Accessibility links

14 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია - მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. 14 წლის განმავლობაში მოქმედ კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება შევიდა. ყველაზე მასშტაბური გამოდგა ცვლილებები და დამატებები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 6 თებერვალს დაუჭირა მხარი. ქართველ იურისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობა სწორედ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ გახდა საჭირო. რას უწუნებენ იურისტები 14 წლის წინ მიღებულ კონსტიტუციას და რატომ არ აღინიშნება საქართველოში კონსტიტუციის დღე?

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობა პირველად 1993 წელს, ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაიწყო. ავთანდილ დემეტრაშვილი, მოქმედი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, მაშინ მდივნის მოვალეობას ასრულებდა:

„ხალხი მონაწილეობდა კონსტიტუციის შემუშავებაში, ვინაიდან იყო საყოველთაო განხილვა და ვიტყოდი, რომ პროდუქტი, ანუ საბოლოო იურიდიული ნაწარმოები, საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო.“

თუმცა მაღალი ხარისხის იურიდიულ ნაწარმოებში მოგვიანებით არაერთი ცვლილება შევიდა. ყველაზე მასშტაბური გამოდგა პარლამენტის მიერ 2004 წლის 6 თებერვალს მიღებული ცვლილებები და დამატებები. ადა მარშანია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იხსენებს, რომ ცვლილებებს მხარი მხოლოდ 16-მა დეპუტატმა არ დაუჭირა:

„ჩემ თვალწინ გადაუარეს კონსტიტუციას. ელემენტარული პროცედურების დაცვის გარეშე, დღე-ნახევარში მიიღეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ადა მარშანიამ.

2004 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი კონსტიტუცია სავსებით აკმაყოფილებდა სახელმწიფოს უზენაესი კანონის ყველა ძირითად პრინციპსო, ამბობს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ვახტანგ ხმალაძე, რომლის თქმითაც, ხუთი წლის წინ მიტანილი იერიშის შემდეგ კონსტიტუციის შეცვლა აუცილებელი გახდა:

„დღეს რაც გვაქვს, ის არ აკმაყოფილებს კონსტიტუციონალიზმის უმთავრეს პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, და ეს დაირღვა 2004 წლის თებერვალში, რომლის შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდა ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორც ყველაზე უბრალო კანონში, რომელსაც წელიწადში რამდენჯერმე ცვლიან.“

ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ამ კრიტიკას არ იზიარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხელ მაჭავარიანი. მისი თქმით, 2004 წლის თებერვალში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა 1995 წლისგან მკვეთრად განსხვავებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა:

„1995 წელს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იყო პარლამენტში, ძალიან დიდი კომპრომისი გახდა საჭირო მაშინ, იყო ძალიან ბევრი ჩიხური მომენტი, რომელიც დასაძლევი იყო“, უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ მაჭავარიანმა, „მაშინ პრეზიდენტი იყო მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობა იყო საკონსტიტუციო ორგანო, მაშინ ყველა მინისტრი პარლამენტში მტკიცდებოდა და არ ეწერა, თუ არ დამტკიცდებოდა, მაშინ რა იქნებოდა. ამიტომ ნაბიჯი წინ უნდა გადაგვედგა და გადავდგით კიდეც.“

ხუთი წლის წინ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს გარკვეულ გამართლებას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თამჯდომარეც უძებნის. ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ცვლილებებით ხელისუფლებამ კორუფციის დამარცხება და კრიმინოგენული, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლა სცადა:

„უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პრობლემების ნაწილი ნამდვილად გადაიჭრა, მაგრამ გადაიჭრა ჩემთვის არასასურველი მეთოდებით, რომლებმაც, ზოგიერთ შემთხვევაში, აშკარად შელახა ადამიანის ძირითადი უფლებები და საზოგადოების განვითარებასაც არ შეუწყო ხელი.“

იურისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების ხშირი შეტანით მცირდება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტისადმი საზოგადოების პატივისცემა. კონსტიტუციის დაცვის ეროვნულ ლიგაში მიიჩნევენ, რომ, გარკვეულწილად, კონსტიტუციისადმი უპატივცემლობის გამოვლინებაა ის, რომ 24 აგვისტო ჩვეულებრივი, სადაგი დღეა. ლიგის თავმჯდომარემ ბაკურ გულუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ დღეს სახელმწიფო დროშები მაინც უნდა იყოს გამოფენილი. „ეს რომ არ კეთდება, კონსტიტუციის, ანუ ძირითადი კანონის, უპატივცემლობაა“, მიაჩნია გულუას.

აქვე უნდა ითქვას, რომ კანონი მთავრობას არ ავალდებულებს კონსტიტუციის დღის უქმედ გამოცხადებას და განსაკუთრებულ აღნიშვნას. ყოველივე ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა მიხეილ მაჭავარიანს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, უჭირს იმის თქმა, თუ რატომ არ აღინიშნება საქართველოში კონსტიტუციის დღე. ვახტანგ ხმალაძე კი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის დღის აღნიშვნა ხელს შეუწყობს კონსტიტუციისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებაც შეწყვეტს ქვეყნის ძირითად კანონზე ძალადობას.
XS
SM
MD
LG