Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები სამართალს ეძებენ


პოლიციის მიერ ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან ხუთი წლის შემდეგ მისი მამა, სოსო რობაქიძე, კვლავ გამოძიების არასამართლიანად წარმოებაზე, მკვლელების დაუსჯელობასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს. 24 აგვისტოს, ბუტა რობაქიძის დაბადების 24-ე წლისთავზე, სოსო რიბაქიძემ, ასევე მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა, და რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და პროკურატურას ორი მოთხოვნა წაუყენეს.

”დღეს, 24 აგვისტოს, 24 წელი შეუსრულდა ჩემს შვილს მიწაში. საქართველოში ძალადობა ისევ გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და მათი თანამოაზრეები იქნებიან საქართველოში.”

ასე შეხვდა ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, თავისი ერთადერთი ვაჟის დაბადების დღეს 24 აგვისტოს და, საზოგადოებრივი მოძრაობა „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ სახელით, თავისი შვილის მკვლელობიდან ხუთი წლის თავზე პროკურატურას უკვე მერამდენედ მიმართა მკვლელების დასჯის მოთხოვნით. დღეს ვითარება ასეთია: მკვლელს, გრიგოლ ბაშალეიშვილს, 4 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტს დღემდე იძიებს მთავარი პროკურატურა. მკვლელობაში საზოგადოების მიერ ეჭვმიტანილი პირები, როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს, კვლავ თანამდებობებზე რჩებიან. მაგალითად, ზურაბ მიქაძე შსს კადრების სამმართველოს უფროსია; გურამ დონაძე კვლავ კურირებს ტელეპროექტ „პატრულს“:

”ერთი წლის განმავლობაში საქმეში იყო იარაღი, რომელიც თითქოს ბუტამ გამოიყენა. ეს ჩვენება მალევე შეცვალა პოლიციამ და თქვა, რომ ბუტას იარაღი არ ჰქონია. ბავშვი ხელაწეულია დახვრეტილი. ამოღებულია ორი მასრა და არანაირი იარაღის გავარდნა არ ყოფილა. მას ორჯერ ესროლეს. ამ გაყალბებას და ყველაფერს მე ვაბრალებ დონაძეს, მიქაძეს და ადეიშვილს, საქართველოს პროკურორს. ჩვენ არ გავჩერდებით და როგორმე ამ ბიჭების საქმეს ბოლომე მივიყვანთ.”

ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს არც ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელმაც 24 აგვისტოს განაცხადა, რომ მათი მოძრაობა „გადავარჩინოთ სიცოცხლე“ ძალადობის ფაქტებს რეგიონებშიც აგროვებს და, მათი ინფორმაციით, უკვე დაახლოებით ასი დაზარალებული ოჯახია აღრიცხული:

”მიშა ბრძანებს, ვანო ასრულებს, ადეიშვილი აყალბებს. გეყოთ, სირცხვილია. თუ თქვენ გიყვართ თქვენი შვილები, ისევე უყვართ სხვებსაც საკუთარი შვილები. ვერ წარმომიდგენია, ვისაც თავისი შვილები უყვარს, მან როგორ უნდა ესროლოს სხვის შვილს. არ შევარჩენთ. ჩვენს შვილებს რაღა ეშველებათ, მაგრამ ვალი გვინდა მოვიხადოთ და სხვისი შვილების გულისთვის ვაკეთებთ ამას.”

24 აგვისტოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მოკლული ბიჭების ოჯახის წევრებთან ერთად რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, კონსერვატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა, ის ორი მოთხოვნა გააჟღერა, რაც პროკურატურის მიმართ რობაქიძის ოჯახს აქვს:

”მოვითხოვთ, ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები იქნენ დაზარალებულად ცნობილნი ამ საქმეში, რომელიც ეხება ბუტა რობაქიძის სახელის დისკრედიტაციას და დანაშაულის მტკიცებულებების ფალსიფიკაციას. და მეორე: პროკურატურამ გამოაქვეყნოს სასწრაფოდ ის ინფორმაცია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები გაატარეს მათ ამ საქმის გამოძიებისას.”

პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ კი თქვა, რომ მსგავსი საქმეების გამოძიებას ორი მხარე აქვს - იურიდიულ-სამართლებრივი და მორალური. ეს უკანასკნელი კი, როცა საქმე მიცვალებულის გამართლებას ეხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

”სიმართლის დადგენას მიცვალებულთან დაკავშირებით აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მისი ახლობლებისათვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, რადგან, სხვა შემთხვევაში, საზოგადოება ბარბაროსობაში გადავა.”

აქტიურობას აპირებენ ახალგაზრდული ორგანიზაციებიც, რომლებიც ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ ამ საქმეებს, პრესკონფერენციით იქნება ეს, მშვიდობიანი აქციით თუ სხვა რამით. მოძრაობა „7 ნოემბრის“ წარმომადგენელი ჯაბა ჯიშკარიანი ამბობს, რომ პროტესტი აღნიშნული საქმეების გამოუძიებლობის გამო გაგრძელდება მუდმივად, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

უახლოეს მომავალში ბუტა რობაქიძის საქმე, როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა გვითხრა, სტრასბურგში წავა. დღემდე ეს გარკვეული შემაფერხებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. სამართლის აღსრულებასაც ბუტას მშობლები სწორედ ევროპული სასამართლოსგან ელიან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG