, როცა დომინიკ ფერნანდესის მამა გერმანიაში ჰებელსს ხვდებოდა, დედამისი წინააღმდეგობის მოძრაობას ეხმარებოდა.

დომინიკ ფერნანდესი არ მალავს, რომ თავის ფსიქობიოგრაფიებს თავისივე მონათესავე სულებზე წერს. ამიტომაც უყვარს მოგზაურობა - მონათესავე სულების ძებნაში შემოვლილი აქვს თითქმის მთელი მსოფლიო. 90-იანი წლების მიწურულს მან რუსეთში, მერე კი საქართველოში იმოგზაურა... ორი წლის წინ კი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით ”რუსეთში შეყვარებულთა ლექსიკონი” - ახლა უკვე რუსეთის ”ფსიქობიოგრაფია”, რომელიც არა მარტო რუსეთისადმი სიყვარულის ახსნაა, არამედ საბჭოთა კავშირის იდიალიზაციაც. ფერნანდესი, მაგალითად, წერს, რომ საბჭოთა სინამდვილის უდიდესი მონაპოვარი კულტურის ”სიიაფეა”, რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ ჰქონდა კულტურას - ოპერას, ბალეტს, სერიოზულ ლიტერატურას - ელიტარული ხასიათი, რომ კულტურა ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი.

სხვათა შორის, არც თავად ფერნანდესის რომანებია ელიტარული. რაც დრო გადის, გონკურების და კიდევ მრავალი სხვა პრემიის ლაურეატის სტილი ზედაპირული ხდება. ამიტომაცაა, რომ მისი წიგნები, მისი ფსიქობიოგრაფიები ისევ ძალიან კარგად იყიდება დასავლეთში.
XS
SM
MD
LG