Accessibility links

logo-print

ოპოზიციური პარტიები სერგო ბესელიას გათავისუფლებას ითხოვენ


საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს მიმართვა, რომელშიც ეკა ბესელიას ძმისა და შვილის მიმართ ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაა შეფასებული. „საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებებისა და პირობის მიუხედავად, კვლავ ჰყავს ათეულობით პოლიტპატიმარი. იგი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრები, პრაქტიკულად პატიმრობაში მძევლად ჰყავს. მოვითხოვთ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ეკა ბესელიას შვილისა და ძმის მიმართ და გათავისუფლდეს პატიმრობიდან სერგო ბესელია,“ -ნათქვამია მიმართვაში. ორგანიზაციის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას შვილი და ძმა ქობულეთის პოლიციამ 19 აგვისტოს დააკავა. 22 აგვისტოს ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ქობულეთის საქალაქო სასამართლომ რატი მილორავას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო, ხოლო სერგო ბესელიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG