Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხის სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან


ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება დაიწყო. სკოლის დირექტორები დღეს რესურსცენტრის ხელმძღვანელს არსებულ ვითარებას აცნობდნენ. სკოლის შენობების მდგომარეობა, მოსწავლეთა კონტინგენტი, მასწავლებელთა სერტიფიცირება და სახელმძღვანელოები - ეს არის იმ ძირითად პრობლემათა ნუსხა, რაზეც დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლები მსჯელობდნენ. საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ჭუმბურიძე ამბობს, რომ მიგრაცია და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი მათთვისაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს:

,,პრობლემაა ის, რომ ათეული და ასეული წლების წინ აშენებული სკოლები გაურემონტებელია. ჩემი სკოლა მომავალ წელს არის ჩასმული. მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, სოფელი განიცდის მიგრაციას, საშუალო სკოლაა და 100-მდე ბავშვი ძლივს გვყავს. მეორე მთავარი პრობლემა ძვირი სახელმძღვანელოებია: 10 –12 ლარზე ნაკლები წიგნი არ ღირს. მე-5 კლასის ბავშვს წიგნები რომ უყიდო, 130 – 150 ლარი მაინც გჭირდება მარტო წიგნებსა და რვეულებში. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ხელმიუწვდომელია.“

სოფელ კლდის საჯარო სკოლის ძირითადი რეაბილიტაცია 2007 წელს განხორციელდა, თუმცა მაშინ მხოლოდ პირველი კორპუსი გარემონტდა, რომელიც 100 ბავშვზეა გათვლილი. ამ დროისათვის სკოლაში 157 მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორი მალხაზ ბლუაშვილი ამბობს, რომ მათთან სოფელ წნისის საბაზო სკოლის კურსდამთავრებულებიც სწავლობენ, რის გამოც სკოლის ხარჯებით ხდება მოსწავლეთა ტრანსპორტირება. დირექტორის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ სკოლა დეფიციტური გახდეს, რის გამოც ავტობუსის მოვლა-პატრონობა სკოლას მთელი წლის განმავლობაში 1 500 ლარი უჯდება. მალხაზ ბლუაშვილი განმარტავს, რომ სკოლაში მათ ორი მნიშვნელოვანი სიახლე აქვთ:

,,სკოლაში გვაქვს წიგნების გაქირავების სისტემა. კერძოდ, თუ წიგნების საბაზო ღირებულება 150 ლარია, ჩვენ მთლიან კომპლექტს 30 ლარად ვაქირავებთ მთელი წლის განმავლობაში, წლის ბოლოს კი ბავშვი უკან აბრუნებს. წელს სკოლებში სახელობო საგნების დანერგვაც ხდება. ჩვენ ორი განაცხადი გავაკეთეთ - საავტომობილო საქმესა და კომპიუტერულ პროგრამირებას შეისწავლიან. სახელობო სწავლება, ძირითადად, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი. სახელობო სწავლება სკოლებში იმიტომ შემოვიღეთ, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი პროფესიულ ცენტრებში გადიოდა სასწავლებლად საბაზო კურსის შემდეგ. იმისათვის, რომ სკოლას დანაკარგი არ ჰქონოდა და მოსწავლეთა გადინება არ მომხდარიყო, შემოვიღეთ ეს.“

ახალციხის მე-6 სკოლა ერთ-ერთი ნოვატორია იმ სკოლებს შორის, რომლებიც თურქეთისა და საბერძნეთის სკოლებთან არიან დამეგობრებულნი. სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ფიქრობს, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირებისთვის დანიშნული ტრენინგები ხელს არ შეუშლის გაკვეთილების ჩატარების პროცესს:

,,ვაუჩერები უნდა დაურიგდეთ მშობლიური ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის მასწავლებლებს, რომელთა საფუძველზეც მათ გადამზადება უნდა გაიარონ სახელმწიფოს ხარჯზე. არის ორგანიზაციები, სადაც გაივლიან მასწავლებლები რეგისტრაციას და იქვე გაივლიან მომზადებას იმისათვის, რომ მათ შემდეგ ჩააბარონ გამოცდები და მიიღონ სერტიფიკატი. ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელი გაივლის ამ მომზადებას და ვფიქრობ, რომ წარმატებით.“

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლებს უკვე დაურიგდათ აკრედიტებული პროგრამები. მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ვაუჩერები მოქმედი პედაგოგების მიერ ნოემბრამდე უნდა შეივსოს. ვაუჩერის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ მხოლოდ 4 კრედიტი ფინანსდება. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია კობესაშვილი იმ სიახლეებზე საუბრობს, რომლებიც წელს დაიგეგმა:

,,რემონტდება 5 საჯარო სკოლა - ღრელის, ვალის მე-4 სკოლის, ზიკილიის, ახალციხის მე-5 სკოლის და ურავლის. გარდა ამისა, გარკვეული შეღავათები ექნებათ სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს, პირველკლასელებს ოღონდ. გარდა ამისა, თუ სურვილი ექნებათ წელს უკვე სკოლებს შეუძლიათ სახელმძღვანელოების არჩევანში გააკეთონ ცვლილება, ოღონდ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცვლილებას ვეღარ შეიტანენ. ადრე იყო, რომ სახელმძღვანელოს რომ აირჩევდა სკოლა, სავალდებულო იყო, რომ ამ სახელმძღვანელოთი 3 წელი ესწავლა. წელს ეს ვადა გასულია და სკოლას შეუძლია ეს ცვლილება გააკეთოს, თუ კი ამის აუცილებლობა იქნება.“

ლია კობესაშვილის განმარტებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საფეხურის მოსწავლეთა დაახლოებით 50 % წელს უკვე ახალი, ერთადგილიანი მერხებით ისარგებლებს. რაც შეეხება სკოლების გარემონტებას, რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სკოლები საჭიროებისა და მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით შეირჩა. ხუთი სკოლის გარემონტებას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დასჭირდა.
XS
SM
MD
LG