Accessibility links

logo-print

გიორგი მუჩაიძე: “ამერიკა-საქართველოს ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა ფართო სპექტრს მოიცავს”


საქართველოსთან მიმართებით, აგვისტოს პირველ ნახევარში, შეერთებილი შტატებიდან ორი ინფორმაცია გავრცელდა – ერთი სასიხარულო და მეორე – სამწუხარო. პირველში ნათქვამი იყო, რომ 15 აგვისტოს საქართველოში ამერიკელ ქვეითთა 70 კაციანი ჯგუფი ჩავიდა საქართველოს სამხედრო ბატალიონის გასაწვრთნელად. მეორე ინფორმაცია, რომელიც ნაკლებ სასახარულოა, პენტაგონის თავდაცვის მინისტრის თანაშემწეზე, ალექსანდრ ვერშბოუზე დაყრდნობით გაავრცელა სააგენტო “ინტერფაქსმა” და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს სამხედრო დახმარებისათვის გამოყოფილი 100 მილიონი დოლარი პენტაგონმა ჰუმანიტარული მიზნებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტს უკან დაუბრუნა. მართალია თუ არა ეს ინფორმაცია? და რატომ თქვა უარი ამერიკამ საქართველოსათვის სამხედრო დახმარებაზე? ამ შეკითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი მუჩაიძეს. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.

გ. მუჩაიძე: ეს კომენტარი არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. ასეთი რამ არ უთქვამს ბატონ ვერშბოუს. მე დაწვრილებით გავეცანი მის მოხსენებას და მის განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშავ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება ყველა საჭირო, ორმხრივი მიმართულებით. რაც შეეხება შეიარაღების [მიწოდებასთან] საკითხთან დაკავშირებით, - მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია და ეს არასწორი ინტერპრეტაციაა.

რადიო თავისუფლება: ყველაზე უფრო აქტიურად ამერიკის დახმარების რა ნაწილს ვიყენებთ? ეს არის სამხედრო განათლება, გარკვეული რეკომენდაციები, თუ სად არის ყველაზე უფრო აქტიური ჩვენი ურთიერთობები?

გ. მუჩაიძე: მე ვერ გამოვყოფდი ასე კონკრეტულად ერთ რომელიმე მიმართულებას. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის, სამხედრო განათლებაც, მათ შორის. და ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ კონკრეტული პრიორიტეტებით, რომლებიც განსაზღვრული არის [საქართველოს] თავდაცვის მინისტრის ხედვის დოკუმენტში. ამ დოკუმენტში, რომლის ნახვაც ყველას ხელეწიფება, არის განსაზღვრული ყველა პრიორიტეტი ამ წლისთვისაც და, ალბათ, მომავალი წლისთვისაც. და სწორედ ეს არის ის პრიორიტეტები, რომლის განხორციელებაშიც ჩვენ ჩვენ ძალისხმევას ვდებთ და ჩვენი უცხოელი პარტნიორების, არა მარტო ამერიკელების, არამედ სხვა ჩვენი პარტნიორების, დახმარებით წინ მივიწევთ და ვაღწევთ პროგრესს.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ თუ არა, დაადასტუროთ, თუკი ეს რაიმე კლასიფიცირებულ ინფორმაციას არ ეხება, - რომ ამერიკის მხარემ საქართველოს სივრცე, ტერიტორია, მისი მეთვალყურეობის, მისი კოსმოსური სადაზვერვო მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა?

გ. მუჩაიძე: მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ, რაც ორმხრივ ინტერესებს ემსახურება. ყველა საკითხზე არ დავკონკრეტდები.

რადიო თავისუფლება: უკვე გამოცხადდა საქართველოს სამხედრო კონტინგენტის [ავღანეთში] გამგზავრების თარიღიც და ქვედანაყოფის რაოდენობაც, მაგრამ, მოდი, ჩვენი რადიომსმენელებისათვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა რაოდენობაზეა საუბარი და როდის წავა პირველი კონტიმგენტი ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში?

გ. მუჩაიძე: საუბარია ბატალიონის სიძლიერის კონტინგენტზე და, სავარაუდოდ, მისი გაგზავნა ავღანეთში მოხდება მომავალი წლის პირველ ნახევარში, – ამერიკელებთან ერთად ნატოს ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში.

რადიო თავისუფლება: სად განლაგდებიან ისინი [ქართველი ჯარისკაცები] და როგორი იქნება მათი სავარაუდო მისია?

გ. მუჩაიძე: განლაგებას რაც შეეხება, ისინი განლაგდებიან სამხრეთ ავღანეთში, კონკრეტულად მისი დისლოკაციის ადგილი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. რაც შეეხება საერთოდ ჩვენს მონაწილეობას ავღანეთში, ISAF-ის მისიის ქვეშ, – ქართული მხრიდან, ამას გარდა, იგზავნება ქვეითი ასეული. ის განლაგდება ქაბულში, ავღანეთის დედაქალაქში და ჩვენი ჯარისკაცები ქაბულში თავიანთ ფრანგ კოლეგებთან ერთად განლაგდებიან.

რადიო თავისუფლება: ძალიან საინტერესოა, როგორ მოხდება მათი მომზადება? არის ინფორმაცია, რომ ამერიკელი ინსტრუქტორებიც მიიღებენ მონაწილეობას მათ მომზადებაში, გადასროლის წინა მომზადებაში.


“კონკრეტულ დეტალებს არ შევეხები. რაც შეეხება მომზადებას, რა თქმა უნდა, წინასწარი მომზადება მოხდება და იგეგმება. შესაბამისად, ის ელემენტები, როლმებიც ჩადებული იქნება მისი განხორციელების დროს, იქნება ის უნარ-ჩვევები და ის საჭირო თვისებები, რისთვისაც ისინი მზად უნდა იყვნენ და რაც მათ უნდა ჰქონდეთ შეძენილი, რომ თავიანთი მისია სათანადოდ განახორციელონ და მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს მათ მიერ ამ მისიების შესრულება.

რადიო თავისუფლება: რომელ ქვედანაყოფზე შეჩერდა არჩევანი? და აქვს თუ არა მას საერთაშორისო ოპერაციებში მოქმედების გამოცდილება?

გ. მუჩაიძე: კი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი იმყოფებოდა ერაყში. რამდენიმე როტაცია გაირა ჩვენმა კონტინგენტმა. ერაყში იყო დაახლოებით ბრიგადის ტოლი კონტინგენტი და, ფაქტიურად, ძალიან დიდ ნაწილს გავლილი აქვს ის წინა სამშვიდობო მომზადება, რომელიც საჭიროა მსგავს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას. მაგრამ ყველა ოპერაციას თავის სპეციფიკა აქვს, ასეთია ასევე ISAF-ის ოპერაცია ავღანეთში და, აქედან გამომდინარე, დამატებითი წვრთნა და იმ დამატებით ელემენტებში მომზადება სჭირდებათ, რაც ამ კონკრეტულ გარემოში და ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ მდებარეობაში, კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად იქნება საჭირო ჩვენი კონტინგენტისათვის.

რადიო თავისუფლება: თქვენ არ უპასუხეთ ჩემს შეკითხვას, ბატონო გიორგი. ამერიკელი ინსტრუქტორები მიიღებენ, თუ არა მონაწილეობას [მათ მომზადებაში]? საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მგონი მიანიშნა, რომ იქნება ამერიკელების ასეთი მისია.

დ. მუჩაიძე: ჩვენ ამერიკელებთან, რა თქმა უნდა, გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის წვრთნასთან დაკავშირებითაც. და არა მარტო ამ მიმართულებით – არის ფართო სპექტრი ომრხრივი თანამშრომლობისა და ეს თანამშრომლობა გაღრმავდება კიდევ უფრო და გაფართოვდება მომავალში.
XS
SM
MD
LG