Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრი


ზურაბ პოლოლიკაშვილი (მარცხნივ) და ნიკა გილაური
ზურაბ პოლოლიკაშვილი (მარცხნივ) და ნიკა გილაური
26 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მთავრობის ახალი წევრი წარუდგინა. ნიკა გილაურის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაიკავა. დიპლომატიური სამსახურის დაწყებამდე პოლოლიკაშვილი „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალის დირექტორად მუშაობდა, არის 32 წლის, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი და ფლობს ექვს უცხო ენას. საინტერესოა რატომ შეჩერდა პრემიერ-მინისტრის ყურადღება ზურაბ პოლოლიკაშვილზე და რის შეცვალს შეძლებს ეკონომიკის ახალი მინისტრი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა არასრული ერთი კვირის განმავლობაში იყო ვაკანტური. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ზურაბ პოლოლიკაშვილი პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნა.

ნიკა გილაური: „ზურა იქნება ის მინისტრი, რომელიც გადაჭრის საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებს და ამას ყველაზე კარგად გაართმევს თავს. ლაპარაკია პრივატიზაციაზე, ინვესტორების მოზიდვაზე, უცხოური კაპიტალის საქართველოში შემოტანაზე, რისი გამოცდილებაც მას აქვს. ასევე მას მოუწევს ადგილზე კერძო სექტორის პროლემების გადაწყვეტა.“

ამ და სხვა პრობლემების გადაწყვეტა, ნიკა გილაურის თქმით, ვერ შეძლო ზურაბ პოლოლიკაშვილის წინამორბედმა. პრემიერ-მინისტრმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელსაც ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობდა, ხელი შეუშალა ჰესების მშენებლობის დროულად დაწყებას და სოსოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოებას. გილაურის თქმით, სამინისტრომ ასევე ვერ გაართვა თავი ინვესტიციების მოზიდვასა და პრივატიზებისათვის გამზადებული ობიექტების გასხვისებას. ბრალდებების პასუხად ლაშა ჟვანიამ თანამდებობის დატოვების წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ყველა ბრალდება საფუძველს მოკლებულია და რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი სულ სხვაა:

„ვგულისხმობ, პირველ რიგში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომლის გაფორმება დასაჩქარებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობს პრემიერ-მინისტრი გილაური და მის გარშემო არსებული გუნდი, რომლის ერთი ნაწილი მე გავათავისუფლე სამინისტროდან. ამის გამო, ბუნებრივია, დაპირისპირება იმთავითვე ჩადებული იყო, რადგანაც მე მქონდა კონცეპტუალური და აბსოლუტური შეუსაბამობა ამ გუნდთან, რომელსაც ჰქვია ბატონ კახა ბენდუქიძის გუნდი“, განაცხადა ლაშა ჟვანიამ.


ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების განსხვავებულ ვერსიებზე ლაპარაკობენ ეკონომიკის ექსპერტები. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებით ხელისუფლებამ ეკონომიკური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის ნაცადი ხერხი გამოიყენა.

„ეკონომიკური ფონია ისეთი მძიმე, რომ განტევების ვაცების გამოაშკარავებისა და ბარტყების გადაგდების დრო დგება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა, - „თუმცა ჟვანია შეიძლება იყოს ერთთვიანი თემა, ერთი თვის შემდეგ მორიგი ბარტყის გადაგდების დრო დადგება. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი დღევანდელი გადამგდები იყოს.“

გია ხუხაშვილისგან განსხვავებით, ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა, მიიჩნევს, რომ ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან შეუთავსებლობაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში ატარებს.

ლადო პაპავა: „ბენდუქიძის იდეოლოგიით გატარებული კურსი უცვლელი რჩება. პოლოლიკაშვილის მოსვლა სხვას არაფერს ნიშნავს. იგი ბოლო წლებში საერთოდ ჩამოშორებული იყო ეკონომიკურ საქმიანობას, ქვეყანაში არ უცხოვრია. შესაბამისად, სანამ ის გაერკვევა, ქვეყნის ეკონომიკაში რა არის გასაკეთებელი და, საეროთდ, საითკენ მიდის ქვეყნის ეკონომიკა, მანამდე მას დახვდება მზა რეცეპტები და სქემები, რომლებიც აგრერიგად აპრობირებულია საქართველოს მთავრობაში. ჟვანია იყო ამ გენერალური ხაზიდან ერთგვარი ამოვარდნა. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკონომიკა არ ესმოდა, იპოვა თავისთვის მომგებიანი პოლიტიკური პლატფორმა. საუბარია ევროინტეგრაციაზე, რაც მიუღებელია საქართველოს მთავრობისათვის. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა სულ უფრო აშორებს ქვეყნის ეკონომიკას ევროკავშირისგან.“

ეს იყო პროფესორი ლადო პაპავა, რომლის თქმითაც, ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრირების გარეშე საქართველოს გაუჭირდება რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა. რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების ახალ მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისთვის თავს არ დაზოგავს, თუმცა ჯერ მოქმედების მკაფიო გეგმა არ აქვს:

„ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ამ თანამდებობაზე დანიშვნა“, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების ახალმა მინისტრმა. - „დღეიდან შევუდგები იმ დაწყებული საქმის კეთებას, რომელსაც ბოლო წლებში ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს მთავრობა.“

ზურაბ პოლოლიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნისას არაფერი უთქვამს საკადრო ცვლილებების შესახებ, თუმცა, პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი მინისტრის მწვავე დაპირისპირების გათვალისწინებით, მაღალია იმის ალბათობა, რომ ახალი მინისტრი წინამორბედის მიერ შერჩეული კადრებისგან გათავისუფლდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG