Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა რამიშვილს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურს


ტელეკომპანია ”202”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. რუსთავის #2 საპყრობილიდან გამოსული რამიშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძოლებს და პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრას შეეცდება. ის ძველ მეგობარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავს და შეხვედრას სთხოვს.

შალვა რამიშვილის ციხიდან გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები და მეგობრები 26 აგვისტოს შუადღისათვის ელოდნენ. ასეთივე იყო მედიის მოლოდინი, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „202“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მულტსერიალ „დარდუბალას“ ავტორი და რადიო „105“-ის მთავარი იდეოლოგი დილით ადრე, რვა საათზე, გამოუშვეს ციხიდან და, შესაბამისად, ციხესთან დაგეგმილი ბრიფინგი და დახვედრაც ჩაიშალა. ამიტომ შალვა რამიშვილს მის სახლთან, ბაქრაძის ქუჩაზე, შევხვდით:

“ჩემი გათავისუფლების ოპერაცია ჩაატარეს. დაკავების ოპერაცია ხომ იყო თავიდან... შემოცვივდნენ დილის რვაზე და ძალით გამომაგდეს გარეთ, რადგან იქ თორმეტზე ბრიფინგი იყო დაგეგმილი, დახვედრა... ემოციები იქნებოდა და ამის დაფიქსირება არ სურდათ და გამომაგდეს ასე ძალით.”

შალვა რამიშვილი ყოფილ პარლამენტარ კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვაში იყო მსჯავრდებული. ის 2005 წლის 26 აგვისტოს დააკავეს და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საზოგადოებამ მაშინ ნახა ფარული ჩანაწერი, სადაც ბექაური რამიშვილს ფულს აძლევს იმ ჟურნალისტური გამოძიების დაბლოკვის სანაცვლოდ, რომელიც ბექაურის ბიზნესზე მაკომპრომეტირებელ მასალებს შეიცავდა და რომელიც „202“-ის ეთერში უნდა გასულიყო. რამიშვილი მაშინაც და დღესაც ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ ის სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი იყო:

”მე ვარ პოლიტპატიმარი, პროვოკაციის მსხვერპლი, არ ვარ გამომძალველი, მე მაქვს ჩემი ახსნა და ჩემს ხალხს ყველაფერს ავუხსნი. ამ ოთხმა წელმა ცხადყო, თუ ვინ ვინ არის და ვინ არის ჩემი მტერი და პროვოკაციის მომწყობი.”

შალვა რამიშვილი და მისი ადვოკატი გოჩა სვანიძე დღესაც აცხადებენ, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული, რომ ციხეში მისი უფლებები ირღვეოდა, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამიშვილმა შეწყალებაზე უარი განაცხადა, მისი ადვოკატი გოჩა სვანიძე კორექტირებას უკეთებს და ამბობს, რომ ეს არ არის ზუსტი ფორმულირება:

”შეწყალების საკითხი შალვასთან მიმართებაში საერთოდ არ დამდგარა. მან უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე. მან უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე, თორემ თუ ვინმე ვადამდე გამოუშვებდა, ამის წინააღმდეგი შალვა არასოდეს ყოფილა.”

კონკრეტულ გეგმებზე შალვა რამიშვილს დღეს საუბარი უჭირს, თუმცა რამდენიმე ზოგადი გეგმა და იდეებით სავსე ერთი რვეული უკვე არსებობს. ის არც ახალი ტელეპროექტის გაკეთებას გამორიცხავს, თუმცა ყველაზე გამოკვეთილი მიზანი მაინც ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაა:

”მე ვაპირებ, რომ ადამიანის უფლებები დავიცვა, - ჩემი მეგობრების, რომლებიც ციხეში სხედან. 500 ადამიანს არა აქვს საწოლი. ის პრობლემა, რაც იყო მეხუთე საპყრობილეში, რომელიც დაანგრიეს, ისევ გაჩნდა ახალ საპყრობილეებში. პენიტენციალური სისტემა ისე კარგად ვიცი, რომ ეს ბატონ საშკინს ვერც წარმოუდგენია და ამიტომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია მართლა ამ სფეროში. ზუსტად ვიცი, სად რა ხდება და ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. პატიმრები არიან ძალიან მძიმე დღეში და მე მათ ვუშველი.“

გეგმების გარდა, აქვს კიდევ ერთი სურვილიც - შეხვდეს სააკაშვილს, როგორც ძველ მეგობარს, რადგან მისთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი.

რა სახით დაუბრუნდება რამიშვილი საზოგადოებრივ ცხოვრებას, ჯერ არც მისი მეუღლის თეა აბაშმაძისთვისაა ცნობილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ შეთავაზებები ექნება.

შალვა რამიშვილის სახლის ეზოში 26 აგვისტოს მისმა მეგობრებმა, ყოფილმა თანამშრომლებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც მოიყარეს თავი. სახალხო პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი იქ შალვა რამიშვილის მეგობრის სტატუსით მივიდა:

”სააკაშვილს კარგად ესმის შალვა რამიშვილის ფასი და სწორედ ამიტომ გამოკეტა. და ის დააპატიმრეს იმიტომ, რომ ტელეკომპანია ”202”-ის ეთერში გადიოდა ”დარდუბალა”, რომელზეც სააკაშვილი გიჟდებოდა და ეს არის მისი პირადი შურისძიება და, შესაბამისად, რამიშვილიც არის მისი პოლიტპატიმარი.”

სანამ შალვა რამიშვილი ადამიანის უფლებების დამცველად მოგვევლინება ან, სულაც, ახალ ტელეპროექტს წამოიწყებს, მანამ მას ხელისუფლებისთვის ერთი გზავნილი აქვს:

”საკურას ნედლი ტოტი, რომელიც დრეკადია, თოვლის საფარქვეშ იზნიქება, ჩამოიშორებს თოვლის საფარს და ისევ სწორდება, ხმელი და მტკიცედ რომ დგას კი, ტყდება. ნუ მოიქცევიან, რა, საკურას ხმელი ტოტივით, თორემ გასაგებია, რაც მოხდება.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG