Accessibility links

ქართული ბეჭდური მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს რუსეთის მიერ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დამოუკიდებლობის აღიარების ერთი წლის შემდეგ შექმნილი რეალობაა. „მშვიდობა რუსულად“- ასე ჰქვია გაზეთ „24 საათის“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც აღწერილია, რას ნიშნავს რუსული „სტაბილურობა“ ოკუპირებულ რეგიონებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ „24 საათისათვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში მოცემულია ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ინციდენტების სრული სია, რომლის თანახმადაც, 2008 წლის 26 აგვისტოდან დღემდე მოკლულია 12 და დაშავებულია 58 მშვიდობიანი მოქალაქე, მოკლულია 11 და სხეულის დაზიანება მიღებული აქვს 27 პოლიციელს.

აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გაზეთი „ახალი თაობა“ ბეჭდავს ინტერვიუს სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურთან სერგეი ბაღაფშთან. ინტერვიუ რუსულმა „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა. “აფხაზური სახელმწფიოებრიობის აღიარება არის ის, რისკენაც აფხაზი ხალხი მრავალი წელი ისწრაფოდა. უსაზღვროდ მადლიერნი ვართ რუსეთისა იმის გამო, რაც აქამდე გაგვიკეთა და რასაც გვიკეთებს“, - ამბობს სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. მისი განმარტებით, აფხაზეთში წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია, იმის მიუხედავად, რომ არჩევნები ჯერ არ დანიშნულა. ხელისუფლებისათვის ბრძოლა მიმდინარეობს, ოპოზიცია ამ ბრძოლაში ადრე ჩაერთო, აღნიშნავს ბაღაფში და ამბობს, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა სასაზღვრო სამსახური, რუსეთის არმიის განლაგება, გალის რაიონის მცხოვრებთა მოქალაქეობა და სხვა, მოსახლეობას ხელისუფლების საქმიანობის ნეგატიურ მხარედ მიეწოდება, თუმცა არჩევნები ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

რუსული კომპანია „ როსნეფტის“ მიერ აფხაზეთში წიაღისეულის სადაზვერვო სამუშაოების დაწყების საკითხს გაზეთი „ რეზონანსი“ აშუქებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ, სამშენებლო მასალების სოჭში გატანისა და რუსეთისათვის რკინიგზის 10 წლიანი იჯარით გადაცემის შემდეგ, აფხაზეთში „როსნეფტი“ ფუძნდება და აფხაზეთში წიაღისეულის შესწავლის პირველ ეტაპს იწყებს. „რეზონანსის“ თანახმად, თბილისში შეშფოთებას გამოთქვამენ აფხაზეთის ეკოლოგიისათვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის გამო და აღნიშნავენ, რომ ეს უფრო კრემლის პოლიტიკური დავალებაა, ვიდრე ეკონომიკური გათვლები. „აფხაზები დამოუკიდებლობის საფასურს იხდიან, რომელიც თანდათან ძვირდება“, -შენიშნავს გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში ექსპერტთა კლუბის წევრი გოჩა გვარამია. - „აფხაზები თვითონაც კარგად ხვდებიან ამას, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ. პრაქტიკულად, აფხაზეთში აღარაფერი დარჩა გაუყიდავი. რუსები ყველაფერს დაეპატრონენ. აფხაზები ხვდებიან უკვე, რა დღეშიც ჩაიგდეს საკუთარი თავი, მაგრამ რუსეთი იმდენად მომჯდარია მათზე, რომ საერთოდ ვერ იღებენ ხმას“, - წაიკითხავთ გაზეთ „რეზონანსში“, რომელიც დღესვე ბეჭდავს ოთხწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის, ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილის წერილს. წერილში შალვა რამიშვილი თავის სამომავლო გეგმებზე ზოგადად საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონფორმიზმის გზას არ დაადგება. „ მოვდივარ, რათა ვებრძოლო უზარმაზარ რეპრესიულ მონსტრს“, - ამბობს შალვა რამიშვილი.
XS
SM
MD
LG