Accessibility links

რას გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი


შეთანხმება ”რეადმისიისა და ვიზების გაცემის გამარტივების” შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სავარაუდოდ, 2009 წლის ბოლომდე გაფორმდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24-25 აგვისტოს ბრიუსელში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მხარეებმა შეძლეს შეთანხმება ტექსტისა, სადაც ”გათვალისწინებულია ქართული მხარისთვის პრიორიტეტული საკითხები”. ხელმოწერამდე ტექსტი ევროკომისიამ საბოლოოდ უნდა შეუთანხმოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, რასაც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება მოჰყვება. სამუშაო პროცესში მხარეები თავს იკავებენ ტექსტის შინაარსის დაკონკრეტებისგან და არ კეთდება ოფიციალური კომენტარები დეტალებთან დაკავშირებით. და მაინც, როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი შეთანხმებები ევროკავშირთან? რამდენად გამარტივებულია სავიზო რეჟიმი?

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივა საქართველოში ბევრმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან გააიგივა და წარმოიდგინა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად სულ მალე მხოლოდ სამგზავრო ბილეთის აღება იქნება საჭირო. ისინი, ვისაც საქმე ასე მარტივად ჰგონია, თურმე ხშირად აკითხავენ ევროპული ქვეყნების საქართველოში მოქმედ საელჩოებს და, სულ მცირე, იმის დაზუსტებას ცდილობენ, როდიდან მიეცემათ მათ ამის შანსი.

მართალია, საბოლოო მიზანი სწორედ ასეთია და ამას ევროკავშირის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაც ითვალისწინებს, მაგრამ იქვე ნათქვამია ისიც, რომ საზღვრების უვიზოდ გადალახვის მიზნამდე მხარეები თანდათანობით უნდა მივიდნენ. შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ და როდის შეძლებენ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსია და მოლდავეთი - საზღვრებზე ხალხის გადაადგილების მართული და უსაფრთხო პირობების შექმნას. 7 მაისს აღმოსავლეთის პარტნიორობის პრაღის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე, შესაძლოა, სხვადასხვა დროს გადავიდნენ, სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიხედვით. ერთი სიტყვით, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და, შესაბამისად, იბადება შეკითხვა - რას მოელის საქართველო უფრო ახლო მომავალში? ტექსტი, რომელიც 24-25 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველომ და ევროკომისიამ შეათანხმა, ჯერჯერობით საჯარო არ არის, თუმცა მისი შინაარსი, სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ სხვა ქვეყნებთან უკვე გაფორმებული სტანდარტული შეთანხმებების მსგავსი იქნება. რუსეთისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარდა, ევროკავშირს მსგავსი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ უკრაინასა და მოლდავეთთან. ევროკავშირის პროექტის, ”ჯეპლაკის”, იურისტი ნინო ჩოხელი განგვიმარტავს, რომ, უკვე არსებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოსთვის მოსალოდნელი შეღავათები, ძირითადად, ვიზის საფასურისა და მისი მიღების ვადების შემცირებას უკავშირდება. თავდაპირველად შეღავათის შესახებ, რომელიც კატეგორიების მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს, ანუ ყველას, შეეხება:

”სავიზო გადასახადის საფასური მცირდება. თუკი ამჟამად შენგენის ვიზის საფასური 60 ევროა, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საფასური შემცირდება 35 ევრომდე. და ასევე, სავიზო განაცხადის განხილვის ვადა შეიზღუდება 10 კალენდარული დღით.”

აქვე დავაზუსტოთ, რომ, ძირითადად, საუბარია მოკლევადიან ვიზაზე და მის მისაღებად კვლავაც საჭირო იქნება მოწვევა და მოგზაურობის მიზნის დასასაბუთებელი დოკუმენტები. რაც შეეხება სხვადასხვა კატეგორიაში გაერთიანებულ მოქალაქეებს, მათ, ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების მიხედვით, მოგზაურობის მიზნის დასასაბუთებლად საკონსულო მხოლოდ ერთ დოკუმენტს მოსთხოვს. ”ასევე ზოგიერთი კატეგორიისთვის სავიზო გადასახადი საერთოდ გაუქმდება, ანუ აღარც ის 35 ევრო იქნება. ეს შეეხება ისეთ კატეგორიებს, როგორიც არის, მაგალითად: ოფიციალური დელეგაციები, ჟურნალისტები, სპორტული დელეგაციები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. საკმაოდ ფართო ჩამონათვალია, როგორც წესი, ყველა შეთანხმებაში.”

რაც შეეხება გრძელვადიან ვიზებს, მათი მიღება შედარებით გამარტივებული გზით შესაძლებელი იქნება ასევე გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, მაგალითად, მათთვის, ვისაც ოჯახის წევრები ჰყავს საზღვარგარეთ ანდა ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა.

ერთი სიტყვით, ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების გამარტივების პერსპექტივა ამ ეტაპზე ყველა შეზღუდვის მოხსნას ნამდვილად არ ნიშნავს. პარალელურად, ”რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში”, საქართველომ უნდა აიღოს ვალდებულება და ევროკავშირის ქვეყნებიდან დაიბრუნოს იქ არალეგალურად მყოფი არა მხოლოდ თავისი მოქალაქეები, არამედ ყველა ის პირი, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით მოხვდა. ეს კი, საკმაოდ დიდი და საკმაოდ რთული პასუხისმგებლობაა ქვეყნისთვის. ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება საქართველოსთვის.
XS
SM
MD
LG