Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის რკინიგზა 10 წლის ვადით რუსეთის მფლობელობაში გადადის?


აფხაზეთის რკინიგზა ათი წლის ვადით რუსეთის მფლობელობაში გადადის. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას მიღებული აქვს. სერგეი ბაღაფშმა რუსეთის მედიისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ღია საზოგადოება ”რუსეთის რკინიგზა” აფხაზეთის რკინიგზას, დაახლოებით, 2 მილიარდ რუბლად მიიღებს. საქართველოს მხარე აფხაზეთის რკინიგზის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს... საპროტესტო განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საგარეო უწყების წარმომადგენლებმა 27 აგვისტოს ამ და სხვა საკითხების გამო საქართველოში უცხო ქვეყნების წარმომადგენელ დიპლომატებს თავიანთი შეშფოთება გაუზიარეს.

აფხაზეთის რკინიგზაზე სამუშაოების დაფინანსებისა და რკინიგზის შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. აფხაზეთის რკინიგზა 2 მილიარდ რუბლად ”რუსეთის რკინიგზის” მმართველობაში გადადის. სერგეი ბაღაფშს გადაწყვეტილების მიღებაში ხელი ვერ შეუშალა საკუთარი ოპოზიციის შეშფოთებამ. აფხაზეთის რკინიგზის რუსეთისთვის გადაცემის განზრახვას ”აფხაზეთის ერთიანობის ფორუმი” ჯერ კიდევ მაისში აპროტესტებდა. თავის ღია მიმართვაში ფორუმის წევრები მაშინ აღნიშნავდნენ:

” ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზა და აეროპორტი 10 წლის ვადით რუსეთის ხელში უნდა გადავიდეს. გარდა ამისა, უნდა შევიდეს შესწორება კანონში - „უძრავი ქონების უცხოელი მოქალაქეებისთვის მიყიდვის ლეგალიზაცია“. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ რუსეთთან, მაგრამ ქვეყნის ინფრასტრუქტურის კონტროლი აფხაზეთის იურისდიქციის ქვეშ უნდა დარჩეს. იმედია, აფხაზეთის მთავრობას ახსოვს თარიღები, როცა აფხაზი ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა. ჩვენ არ დავუშვებთ ხელისუფლების მხრიდან აფხაზი ხალხის დამცირებას და გადაშენებას.”

როგორ უპასუხა საკუთარ ოპოზიციას მაშინ ბაღაფშმა? - ”სხვებმა მაპატიონ, ვიმეორებ რეგვენთა გასაგონად. ვლადიმირ პუტინს კრედიტი ვთხოვე ”რუსეთის რკინიგზისთვის”. კრედიტი რუსეთის მხარეს მიეცემა და არა ჩვენ. ეს - ერთი. მეორე, კრედიტს გადაიხდის არა სახელმწიფო, არამედ ბიზნესი. მესამე, რუსეთისთვის რკინიგზაზე მმართველობის გადაცემა ხდება იმისთვის, რომ რკინიგზის მუშაობისთვის საერთაშორისო კოდებია საჭირო, რაც ჩვენ არა გვაქვს. ასეთივე სიტუაციაა აეროპორტთან დაკავშირებით. საკითხი ჯერ არ გადაგვიწყვეტია და უკვე ხმაური ატეხეთ. რამდენიც არ უნდა იხმაუროთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. აფხაზეთში რკინიგზა და აეროპორტი იმუშავებს და რაც გინდათ, ის ილაპარაკეთ.”

”აფხაზეთმა უნდა გააფორმოს შეთანხმება რუსეთთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ, საერთაშორისო კოდების უქონლობის პირობებში, აფხაზეთის რკინიგზით ვერსად გავალთ, გარდა რუსეთისა. ასევეა აეროპორტის შემთხვევაშიც. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება გადავცეთ რუსეთს რკინიგზა და აეროპორტი. სქემა მარტივია: რუსეთის რკინიგზა ხაზის აღდგენაში დაგვეხმარება; ამისთვის კრედიტს მას ის კომპანია გადაუხდის, რომელიც რკინიგზის საშუალებით ღორღს, ქვიშას, ხრეშს და სხვა ტვირთებს გადაიტანს ”,- აცხადებს სერგეი ბაღაფში დღეს. მის მიერ ჩამოთვლილი ტვირთი, ცნობილია, რუსეთს სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებლად, მშენებლობისთვის სჭირდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დღეებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ძარცვა.

”რუსეთის საოკუპაციო ჯარის ზედამხედველობით, აფხაზეთიდან ხორციელდება ეროვნული სიმდიდრის ძარცვა. ამავე დროს, ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნათა სრული იგნორირებით მიმდინარეობს სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო ობიექტების მშენებლობისთვის ინერტული მასალების ამოღება, ტყეების ჩეხა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა შავიზღვისპირა რეგიონი, შესაძლოა, ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანოს”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს
განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება ასევე ეხმაურება აფხაზეთის რკინიგზის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას, აფხაზეთის რკინიგზის რუსეთის სარკინიგზო ქსელში ჩართვის მიზნით. საქართველოს მხარე ასეთ ქმედებას განიხილავს საქართველოს განუყოფელ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების მორიგ ეტაპად და აღნიშნავს, რომ რუსეთის ნაბიჯი არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების ურღვეობას. საქართველომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებს, მიიღონ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ზომები საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მტაცებლური ქმედებების აღსაკვეთად.

საქმე ისაა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მის ქმედებებზე დასავლეთის რეაქციას ყურადღებას არ აქცევს. რუსეთს მოუწოდებენ შეასრულოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, ის კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წარმომადგენლობას, პირიქით, აფართოებს. ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო შემადგენლობის კიდევ უფრო გაზრდის განზრახვის შესახებ. პუტინი მიღწეულით კმაყოფილია და ამიტომ სოხუმში ყოფნისას მან მადლობა გადაუხადა აფხაზ უხუცესებს ისეთი თაობის აღზრდისთვის, რომელმაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე აიყვანა:

”მთავარი სამუშაო თქვენ გასწიეთ, უფროსმა თაობამ. თქვენ აღზარდეთ ის თაობა, რომელიც დღეს წარმოადგენს რესპუბლიკას, რომელმაც შეძლო გაერღვია ბლოკადა და მოემზადებინა პირობები დღევანდელი რეალობისთვის.”

ასე გადაუხადა მადლობა პუტინმა აფხაზ უხუცესებს იმ თაობის აღზრდისთვის, რომლის წარმომადგენელიც, სერგეი ბაღაფში, შეკითხვას, როგორ შეიძლება გადაწყდეს აფხაზეთიდან დევნილთა საკითხი, უპასუხებს :” მოდით, ნუღარ ვიფიქრებთ აფხაზეთში ქართველების დაბრუნებაზე. ეს შეუძლებელია. ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც ასე განიცდის ქართველი დევნილების ბედს, ჯობს ფული საქართველოს არმიის გაძლიერებას კი არა, ამ ადამიანებს დაახარჯოს და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.”
XS
SM
MD
LG