Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თანამდებობიდან გადააყენა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია. თავის მხრივ, ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გილაური სუსტი პრემიერია.

არადა, მიხეილ სააკაშვილის სახელისუფლო გუნდი ყოველთვის შიდა სიმყარით გამოირჩეოდა.

თავის მხრივ, ამ ფრაზასაც კარგი ახსნა სჭირდება იმ პირობებში, როცა წლების განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური პარტნიორებიც დაკარგა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირიც დაიპირისპირა – მათ შორის, ყოფილი ყველაფრის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

მართალია, ხელისუფლებას პერიოდულად ტოვებენ მისი გავლენიანი წევრები, მაგრამ არც ერთ მათგანს, ირაკლი ოქრუაშვილის ჩათვლით, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ არ დაუდია ისეთი დოკუმენტები, რომლებიც სერიოზული კომპორმატები იქნებოდა პრეზიდენტისთვის და მისი უშუალო გარემოცვისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალა საკუთარი გუნდის წევრების მიმართ სამგვარ ქცევაშია. პირველი: პრეზიდენტი მაქსიმალურად ინარჩუნებს გუნდის წევრებს, მაგრამ პერიოდულად, თავის დაზღვევის მიზნით, მათ სხვადასხვა თანამდებობაზე გადააადგილებს. მეორე: თუ გუნდის წევრი მიდის თანამდებობიდან, მას სთავაზობენ, სრულიად მისაღები პირობებით დარჩეს პრეზიდენტის ორბიტაზე – ან ამა თუ იმ ქვეყანაში ელჩად უშვებენ; ან შედარებით მოკრძალებულ, მაგრამ შემოსავლიან სამსახურს სთავაზობენ; ან ტელევიზიების მართვას ანდობენ. მესამე: თუ გუნდის წევრი მიდის ოპოზიციაში, წინასწარ არის მიღებული იმგვარი ზომები, რომ მტრის მინდორზე იგი ხელისუფლებისთვის უვნებელი რჩება.

ასე რომ, ჯერჯერობით, მიხეილ სააკაშვილი ახერხებს, შეინარჩუნოს გუნდის სიმყარე, იმის მიუხედავად, რომ მის გუნდს გზადაგზა სერიოზული გავლენისა და ინფორმაციის მქონე პირები აკლდებიან. ამ პირობებში, შესაძლოა, გაჩნდეს შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა მყარი პოლიტიკური სისტემა, რომელიც უძლებს ყველა რყევას, ცალკეული ადამიანის უფლებების დარღვევით დაწყებული, ომის წაგებით დამთავრებული.

სინამდვილეში, საქართველოში ამჟამად არსებული პოლიტიკური სისტემა ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიულად მართული საზოგადოების მდგრადობისთვის აუცილებელ პირობას: რომ ქვეყანა უნდა მართოს იმან, ვისაც ხალხი აირჩევს. მუდმივი პრობლემები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა მოსყიდვის თუ დაშინების მცდელობა, დანიშნული საარჩევნო ბიულეტენები, ნაირ–ნაირი შინაარსის კარუსელი, სახელისუფლო ხმების უმრავლესობა ყველა დონის საარჩევნო კომისიებში, საკუთარ ინტერესებზე მორგებული და ხშირად ცვლადი საარჩევნო კოდექსი, 80%–ით ერთპარტიული პარლამენტი და ათი ათასობით უკმაყოფილო ადამიანი ქუჩაში, – ეს ნიშნები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიტიკური სისტემის მდგრადობის არგუმენტს.

გამოდის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემა ერთგვარად პარადოქსულია. ის, ერთი მხრივ, მდგრადია, რადგან წლების განმავლობაში გაუძლო ყველანაირ რყევას და, როგორც პრეზიდენტს უყვარს თქმა, „არ ჩამოიშალა“; მეორე მხრივ, არამდგრადია, რადგან ვერ აკმაყოფილებს მდგრადობის უმთავრეს კრიტერიუმს – ხელისუფლების ცვლას სამართლიანი არჩევნებით.

სადამდე მიიყვანს პრეზიდენტს მის მიერ შექმნილი სისტემის თანმდევი შინაგანი წინააღმდეგობა? საქმე ის არის, რომ დემოკრატიულ სისტემას სიმყარის თავისი კრიტერიუმები აქვს, ავტოკრატულს – თავისი. ისინი ერთმანეთს გამორიცხავს. ჩვენში არსებული პოლიტიკური სისტემა კი ბოლომდე არც ერთია და არც მეორე. სწორედ ეს არის მისი არამდგრადობის საფუძველი. ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი დაბალია, ავტოკრატია კი მყიფეა, რადგან ავტოკრატულ სისტემას სიმყარისთვის უსათუოდ სჭირდება იზოლაცია დემოკრატიული სამყაროსგან. ასლან აბაშიძემ სწორედ იმიტომ ვერ შექმნა მყარი რეჟიმი, რომ აჭარა ვერ მოაქცია იზოლაციაში დანარჩენი საქართველოსგან, რომელიც გაცილებით ლიბერალური წესებით იმართებოდა. მიხეილ სააკაშვილი დაბალი ხარისხის დემოკრატიის პირობებში მაინც იმიტომ ინარჩუნებს მდგრად სისტემას, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მხარს უჭერს მისი მართვის სტილს და მეთოდებს. ესეც იზოლაციონიზმის ერთგვარი სახეა, ოღონდ, გარედან მომდინარე იზოლაციონიზმისა, რომლის გარეშე საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულ გარემოსთან შეუთავსებელი აღმოჩნდებოდა.

ამ უცნაური ფორმის იზოლაციონიზმის გარღვევამდე და დასავლურ სამყაროში დამკვიდრებამდე, საქართველოში ერთდროულად იარსებებს სუსტი დემოკრატია და მყიფე ავტოკრატია; ხოლო მცირე მასშტაბის შიდა სახელისუფლო რყევა თუ ოპოზიციის პერიოდული შეტევა მეტ–ნაკლებად მდგრად პოლიტიკურ სისტემას ვერაფერს დააკლებს.
XS
SM
MD
LG