Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 აგვისტო 2009


„გაეხვევა თუ არა საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში?!“ - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე „ყველა სიახლეს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ინგლისური კომპანია „Themes steel”-ის დირექტორი თომას ბლეიკი ესაუბრა. როგორც ბლეიკი გაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, მფლობელებს ქარხანასთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია აქვთ, რადგან ქარხნის მენეჯმენტი მათ საწარმოში შესვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის საშუალებას არ აძლევს. „ სამწუხაროდ, არ გვეძლევა ჩვენი მოვალეობების შესრულების საშუალება, რადგან მენეჯმენტი არ თანამშრომლობს ჩვენთან და, ამავე დროს, ქართული კანონმდებლობა ხელს გვიშლის ჩვენი უფლებების რეალიზებაში. შედეგად კი, ვერ ვახერხებთ შევცვალოთ ის გუნდი, რომელიც დღევანდელ მენეჯმენტს წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლებელია შეცვალო ქართულ კომპანიაში მოქმედი დირექტორი ამ დირექტორის თანხმობის გარეშე“, - უთხრა გაზეთს თომას ბლეიკმა, რომელიც აღნიშნავს, რომ კომპანია საკუთარი ინტერესების დაცვას სამართლებრივი გზით ცდილობს.

„უკავშირდება თუ არა ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გაშვება მეტალურგიული ქარხნის სკანდალს, ძნელი სათქმელია“, - შენიშნავს „ყველა სიახლე.“ საქართველოს მთავრობაში მიმდინარე პროცესებს კი დღეს გამოსული თითქმის ყველა სხვა გაზეთი ეხმიანება. გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, რომ ჟვანიას შეცვლას ექსპერტები სააკაშვილის მიერ საკუთარ გუნდში გავლენის დაკარგვად აფასებენ და უახლოეს პერიოდში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასაც არ გამორიცხავენ. ასეთია, მაგალითად, რამაზ კლიმიაშვილი, რომლის შეფასებითაც, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებამდეც კი ჩატარდეს. „ლიდერის გამოკვეთის პროცესი დაიწყო და ყველაფერი, რაც ხელისუფლებაში ხდება, ამაზე მიანიშნებს“, ამბობს ექსპერტი, რომლის აზრითაც, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ერთ ლიდერზე სექტემბერში ორივე მხარე უნდა ჩამოყალიბდეს.

გილაური სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, - უთხრა გაზეთ „ახალ თაობას“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მართლაც ისე მოხდა, როგორც ითქვა, კერძოდ, გილაურმა ისეთი მინისტრის გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც პრეზიდენტს არ უნდოდა, მაშინ ადრე თუ გვიან გილაურის დროც მოვა.

დაუპირისპირდება თუ არა გიგი უგულავა „ელიტ-ელექტრონიკსის“ გამო საგადასახადო ინსპექციას? - კითხულობს გაზეთი „ალია“ და აცხადებს: „ თუ გავითვალისწინებთ არსებულ დაპირისპირებას, რაზეც „ალია“ არაერთხელ წერდა, გამოდის, რომ გიგიმ გუშინ ჰაერში გაფრენილი სიტყვები თქვა. ესეც რომ არა, ფირმას პრობლემა საგადასახადოსთან აქვს და, თუ გიგი საგადასახადოს ფუნქციებში შეიჭრება, ეს იქნება გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის კლასიკური მაგალითი, ეს იქნება დაფიქსირებული ზეწოლა. ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს ფინანსთა სამინისტრო, არც საგადასახადო; უგულავა, მით უმეტეს.“
თბილისის მერი გიგი უგულავა გუშინ „ელიტ-ელექტრონიკსის“ უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს პრობლემის 10 დღეში მოგვარებას დაჰპირდა. „ელიტ-ელექტრონიკსის“ მფლობელმა ანზორ ქოქოლაძემ კი „ალიას“ განუცხადა, რომ საგადასახადო სტრუქტურასთან დავალიანების შესახებ დავის საკითხში ჯერჯერობით პოზიტივი არ ჩანს.
XS
SM
MD
LG