Accessibility links

logo-print

მოსკოვი კიევს ისევ საქართველოს საკითხით უტევს


უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობა უნა უნსოს აღლუმი ლვოვში

უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობა უნა უნსოს აღლუმი ლვოვში

რუსეთიდან უკრაინისკენ დაიძრა ბრალდებების ახალი ტალღა, რომლის მთავარ თემას ისევ საქართველო წარმოადგენს. ამჯერად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რეგულარულ სამხედრო შენაერთებსა და „უნა-უნსოს“ (ორგანიზაციას ”უკრაინის ნაციონალური ასამბლეა - უკრაინის სახალხო თავდაცვა”) აგვისტოს ომში მონაწილეობა ედებათ ბრალად. რა რეაქცია მოჰყვა კიევში კრემლის მორიგ ბრალდებას, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის მისამართით შავი ზღვის ფონზე გაკეთებულ ბრაზიან განცხადებებს? მედვედევმა მაშინაც საგანგებო ემოციით გამოყო საქართველოს ფაქტორი.

ბრალდება იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომში უკრაინელები საქართველოს დასახმარებლად იბრძოდნენ, კიევს რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა 24 აგვისტოს წაუყენა. კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა უტყუარი უწოდა თითქოსდა მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც თბილისს აგვისტოს ომში უკრაინის რეგულარული არმიის შენაერთები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის, „უნა-უნსოს“, სულ ცოტა, 200 მებრძოლი ეხმარებოდა.

თუმცა ფაქტების უტყუარობაში სერიოზული ეჭვი ეპარებათ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში და, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ მოსკოვმა ვერ შეძლო კიევისთვის წარედგინა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ნაპოვნი თუნდაც ერთი რომელიმე ოფიცრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამხედრო მედალიონი ან სხვა რაიმე სახის მტკიცებულება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში დარწმუნებულნი არიან, რომ მოსკოვი ამგვარი მტკიცებულებების მოძიებას ვერ მოახერხებდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უკრაინელ სამხედროებს აგვისტოს ომში მონაწილეობა არ მიუღიათ.

რაც შეეხება ორგანიზაციას ”უკრაინის ნაციონალური ასამბლეა - უკრაინის სახალხო თავდაცვა”, ანუ როგორც მას მოკლედ უწოდებენ, „ უნა-უნსოს“, აგვისტოს ომში მონაწილეობას ისიც კატეგორიულად უარყოფს. აი, რას ამბობს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, იგორ მაზური: ”შემიძლია პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ კონფლიქტის დროს „უნა-უნსოს“ არც შენაერთები და მისი არც ცალკეული წევრები არ იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში. ჩვენი ბიჭების ჯგუფი კონფლიქტის შემდეგ ჩავიდა იქ, რათა გადაეღოთ ომის შედეგები, ენახათ ნანგრევები, რადაც გადაიქცა გორი და ქართული სოფლები საომარი მოქმედებების ზონაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი საყვარელი თემაა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის (და ეს მათ პროფესიულ უვარგისობაზე მიუთითებს) - შექმნან მითი 200-300 მებრძოლის შესახებ. ეს რომ მართალი იყოს, ასეთ შემთხვევაში სულ ცოტა ერთი გარდაცვლილი მაინც უნდა ეპოვათ ანდა რაიმე რეალური დოკუმენტი მაინც უნდა ჩავარდნოდათ ხელში რუსებს ან ოსებს. ასეთი დოკუმენტები არ არსებობს. რაღაც ქაღალდები, რაც ბრძოლის ადგილას იპოვეს, და რაღაც კამუფლიაჟები - ამ ყველაფრის ხელოვნურად შექმნა ერთ დღეშიც შესაძლებელია.”

მიუხედევად ამისა, „უნა-უნსოს“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ მაზური, არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი ორგანიზაცია მართლაც იბრძოდა ქართველების მხარდამხარ 90-იანი წლების დასაწყისში საომარი მოქმედებების მსვლელობისას აფხაზეთში და უკრაინული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში არც იმას მალავს, რომ ქართველების დახმარება შარშან აგვისტოშიც უნდოდათ, მაგრამ თბილისისგან ამაზე უარი მიიღეს.

იგორ მაზური დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის პროკურატურის მორიგი ბრალდება უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და მოქმედი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს შევიწროების სურვილს უკავშირდება.

რუსეთი უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას მთელი სერიოზულობით რომ უპირისპირდება, ეს კიდევ ერთხელ და ყველაზე კარგად 10 აგვისტოს გამოჩნდა. კრემლის ლიდერის დმიტრი მედვედევის მიერ სოჭში, შავი ზღვის ფონზე, გაკეთებულმა უკიდურესად არამეგობრულმა კომენტარმა და მის მიერ უკრაინაში ელჩის გაგზავნის შეჩერებამ პოლიტოლოგები საგონებელში ჩააგდო. ზოგი იმასაც კი ფიქრობდა, რუსეთი უკრაინას ომს ხომ არ უწყებსო. აქვე გავიხსენოთ, რომ 10 აგვისტოს მედვედევის მიერ კიევის მისამარით გახმიანებული ბრალდებების სიაში პირველი ადგილი საქართველოს ეჭირა:

”ოფიციალურმა კიევმა დაიკავა აშკარად ანტირუსული პოზიცია სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან სამხრეთ ოსეთზე სამხედრო თავდასხმის საკითხში. სწორედ უკრაინული იარაღით ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს.”

მედვედევის ამ და სხვა ბრალდებებს ვიქტორ იუშჩენკომ პასუხი მესამე დღეს, 13 აგვისტოს, გასცა და, როგორც მისი მომხრეები ამბობენ, გაცილებით ღირსეულად, ვიდრე ამას რუსეთის პრეზიდენტი იმსახურებდა. ბრალდებებზე პასუხის გაცემა უკრაინის პრეზიდენტმა ასევე საქართველოს თემით დაიწყო და თქვა: ”საქართველოში შარშან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია საყოველთაოდ არის ცნობილი და ის ემთხვევა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის პოზიციას. ეს პოზიცია კი, გულისხმობს საქართველოს (და ყველა სხვა სუვერენული ქვეყნის) სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ღრმა პატივისცემას.”

ამასთან, ვიქტორ იუშჩენკომ არ უარყო საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ფაქტი და, მეტიც, უსაფუძვლო უწოდა რუსეთის ბრალდებებს საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებულ ქმედებებთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა შეახსენა რუსეთს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არა აქვთ დაწესებული სანქციები ანდა ემბარგო საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე.

ვიქტორ იუშჩენკოს ღირსეული განმარტებების მიუხედავად, ექსპერტები შიშობენ, რომ საქართველოს თემამ და, განსაკუთრებით, რუსეთის პროკურატურის ბოლო ბრალდებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს კიევისა და მოსკოვის ისედაც დაძაბული ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG