Accessibility links

logo-print
ფრინველები სხვადასხვანაირად რეაგირებენ გადაჭარბებულ ხმაურზე. ბევრი მათგანი ერიდება ხმაურიან ადგილს და უფრო მშვიდ გარემოს ეძებს. მაგრამ ამერიკელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ფრინველთა უმეტესობა მართლაც გაურბის ხმაურს. ერთ ნაწილზე ხმაური გავლენას არ ახდენს, მაგრამ არსებობს სახეობები, რომლებიც საგანგებოდ ეძებენ ხმაურიან ადგილებს და სარგებელს ნახულობს ამაში. ხმაურიანი ადგილები მათ იცავს ხმაურის მიმართ უფრო მგრძნობიარე მტაცებელი ფრინველებისგან და, ამგვარად, მათ გამრავლებას უწყობს ხელს.

“ხმაური, როგორც გარემოს დაბინძურების ფაქტორი, ცუდად შესწავლილი პრობლემაა, რომელიც ადამიანის და ცხოველთა სამყაროს კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს”, წერს კოლორადოს უნიდვერსიტეტის თანამშრომელი, კლინტონ ფრენსისი ჟურნალ Current Biology-ში. ფრენსისმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ფრინველების ქცევა ყოველგვარ ცივილიზაციას მოშორებულ ადგილებში, კოლორადოსა და ნიუ მექსიკოს იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივ გაზს მოიპოვებენ. გაზის ჭებზე დამონტაჟებული კომპრესორები საშინელ ხმაურს გამოსცემს. მაგრამ არსებობს გაზის ჭები, რომლებიც ხმაურიანი კომპრესორების გარეშე მუშაობს, თუმცა სხვა მხრივ, ყველაფერში ჩამოჰგავს ხმაურიანებს. გარდა იმისა, რომ მეცნიერები აკვირდებოდნენ ფრინველებს ორი სხვადასხვა ტიპის ჭების სიახლოვეს, ისინი დროდადრო აჩერებდნენ ხმაურიან კომპრესორებს, რათა ფრინველთა სახეობებისთვის მსგავსი პირობები შეექმნათ.

როგორც აღმოჩნდა, მრავალი სახეობა გამიზნულად არიდებს თავს ხმაურს, ზოგზე კი ხმაური აშკარად არ მოქმედებს. მაგრამ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ზოგი საგანგებოდ ირჩევს ბუდის გასაკეთებლად ხმაურიან ადგილს. ამ არჩევანის მეშვეობით ისინი ზრდიან გამრავლების შანსებს, ვინაიდან დაცული არიან ისეთი მტაცებელი ფრინველებისგან, რომლებსაც ხმაური არ უყვართ.

ასე რომ, ადამიანის მიერ წარმოქმნილ ხმაურს ბევრად უფრო დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ცხოველთა სამყაროზე, ვიდრე ეს აქამდე ვიცოდით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხმაურით გარემოს დაბინძურება სულ უფრო მატულობს, განსაკუთრებით სასარგებლოა იმის ცოდნა, რომელი ცოცხალი არსება როგორ რეაგირებს ადამიანის მიერ წარმოქმნილ ხმაურზე.
XS
SM
MD
LG