Accessibility links

logo-print
26 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს და მასთან ერთად მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს ელოდებიან. რუსეთის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობიდან ერთი წლის თავზე ჩავლენ და თამარაშენში მოსკოვის სახელობის მიკრორაიონის გახსნას დაესწრებიან.

26 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში პუტინისა და მედვედევის შარშანდელი გადაწყვეტილების წლისთავს იზეიმებენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, შარშან, 26 აგვისტოს, რუსეთმა ცნო საქართველოს თავის მიერვე ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობა. რუსეთის მოწოდებას, გაგრძელებულიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი, ერთადერთი მიმდევარი გამოუჩნდა - ნიკარაგუა. 26-ში სოხუმსა და ცხინვალში იმ პროცესის დაწყება უნდა აღნიშნონ, რომელიც ერთი წლის მანძილზე 2 სახელმწიფოს ცნობით შემოიფარგლა. ამ ორიდან კი ერთი ისაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე საერთაშორისო ნორმების იგნორირებით მიღებული გადაწყვეტილება.

26-ში ცხინვალში პუტინი და ლუჟკოვი ვლადიკავკაზიდან ჩავლენ. რუსეთის მედიის ცნობით, ცხინვალში მოსკოველი სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა უნდა ჩააცილოს. იქ კი ყველამ - მათ შორის, ედუარდ კოკოითიმ - ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში ჩრდილოელი ოსებისა და რუსი სამხედროების ჩასახლების საკითხი უნდა განიხილოს. გავრცელებული ცნობებით, ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ შარშანდელი ომის დროს ქართველებისგან გაწმენდილი სოფლების უცხო ხალხით დასახლება იქნება. ამ პროცესისთვის მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია.

მიკრორაიონი, სახელწოდებით ”მასკოვსკი”, რუსეთის მედიის ცნობით, ” აშენდა ყოფილი ქართული სოფლის, თამარაშენის, ტერიტორიაზე, რომელიც შარშანდელი ომის დროს მიწასთან იქნა გასწორებული.” სამშენებლო სამუშაოები რუსულმა კომპანიამ, ”სუ 155”--მა, აწარმოვა. თამარაშენში, მოსკოვის მერიის დაფინანსებით, 189 კოტეჯი ჩაიდგა, აგრეთვე სავაჭრო ცენტრი, 2 საბავშვო ბაღი და სკოლა. მოსკოვის სახელობის მიკრორაიონში ჩასახლებულებს მათთვის მიკუთვნებული ბინების გასაღებებს პირადად მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი გადასცემს ვლიდიმირ პუტინის თვალწინ. მიკრორაიონი ”მასკოვსკი” რუსმა ოკუპანტებმა იქ გააშენეს, სადაც შარშან, აგვისტოში, ქართული სოფელი მთლიანად გადაწვეს და გაანადგურეს. 2008 წლის 24 აგვისტოს სატელიტური მონაცემებით, ქართულ სოფელ თამარაშენში 177 საცხოვრებელი სახლი იყო განადგურებული. თამარაშენში რუსებმა და ოსებმა გადაწვეს ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმიც. თამარაშენელები, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის სხვა ქართული სოფლებიდან ეთნიკური ნიშნით გამოდევნილი მშვიდობიანი მოსახლეები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ აშენებულ დევნილთა სოფლებში ცხოვრობენ, მათ ნამოსახლარს კი ოკუპანტები იკავებენ.

”აპირებენ დასახლების გახსნას და მისთვის მოსკოვის სახელის მინიჭებას. ეს გვაგონებს სიტუაციას, როცა დამპყრობელი აწყობს ეთნიკურ წმენდას, ასუფთავებს ტერიტორიას, შემდეგ შემოდის, აშენებს რაღაცას და ამ რაღაც კონსტრუქციებისთვის აპირებს ოკუპანტის დედაქალაქის სახელის დარქმევას.”

ეს განცხადება თბილისში 24 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა გააკეთა. მანვე ცინიკური გეგმა უწოდა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ვლადიმირ პუტინისა და იური ლუჟკოვის ჩასვლის გეგმას. ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი კი სტუმრების დასახვედრად და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თარიღის აღსანიშნავად ემზადება. ვლადიმირ პუტინამდე ცხინვალს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სტუმრობდა. შემდეგ, 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების წლისთავზე პუტინი სოხუმში ჩავიდა. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების უკანონო შემოსვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააპროტესტა საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ... ცხინვალში უკვე პუტინს ელოდებიან.
XS
SM
MD
LG