Accessibility links

კრემლი კოკოითის ზურგს აქცევს


ვლადიმირ პუტინის და ედუარდ კოკოითის შეხვედრა მოსკოვში 26 აგვისტოს

ვლადიმირ პუტინის და ედუარდ კოკოითის შეხვედრა მოსკოვში 26 აგვისტოს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება უკმაყოფილოა სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენის საქმიანობით. სავარაუდოდ, ედუარდ კოკოითის დახმარების სახით გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვის გამო ედავებიან. სეპარატისტთა ლიდერს ასევე არ სწყალობს თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობაც, რომლის დიდ ნაწილს ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე კვლავ უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება.

ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეები რამდენიმე თვის წინ ცხინვალში ჩასულ რუსეთის პრეზიდენტს. მსგავსი გულითადი დახვედრა ელოდა პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინსაც, თუმცა ამ უკანასკნელმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავზე ცხინვალში ჩასვლა გადაიფიქრა. 26 აგვისტოს ედუარდ კოკოითი თავად დაიბარეს მოსკოვში. სეპარატისტთა ლიდერს მოუწია იმის აღიარება, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი 11 მილიარდი რუბლით, 600-ის ნაცვლად, მხოლოდ 70 შენობის აღდგენა მოხერხდა. რუსული ინტერნეტგამოცემის „ვრემია ნოვოსტეის“ ცნობით, ამ და სხვა არაერთი გარემოების გამო, რუსეთის ხელისუფლება კოკოითის საქმიანობით უკმაყოფილოა. გაზეთს არაბუნებრივად მიაჩნია ის, რომ 26 აგვისტოს ცხინვალში რუსეთიდან ერთი საპატიო სტუმარიც კი არ ჩავიდა. უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა კოკოითის დაპირისპირება ალბერტ ჯუსოითისთან, რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის, „სტროიპროგრესის“, ხელმძღვანელთან. ეს ინფორმაცია რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმაც დაასტურა. მისი თქმით, ამ დაპირისპირებას, ფინანსურის გარდა, პოლიტიკური შემადგენელიც აქვს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი ამბობს, რომ ჯუსოითი, სეპარატისტული რეჟიმის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ანატოლი ბარანკევიჩთან ერთად, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაშიცაა ჩაბმული:

„ჯუსოითი და ბარანკევიჩი არის უკვე ერთი გუნდი და ისინი ერთად აწყობენ მოსკოვში პრესკონფერენციებს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჯუსოითი ეხმარებოდა ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს, მაგრამ კოკოითიმ იმდენი ქნა, რომ ეს პარტია საერთოდ დაშალა.“

თუმცა ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ კოკოითის ეს წარმატება დროებითია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის პაატა დვითაიას თქმით, სეპარატისტთა ბედს თავიდან ბოლომდე მოსკოვი წყვეტს.

ცხინვალის რეგიონში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას რომ რუსეთი იღებს, ამაში ეჭვი არც დამოუკიდებელ ექსპერტებს ეპარებათ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლების უკმაყოფილების ხარისხი განსაზღვრავს იმას, დარჩება თუ არა ედუარდ კოკოითი ხელისუფლებაში 2011 წლამდე, ანუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე:

„კოკოითის მიმართ უკმაყოფილება არსებობს არა მარტო მოსკოვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც, რადგანაც მან გაფლანგა მთელი ის თანხა, რომელიც ცხინვალის რეგიონის აღდგენისათვის გამოიყო. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მის წინააღმდეგ რაღაც მოქმედებები მიმდინარეობს.“

რადიო თავისუფლება: რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა კოკოითის წინააღმდეგ, ის ხომ მოსკოვის მიერვე მხარდაჭერილი არჩევნებით გახდა პრეზიდენტი?

პაატა ზაქარეიშვილი: „კი, არჩეულია და, გარკვეულწილად, ხალხის ნებასაც გამოხატავს. ამიტომ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აიძულონ ან ავადმყოფობის მომიზეზებით გაუშვან...“

რადიო თავისუფლება: თუ აქვს კოკოითის იმის რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და დამოუკიდებლად იმოქმედოს?

პაატა ზაქარეიშვილი: „ცხადია, ამის რესურსი მას არ აქვს. რუსეთი დიდი და ძლიერია. ბოლოს და ბოლოს, რუსეთს შეუძლია მისი ლიკვიდაცია.“

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ ამ დაპირისპირებას საქართველოსთვის რამე სასიკეთო ცვლილება მოჰყვეს?

პაატა ზაქარეიშვილი: „არა, გამორიცხულია! პირიქით! კოკოითი რუსეთს შეიძლება იმის გამო არ აწყობს, რომ კორუფციის გამო პრობლემებს უქმნის. ანუ სჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც უფრო ეფექტურად მართავს და უფრო ეფექტურად ჩააბარებს ცხინვალის რეგიონს.“
XS
SM
MD
LG