Accessibility links

logo-print
2009 ჯერომ სელინჯერის საიუბილეო წელია, იგი 90-ის გახდა. მართალია თავად მწერალს არავის და არაფრის გაგონება არ სურს, მაგრამ თაყვანისმცემლებს მაინც ახსოვთ განდეგილი და ყოველ 1 იანვარს ბევრი აღნიშნავს ხოლმე ამ თარიღს.

ჟურნალისტებს უკვე მობეზრდათ ამ ლიტერატურულ მხეცზე ნადირობა, გლობალურ სივრცეშიც ძალიან ცოტას წერენ მასზე, ზოგი დასცინის კიდეც მოხუცს, სხვები კი, პოპულარობის ტალღაზე ამხედრებულნი, სპეციალურ მოგზაურობას იწყებენ სელინჯერის მოსაძებნად. ასე მოიქცა ორი წლის წინ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თავნება მწერალი, ფრანგი ფრედერიკ ბეგბედერი. ჩაითრია რომელიღაც ფრანგი რეჟისორი, წინასწარ მოელაპარაკა რამდენიმე ცნობილ თანამედროვე ამერიკელ მწერალს და გაუდგა გზას “იეტის” საძებნელად, მის ნაცვლად კი თანამედროვე ამერიკა შერჩა ხელთ, სადაც ბეგბედერი სელინჯერის კარგა ხნის გადაშლილი კვალის აღდგენას შეეცადა.

კადრი ფილმიდან "დავიჭიროთ სელინჯერი"
ფილმს “დავიჭიროთ სელინჯერი” ჰქვია, მე მხოლოდ ტრეილერი მაქვს ნანახი, სადაც ერთ-ერთ სცენაში ფრანგი მწერალი ნიუ-ჰემპშირის ტყეებში დაბორიალობს და ჰაერს ეკითხება: “Are you happy Mr. Salinger?” პასუხი არ არის.

ბევრისთვის თანამედროვე ამერიკული პროზა სწორედ ასე დაიწყო, ერთი მოხუცი დეიდა ერთ პატარა ბიჭს ეძახდა, ის ბიჭი კი არ პასუხობდა. დღეს კი თავზეხელაღებული პატარა ბიჭი ერთ მოხუც ბაბუას მიადგა, უძახა, ეღრიჯა, 90 წლის ბებერმა კი ყურიც არ შეიბერტყა.

აბა რა ეგონა! სელინჯერი ვინმე “ფორესტერი” კი არ არის, ბეისბოლის მატჩზე რო გამოიტყუო, ანდა დამწყები მწერლის ბედით დააინტერესო. თავის დროზე გას ვან სენტმა და შონ კონერიმ ვერ შეაცდინეს ჰოლდენის შემქმნელი და ბეგბედერის პროვოკაციებს აყვებოდა? ამ კაცმა, როგორც ჩანს, მართლა ყველაფერი დაიკიდა და ალბათ იგი აღარასდროს მოიხედავს ჩვენკენ, ასე რომ, დავანებოთ თავი.

მახსოვს, 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკის საელჩოდან ჩამოწერილი ჟურნალების მთელი დასტა მომიტანა მეგობარმა. Newsweek-ის ერთ-ერთი ნომრის თვალიერებისას, ბოლოსკენ სელინჯერის და მისი ახალგაზრდა მეუღლის, კოლინ ო’ნილის ფოტოს წავაწყდი. ნიუ-ჰემპშირში იყო გადაღებული, კორნიშში, იქ, სადაც ცხოვრობს სამყაროსგან განაპირებული მწერალი. მუშტმოღერებული ცნობილი სურათის გარდა, ეს სელინჯერის ერთადერთი ფოტო იყო, რომელიც 50-იანი წლების შემდეგ გამოქვეყნდა პრესაში. იმ განრისხებული ფოტოსი არ იყოს, მოხუცი აქაც აშკარად რაღაცაზეა გაბრაზებული, თითები მოჭიმული აქვს, სიამოვნებით დაუშვებდა რომელიმე ჟურნალისტის გოგრაზე კაი შალაბანდს ან წკიპურტს მაინც. თან ცალი ყურით ცოლს უსმენს, შეიძლება ითქვას, დამოკიდებულიც კია მასზე. ამავე დროს, რაღაცას წონის, რაღაცას ითვლის, აფასებს.

სელინჯერი მეუღლესთან ერთად
სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რას და როგორ აფასებს ახლა სელინჯერი, ანდა რისი შეფასების უნარი დარჩა საერთოდ. ისევ ისეთი მახვილი მზერა აქვს? იქნებ მხოლოდ ყოფითი წვრილმანებისთვის იცლის? ისიც კი არ ვიცით, რა აზრის იყო სელინჯერი ვიეტნამის ომზე, ვუდსტოკზე, ბერლინის კედლის დანგრევაზე, უოტერგეიტზე, ჩარლი მენსონზე და მარკ ჩეპმენზე, მამა-შვილ ბუშებზე, 11 სექტემბერზე. რას ფიქრობს რუსეთზე, ჩინეთზე, ქართულ ფეხბურთზე, მდინარე ვერეს ესტაკადაზე, ონის წყალსაცავზე...

მისგან განსხვავებით, თანამედროვე ლიტერატურის კიდევ ერთი განდეგილი, ტომას პინჩონი, ყოველ 6-7 წელიწადში ერთხელ რომანს აცხობს, წერს სტატიებს, რეცენზიებს, მიმართვებს, თუმცა მისი ეს განდეგილობა პინჩონზე აწყობილი მკითხველებისთვის გაცილებით ადვილი გასაგებია, ვიდრე თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანის ავტორის ახირება (ზღვარგადასულ პოპულარობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ქართულ ენაზე რომანის ორი თარგმანი არსებობს, აბსოლუტურად განსხვავებული სათაურებით, ვახტანგ ჭელიძისა და გია ჭუმბურიძის).

პოპულარული კი პირველ რიგში ჰოლდენ კოლფილდის გამოა სელინჯერი, დაუვიწყარი პერსონაჟისა და მთხრობელის გამო. შევეცდები გაგახსენოთ ეს ბიჭი. ბევრს ალბათ ისედაც კარგად გახსოვთ.

თავის დროზე რა არ უწოდეს საბრალო ჰოლდენს, - ბედოვლათი, ახირებული, შესაბრალისი, მანჰეტენელი ულისე, უიღბლო თინეიჯერი და ა.შ. მაგრამ დღემდე მაინც უცვლელად მოაღწია მისმა განუმეორებელმა ხმამ. იგი ყვება, დასცინის, იხსენებს, განიცდის, გარბის, რცხვენია, სწყინს, ავადაა, ნანობს. ფეხბურთის მატჩს ესწრება თავისი სკოლელების მონაწილეობით, ამ დროს კი სიცივისგან ტრაკი ეწვის, მაგრამ თამაშის ცქერით მაინცდამაინც არ იწუხებს თავს. უფრო იმიტომ დგას, რომ სკოლასთან გამომშვიდობების გრძნობა განიცადოს. სკოლიდან გაგდების შემდეგ (თუ არ ვცდები, ეს სკოლა უკვე მეექვსეა, საიდანაც დაიფრინეს) ნიუ-იორკში დააწვება და თავგადასავალიც იწყება. წასვლამდე ერთს დაიღრიალებს დერეფანში, “მაგრად იძინეთ, თქვე კრეტინებო!” ისე, რომ თავისი სართულის “ყველა ნაბიჭვარს” გააღვიძებს და კიბეზე დაეშვება. მოხუც მასწავლებელს კი დაუწერს: “ძვირფასო მისტერ სპენსერ!.. თქვენი ლექციები ძალიან საინტერესოა, მაგრამ თვითონ ეგვიპტელებმა ვერ დამაინტერესეს. ჩამჭრით თუ არა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ინგლისურის გარდა, ყველაფერში ჩავიჭერი”.

შემდეგ უკვე ცხოვრების გამოცდები იწყება - ტაქსის მძღოლები, მონაზვნები, მელიფტე, სამი გოგო, მეძავი და ყოფილი მასწავლებელი - ვისგანაც თავპირისმტვრევით გამორბის.

ნიუ-იორკში ერთ ბიჭს დაინახავს, ”ღმერთივით ბიჭს”, რომელსაც მშობლების უყურადღებობით ესარგებლა, პირდაპირ ქუჩის სავალ ნაწილზე გადასულიყო და ტროტუარის გასწვრივ მიაბიჯებდა ამაყად, თან ღიღინებდა: “ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში”... ჰოლდენს ერთბაშად გულზე მოეშვება, ნაღველი გადაეყრება.

სანაღვლოც ბევრი აქვს 16 წლის ბიჭს. სულ თავისი უმცროსი ძმა ახსენდება, ელი, ცოტა ხნის წინ რომ გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით (გარდაცვალების ზუსტი თარიღიცაა - 1946 წლის 18 ივლისი). ელი ცაცია იყო და ბეისბოლის ხელთათმანზე - თითებზეც და ჯიბეზეც - ყველგან ლექსები ეწერა, მწვანე მელნით. როცა თამაშის დროს ბურთს არავინ მიაწვდიდა, იდგა და ლექსებს კითხულობდა. ელი რომ მოკვდა, იმ ღამეს ჰოლდენს გარაჟში ეძინა და სულ მუშტებით ჩალეწა მინები, მერე ავტობუსის მინებსაც მიადგა, მაგრამ დასერილი ხელებით ვეღარაფერი მოახერხა. ხელი ხშირად ახსენებდა ხოლმე თავს, წვიმიან ამინდში, ზოგჯერ მუშტსაც ვერ კრავდა, მაგრამ ამაზე არ ნაღვლობდა, ამბობდა: ქირურგობას მე არ ვაპირებ და ვიოლინოზე დაკვრასო.

ვინც არ მოსწონს, ჰოლდენი ყველას ნაბიჭვარს უწოდებს. მთელი რომანი სავსეა ასეთი „ნაბიჭვრებით“, თუმცა ერთი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, მისტერ ოსენბერგერი, ადამიანი, ვისაც დამკრძალავი ბიურო ჰქონდა, თავის დროზე დიდი ფული ეშოვა ამ ბიზნესში და ვისი სახელობის ფლიგელშიც იყო მოთავსებული ჰოლდენის საერთო საცხოვრებელი. ერთხელ ეს კაცი სკოლას ეწვევა თავისი დიდი „კადილაკით“ და ბავშვებს ჭკუას დაარიგებს, სულ უნდა ილოცოთ და რა დროც უნდა იყოს, ღმერთს ესაუბროთო. ქრისტე ისე უნდა იგულოთ, როგორც თქვენი ძმაკაცი. მეც, პირადად, სულ ქრისტეს ვესაუბრები, მაშინაც კი, როცა საჭეს ვუზივარო. „ამან მომსპო! – ამბობს ჰოლდენი, – წარმოვიდგინე, როგორ გადაჰყავს ამ გამოქექილ ნაბიჭვარს მანქანა პირველ სიჩქარეში და თან ქრისტესა სთხოვს, ცოტა უფრო მეტი მკვდარი გამომიგზავნეო“.

სხვათა შორის, რომანში არა მხოლოდ ნაბიჭვრები ჩანან. როგორც ერთ-ერთმა იმდროინდელმა რეცენზენტმა თქვა (იყო დრო, როცა ამერიკული პრესა ლამის ყოველდღე აქვეყნებდა სტატიებს ამ ნაწარმოებზე), „წიგნში ხშირად გაისმის ანცი ბავშვების მომხიბლავი ხმებიც“. პირველ რიგში ეს ჰოლდენის პატარა დაიკო ფიბია, ვისაც ღამით, ჩუმად მოინახულებს ჰოლდენი და ვინც ფრაზაში: „ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში“, „დაიჭერს“ – „შეხვდებით“ გაუსწორებს ძმას, თანაც დასძენს, ეგ ხომ რობერტ ბერნსის ლექსიაო. აი, სწორედ ამ სცენის შემდეგ მოდის ის მთავარი აბზაცი, საიდანაც რომანს სათაურიც დაადგა ავტორმა.

აშკარაა, რომ “Catcher...”-ი პროტესტის რომანია (პროტესტის სიმღერებამდე ჯერ შორია, ბობ დილანი სულ რაღაც 10 წლისაა, სელინჯერის თანატოლ პიტ სიგერს კი ჯერ მოციქულები არ ჰყავს) და დღემდე მას ყველა იმ ნაწარმოებს ადარებენ, სადაც ბედით უკმაყოფილო, უიღბლო ტიპია აღწერილი, სადაც ხმამაღლა გეუბნებიან: “ცხოვრება მწარეა, ადამიანები კი გაიძვერები არიან და თუკი ვინმეს მოკრძალებით შეჰყურებ, უეჭველად ყველასგან იმედგაცრუება გელის.”

ამ წიგნს ალბათ სიძულვილიც ასაზრდოებდა, რისხვა როგორც ბრძოლის იარაღი, ამბოხი, დაბნეულობა, სიმართლე.

სელინჯერის რომანზე დაბეჭდილ ერთ-ერთ ძველ რეცენზიაში წერს ერთი ავტორი: “ვერც ერთი ადამიანი ვერ დაბრძენდება თუკი თავს არ შეებრძოლება საყოველთაო სიძულვილის საკითხში. მაგრამ ამ სიძულვილის ჩახშობით, მას კიდევ უფრო გააძლიერებს, გამოვლენით კი მის კონტროლს ისწავლის.” სხვათა შორის, ეს ციტატა ჩემს მეგობარსა და ბლოგ-მეზობელსაც ეხება. ყველას რომ ასე ცოცხით ეხვეტა ტესტოსტერონი და ქალაქგარეთ ეყიალა საპიკნიკე კალათით ხელში, რაღა დარჩებოდა? ვისღა ეხსომებოდა არქილოქე, ვიიონი...

მემგონი სელინჯერიც მხოლოდ ასეთი გულახდილობის გამო გვახსოვს, გვახსოვს მისი წიგნი და ის 16 წლის ბიჭი, ერთხელ რომ წამოცდა: “ჯერ ფულის მომგონს მოუკვდა პატრონი და მერე უფულობის”.

და აი, მთავარი კითხვაც, ამ გაგანია კრიზისში: ნეტა რა უფრო ადრე იყო, ფული თუ უფულობა? ჰა? ჯერომ, გაგვეცი პასუხი...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG