Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული ქართველი მეზღვაურები საემიგრაციო ბანაკში იმყოფებიან


ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხვდნენ ქართველი მეზღვაურები პანამის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე, რომელიც ფილიპინების ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, გემს ფილიპინებზე ისრაელის წარმოების საბრძოლო იარაღი კონტრაბანდული გზით გადაჰქონდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული გემის ეკიპაჟის 13 ქართველი წევრი საპატიმროში არ იმყოფება. ამასთან, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ქართველი მეზღვაურებისთვის შექმნილ პირობებს დადებითად აფასებს. არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ არ აწვდიან საკვებს.
ნალბანდოვის თქმით, ” საქართველოს ყველა მოქალაქე, მეზღვაურები, თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობენ. ისინი იმყოფებიან ფილიპინების დედაქალაქ მანილას საემიგრაციო ბანაკში და არა ციხეში.”
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემის მფლობელმა კომპანია ”ლა პლატამ” ქართველ მეზღაურებს უკვე დაუნიშნა ადვოკატი, რომელიც საკითხის გარკვევას ფილიპინების ხელისუფლებასთან შეეცდება. ბოლო ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურები ცალ-ცალკე დაკითხეს და ჩამოართვეს თითის ანაბეჭდები. მათი ჩვენების მიხედვით, ირკვევა, რომ მათ არაფერი იცოდნენ გემზე არსებული ტვირთის რაობის შესახებ.
იმის გამო, რომ ფილიპინებზე არ არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეზღვაურების საქმის მეურვეობა დაავალა საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
”ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა სასწრაფოდ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა ფილიპინებიდან და დაბრუნება სამშობლოში”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG