Accessibility links

logo-print
უკანასკნელ ხანს ქართულ მედიაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ცნობები შემოდგომაზე მორიგი სამთავრობო კარუსელის დატრიალების შესახებ. მოსალოდნელი ცვლილებების ერთგვარი პრელუდია 21 აგვისტოს გაიმართა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, არადამაკმაყოფილებელი და მთავრობასთან არაკოორდინირებული მუშაობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლა ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია.

ე.წ. მედია-პრელუდია ეკონომიკის განვითარების მინისტრის ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებასაც უძღოდა წინ. ეს იყო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს შორის არსებული განხეთქილების შესახებ გასული სიუჟეტი,რომელიც სწორედ იმის სიგნალი აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის განვითარების სამინისტროში საკადრო ცვლილება მზადდებოდა.

„უკმაყოფილო ვარ ეკონომიკის მინისტრის მუშაობით და მას მოუწევს თანამდებობიდან წასვლა,“ განაცხადა 21 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელმაც ლაშა ჟვანიას შემცვლელის კანდიდატურა პრეზიდენტს, კანონით, ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს. თუმცა მომავალი მინისტრის ვინაობის პროგნოზირებაზე აქტუალური ახლა ისაა, რა გახდა ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. ნიკა გილაურის თქმით, სამინისტრომ ხელი შეუშალა ჰესების მშენებლობის დროულად დაწყებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოებას, ვერ შეძლო საპრივატიზაციოდ გამზადებული ობიექტების გაყიდვა და ინვესტორებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა.ბრალდების პასუხად, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ პრივატიზების წლიური გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული:

„ციფრებში გეტყვით ამას: პრივატიზაციის წლიური გეგმა გახლდათ 76 მილიონი ლარი, უკვე 7 თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ პრივატიზაციის საშუალებით, მხოლოდ ცენტრალური აპარატის მუშაობის შედეგად, შემოსულია 117 მილიონი ლარი.“

ლაშა ჟვანია
ლაშა ჟვანია აღნიშნავს იმასაც, რომ მას კონცეპტუალური დაპირისპირება ჰქონდა იმ გუნდთან, რომელიც კახა ბენდუქიძის გუნდადაა ცნობილი. შესაბამისად, იგი ნიკა გილაურს სუსტ პრემიერ-მინისტრს უწოდებს, ოპოზიციაში გადასვლას არ აპირებს და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად რჩება. “ლაშა ჟვანია დასაკარგი კადრი არ არის, ის ნიჭიერი და სასარგებლო ადამიანია“, - აღნიშნა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც, როგორც ჩანს, არც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგია:

“პრემიერ-მინისტრს აქვს სრული ავტონომია საკადრო საკითხების გადაწყვეტისას. როცა საკითხი ეხება ეკონომიკას, აზრთა სხვადასხვაობა სრულიად ბუნებრივია, კამათი მიდის ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, ჯობია არ მივიდეს იქამდე, რომ ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე, მაგრამ როცა ასეთი საკითხია, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს აქვს ავტონომია.“

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური შტორმის პირობებში როგორც არასდროს, გუნდური, შეთანხმებული მუშაობაა საჭირო და საქართველოს მთავრობა ასეთ პირობებში მისი და საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.

ის, რასაც გასულ წელს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მართლაც ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, იყო საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლა, რაც სწორედ გასულ კვირაში, 18 აგვისტოს, გაფორმდა ოფიციალურად. საქართველო დსთ-ს წევრი აღარ არის, თუმცა ადასტურებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გაერთიანების წევრ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების - მათ შორის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების -პატივისცემის საფუძველზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განმარტებით, ვენის 1969 წლის კონვენციის თანახმად, დსთ-ს ფარგლებში საქართველო მრავალმხრივი ხელშეკრულებების მონაწილე ქვეყნად რჩება, ძალაშია ასევე მთელი რიგი ხელშეკრულებები:

„მათ შორის ისეთი, როგორიც არის დსთ-ს წევრი ქვეყნის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა ერთმანეთის ქვეყნებში, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე ხელშეკრულება სისხლის სამართლის საკითხებში თანამშრომლობის თაობაზე და სხვა, სულ 75-მდე, ასეთი ხელშეკრულება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა მზად არის დსთ-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში გააგრძელოს კეთილმეზობლური, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა, ერთმანეთის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრის ურღვეობის პრინციპის დაცვითა და ორმხრივი პატივისცემის გათვალისწინებით,“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.

საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემადგენლობიდან გამოსვლის დღესვე, 18 აგვისტოს, შევიდა ძალაში ცვლილებები სამ კანონში - შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებების ამოქმედება, დსთ-ს შემადგენლობიდან გამოსვლისაგან განსხვავებით, ნამდვილად არ წარმოადგენს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთსულოვანი მხარდაჭერისა და მოწონების საგანს. ცვლილებებით იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება და ტრანსპორტის მოძრაობისათვის ხელის შეშლა, პოლიციას უკანონდება არალეტალური იარაღის გამოყენების უფლება, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ზედა ზღვარი და სხვ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი დაკანონებულ ცვლილებებში ყველაზე საგანგაშოდ სწორედ ამ უკანასკნელს მიიჩნევს:

თამარ ხიდაშელი
“მე ბოლომდე მჯეროდა, რომ 90 დღიან პატიმრობას საქართველოს პარლამენტი არ დაეთანხმებოდა... რატომღაც ამის მოლოდინი მქონდა. თუმცა ეს ცვლილება მაინც გავიდა. ჩემი ორგანიზაციის გარდა, მიუღებელი იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა და საელჩოს წარმომადგენელთათვის, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ. ყველა აღნიშნავდა, რომ 90 დღიანი პატიმრობა არის ზედმეტად მკაცრი სასჯელი.“

თამარ ხიდაშელის ჩამონათვალში არ არის ოპოზიციური სპექტრი საქართველოში მოქმედი პარტიების, რომელთა შეფასებითაც, ცვლილებები დემოკრატიის განვითარების გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია. ოპოზიციურმა პარტიებმა მანიფესტაციებისა და აქციების მოწყობის წესში საკანონმდებლო ცვლილებები უკვე სავალდებულო ცნობად მიიღეს და მთელი კვირა პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მოლოდინში გალიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპოზიციის ერთი ნაწილისა და სამინისტროს პასუხისმგებელი პირების შეხვედრიდან გასული ერთი კვირის თავზე ვითარება პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ზურაბ აბაშიძემ შემდეგნაირად შეაფასა:

“ზოგ მათგანთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ზოგს კი უკვე მისჯილი აქვს. ზოგის მიმართ ნაწილობრივ იცვლება აღმკვეთი ღონისძიება, ნაწილს გაუვიდა უკვე პატიმრობის ვადა და გამოდიან. ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა გათავისუფლდეს, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, ვის როდის გაათავისუფლებენ.“

გათავისუფლებას, ამჯერად დაკავებული გემისა და ტვირთების გათავისუფლებას გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლებისგან დაჟინებით ითხოვდა სეპარატისტული აფხაზეთი, რომლის პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა, საქართველოზე ზემოქმედების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი მიმართა. სატვირთო გემი, მისი თქმით, თურქეთის დროშის ქვეშ ცურავდა და იგი ნეიტრალურ წყლებში დააპატიმრეს. თბილისის ცნობით კი გემი ცურავდა პანამის დროში ქვეშ და სასაზღვრო პოლიციამ ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავა. გემს სეპარატისტულ აფხაზეთში კონტრაბანდული გზით საწვავის შეტანა ჰქონდა განზრახული.

სერგეი ბაღაფში
„გთხოვთ დახმარებას საქართველოს მესაზღვრეების მიერ დაკავებული გემის დაბრუნების საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთის მხარე იტოვებს უფლებას მიმართოს ადეკვატურ ზომებს აფხაზეთისაკენ მოძრავი საკუთარი ტვირთის დასაცავად და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს.“

ეს არის ნაწყვეტი წერილიდან, რომლითაც სერგეი ბაღაფშმა გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირსა და საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართა. ადეკვატურ ზომებში იგულისხმება, პირველ ყოვლისა, ის, რომ კითხვის ქვეშ დადგეს რეგიონში კონფლიქტის აღმოფხვრის ჟენევის მექანიზმი.

სოხუმის საზღვაო დავა თბილისთან გასულ კვირაში კიდევ ერთი ფაქტით აღინიშნა: საქართველოს სანაპირო დაცვამ სოხუმიდან მომავალი კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა, იუწყებოდა 20 აგვისტოს სასაზღვრო პოლიცია, რომლის თანახმადაც, გემი სოხუმის პორტიდან თურქეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა და, კონტრაბანდის სახით, შავი ლითონის ჯართი გადაჰქონდა.
XS
SM
MD
LG