Accessibility links

პოლონეთი პოსტკომუნისტური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის მეოცე წლისთავს ზეიმობს


ტადეუშ მაზოვიეცკის პირველი გამოსვლა პრემიერ-მინისტრის რანგში

ტადეუშ მაზოვიეცკის პირველი გამოსვლა პრემიერ-მინისტრის რანგში

დღევანდელი საუბრის თემაა პოლონეთი. ორშაბათს, 24 აგვისტოს, იქ ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი - პირველი პოსტკომუნისტური მთავრობის ფორმირების მეოცე წლისთავი - აღნიშნეს.

ამ მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლა 1989 წელს, „რკინის ფარდის“ დაცემის პროცესში, ერთ-ერთ საკვანძო მოვლენადაა მიჩნეული. მთავრობა, აქტივისტისა და ჟურნალისტის ტადეუშ მაზოვიეცკის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ შეიქმნა, რაც გაერთიანება ”სოლიდარობამ” შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა იმავე წლის ივნისში გამართულ არჩევნებში.

მოგეხსენებათ, 1989 წლის ზაფხული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაშლისა და თავიდან აღმოცენების პერიოდი იყო. ერთხანს უძლეველად მიჩნეულ „რკინის ფარდაში“ სულ უფრო მეტი ბზარები ჩნდებოდა - კომუნისტური იმპერია დასასრულს უახლოვდებოდა.

სწორედ ამ წლის აგვისტოში გაიმართა ბალტიისპირეთის ცნობილი ცოცხალი ჯაჭვი - ორი მილიონი ადამიანი ხელჩაკიდებული დადგა და ამით გააპროტესტა მოსკოვსა და ბერლინს შორის დადებული შეთანხმება, რომელმაც სამი ქვეყანა საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოაქცია.

ასევე 1989 წლის აგვისტოში უნგრეთის ოპოზიციამ ე.წ ”პანევროპულო პიკნიკი” გამართა - ღონისძიება, რომელსაც „რკინის ფარდის“ მასობრივი გარღვევა მოჰყვა აღმოსავლეთ გერმანიის ასობით მოსახლის მხრიდან, რომლებსაც უნგრელმა მცველებმა უნგრეთ-ავსტრიის საზღვრის გადაკვეთის და, შესაბამისად, დასავლეთის ბანაკში გადასვლის საშუალება უპრობლემოდ მისცეს.

ვარშავაში კი მაშინდელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა - ხელისუფლების სათავეში პირველად მოვიდა კომუნისტებისგან განსხვავებული ძალა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის“, სახით.

პრემიერ-მინისტრის პოსტი ტადეუშ მაზოვიეცკიმ დაიკავა - დისიდენტმა ჟურნალისტმა, რომელიც მანამდე „სოლიდარობის“ ჟურნალის რედაქტორი იყო.

მაზოვიეცკიმ 1989 წელს პარლამენტში ისტორიული გამოსვლისას განაცხადა:

”მინდა ისეთი მთავრობა ჩამოვაყალიბო, რომელიც შეძლებს დაეხმაროს საზოგადოებას, ერსა და ქვეყანას. მინდა სრულიად პოლონელი ხალხის პრემიერ-მინისტრი ვიყო.”

მანამდე, მთავრობასთან დიდი ხნის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, „სოლიდარობამ“ შეძლო თანხმობა მოეპოვებინა მოთხოვნაზე, პარლამენტის მანდატების ერთი მესამედისთვის 4 ივნისის არჩევნებში თავისუფლად ეყარათ კენჭი.

ამ პირველ ნახევრად თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება „სოლიდარობას“ ერგო - კენჭისყრაზე გატანილი მანდატებიდან ყველა, ერთის გამოკლებით, კომუნისტებისგან განსხვავებულმა ძალებმა მოიპოვეს. ამას 24 აგვისტოს მთავრობის ფორმირება მოჰყვა; უკვე სექტემბერში კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მაზოვიეცკის კანდიდატურამ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში შთამბეჭდავად გაიმარჯვა - 402 ხმით 0-ის წინააღმდეგ. 13-მა დეპუტატმა თავის შეკავება არჩია. „სოლიდარობამ“ დაამარცხა კომუნისტები, რომლებმაც მაზოვიეცკის კანდიდატურას ვერავინ დაუპირისპირეს. 1990 წლის დეკემბერში კი პოლონეთის პრეზიდენტი „სოლიდარობის“
ლიდერი ლეხ ვალენსა გახდა.

მსოფლიოს თვალში კომუნისტური ბლოკის საბოლოო დაცემისა და ევროპის დაყოფის დასასრულის სიმბოლო გახდა ბერლინის კედლის დანგრევა 1989 წლის ნოემბერში. თუმცა ბევრი პოლონელი ამას ბოლომდე არ იზიარებს და აცხადებს, რომ მომენტი, როდესაც ევროპას საბჭოეთის გავლენა მოეხსნა და იქ დემოკრატიამ დაიწყო დაბრუნება, მათ ქვეყანაში დადგა ზუსტად 20 წლის წინ - პირველი პოსტკომუნისტური მთავრობის ფორმირების ფაქტით.
XS
SM
MD
LG