Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად არის დამოკიდებული ინვესტიციების მოზიდვა თანამდებობის პირებზე


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე უკვე მეორედ დაინიშნა ყოფილი ელჩი. როგორც ცნობილია, ახალი მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, უძღვებოდა საქართველოს საელჩოს საქმიანობას ესპანეთის სამეფოში, ხოლო მისი წინამორბედი, ლაშა ჟვანია, ელჩი გახლდათ ისრაელში. იბადება შეკითხვები : რა უდევს საფუძვლად ამ საკადრო ასოციაციებს? რა არის ის საერთო კრიტერიუმი, რომელსაც ხელისუფლება ელჩისა და ეკონომიკის მინისტრის შესაფასებლად იყენებს და რამდენად არის დამოკიდებული ამ კრიტერიუმით გათვალისწინებული მოთხოვნის წარმატება კონკრეტულ თანამდებობის პირზე?

როდესაც ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე საზოგადოებას ზურაბ პოლოლიკაშვილი წარუდგინა, 26 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის ახალი წევრის ძირითადი ამოცანებიც ჩამოთვალა: ”ეს არის: პრივატიზაცია, ინვესტორების მოზიდვა, უცხოური კაპიტალის შემოყვანა საქართველოში, ძალიან აქტიური მუშაობა უცხოელ ინვესტორებთან...”

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეკონომიკის მინისტრის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ და, შეიძლება ითქვას, უმთავრეს ამოცანად პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მიაჩნია. სწორედ ამ ფაქტორისადმი არასაკმარისი და უყურადღებო მიდგომა დაასახელა ნიკა გილაურმა 21 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ლაშა ჟვანიას გათავისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. თუკი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა დროს გაკეთებულ არაერთ განცხადებას გავითვალისწინებთ, ასევე ინვესტიციების მოზიდვის მიხედვით ფასდება საქართველოდან ამა თუ იმ ქვეყანაში წარგზავნილი ელჩის საქმიანობაც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რა კრიტერიუმი აერთიანებს ელჩისა და ეკონომიკის მინისტრის (და არამხოლოდ მის) პასუხისმგებლობას.

საკითხი უფრო ფართო ჭრილში გადაინაცვლებს, თუკი გავიხსენებთ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შარშან, ოქტომბრის ბოლოს, გაკეთებულ კომენტარს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე თურქეთში ყოფილი ელჩის გრიგოლ მგალობლიშვილის წარდგენისას: ”... ის იყო ძალიან კარგი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში და ძალიან ბევრი თურქული ინვესტიცია აქვს შემოტანილი საქართველოში. დღეს ჩვენ გვჭირდება პრემიერი, რომელსაც აქვს ინვესტიციების მოზიდვის გამოცდილება.”

მართალია, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მგალობლიშვილის მალევე წასვლის მიზეზებს შორის არ დასახელებულა სისუსტე ინვესტიციების მოზიდვის დარგში, მაგრამ, როგორც ვთქვით, დიდწილად, სწორედ ამ შინაარსის ბრალდება დაედო საფუძვლად ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მგალობლიშვილის მიერ წარდგენილი ლაშა ჟვანიას მოხსნას სულ რაღაც 8 თვეში.
ინვესტიციებით ხელისუფლების ასეთი პრინციპული დაინტერესება ხშირად აიხსნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ვარდნის ფონით, რაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, დიდწილად, სწორედ ინვესტიციების მასშტაბის სწრაფმა შემცირებამ გამოიწვია. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობის პროგნოზით, წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 1.5%-ით შემცირება, ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 1%-იანი ზრდისა.
აშკარაა, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების საჭიროება ნამდვილად დიდია, მაგრამ რამდენად არის დამოკიდებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კონკრეტულ თანამდებობის პირზე და მის უნარზე?

ეკონომიკის სფეროს ექსპერტებისთვის ნათელია, რომ რაც უნდა მონდომებული იყოს ესა თუ ის თანამდებობის პირი, ის ამ სფეროში გარდატეხას ვერ მოახდენს მხოლოდ პიროვნული თუ პროფესიული თვისებების წყალობით. დამოუკიდებელი ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ”ინვესტორების ჩამოყვანა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის საქმე არ არის” და რომ მუშაობა მათ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით მოეთხოვებათ. ”ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური ადამიანის საქმეა... თუ მთავრობა არ ქმნის იმ პირობებს, სადაც ეს ადამიანები თავიანთ ბიზნესებს აკეთებენ კანონის ფარგლებში და იციან, რომ ხელშეუხებელი არიან მანამ, ვიდრე ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ, არაფერიც არ გამოვა”, - ამბობს დემურ გიორხელიძე.

არასახარბიელო საინვესტიციო გარემოზე ყურადღებას დავით ნარმანიაც ამახვილებს, თუმცა ეკონომიკის ექსპერტი აქვე ინვესტიციების შემაფერხებელ სხვა ფაქტორებსაც ასახელებს. სიმწვავის მიხედვით, ჩამონათვალი ასეთია:
”პირველი - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მისი გავლენა; მეორე - რუსეთის აგრესია და მისი გავლენა და მესამე - შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა აღინიშნოს - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა”. ნარმანია აზუსტებს, რომ ამ ბოლო ფაქტორთან მიმართებით ის მხოლოდ ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციებს არ გულისხმობს და რომ აქ ”ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურა” იგულისხმება. ”ერთპარტიული ვერტიკალი, მუდმივად პოლიტიკური ცუდი მეთოდებით ჭიდილი და ასე შემდეგ, ინვესტორებისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული სიგნალია.”

ინვესტორებისთვის არამიმზიდველ სიგნალებს შორის დავით ნარმანია ასევე ასახელებს ”ხშირ საკანონმდებლო ცვლილებებსაც”, რაც ბიზნესმენებში არასტაბილურობის განცდას იწვევს. ინვესტორისთვის ერთადერთ მიმზიდველ ფაქტორად დავით ნარმანია დაბალ საგადასახადო განაკვეთებს ასახელებს, თუმცა მხოლოდ ამ ერთ ფაქტორს მრავალ პრობლემასთან გამკლავება აშკარად უჭირს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG