Accessibility links

logo-print
პრაღაში ფოლკლორის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. აქ არიან მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან - კონგოდან და ჩინეთიდან, რუსეთიდან და სლოვაკეთიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან - ჩამოსული მოცეკვავეები. ფესტივალი 25 აგვისტოს დაიწყო და 30-მდე გრძელდება. წელს საქართველოდან ჩამოვიდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლი “სიხარული”, თავისი მოცეკვავე გოგო-ბიჭებით. ქართველი მოცეკვავეების სცენაზე გამოსვლამდე, კონცერტის წამყვანის მიერ მათი წარდგენისას, ქართული ყურისთვის უსიამოვნო განცხადების მოწმენი გავხდით. სრულიად ნეიტრალურ გარემოში, როცა ფოლკლორს ეხება საქმე, ამა თუ იმ ქვეყნის განსაკუთრებულ მახასიათებელთან გაქვს შეხვედრა და, აი, ასე წარმოდგენა ქართული ანსამბლისა მხოლოდ უზუსტობა არ არის.

ეს ანსამბლი, თქვა წამყვანმა, დაფუძნებული 1971 წელს, საქართველოდანაა და ძალიან ახლოსაა რუსულ ფოლკლორთან. ეს გამოცხადდა ჯერ ჩეხურ, შემდეგ კი ინგლისურ ენაზე.

ჯგუფს ჰქვია “სიხარული”, - თქვა მან შემდეგ, თარგმნა ამ სიტყვის მნიშვნელობა, ახსნა, რომ ესაა ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, საბჭოთა კავშირიდან, და მიმართა მაყურებელს: ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნახავთ ახლა ტრადიციულ რუსეთსო. ამას მოჰყვა იქ მყოფი ქართველი მაყურებლის საპროტესო შეძახილები, რის გამოც წამყვანმა თქვა: ისინი ბრაზობენ, მაგრამ რა ვქნა, მე ასე მიწერიაო, და, ბოლოს, სცენა დაუთმო “სიხარულს”.

ცეკვა „ქართულს“ სვანური ენაცვლებოდა, მას კი - ხევსურული და მთიულური.
მაშინ, როცა სვანურს ცეკვავდნენ ბიჭები, კულისებში გავესაუბრეთ სცენაზე გამოსვლის მოლოდინში მყოფ გოგონებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ცოტა ღელავენ.

ქართულ საცეკვაო ჰანგებზე მოცეკვავე ბავშვებს მონუსხული უყურებდა პრაღის ცენტრში, ისტორიული ხილის ბაზრის მოედანზე, ღია ცის ქვეშ შეკრებილი ასეულობით მაყურებელი, პრაღელი თუ ტურისტი. თავიდან ისინი თითქოს ვერ ჩაერთვნენ ქართულ ჰანგებში,რაც სიცხის ბრალიც იყო,შემდეგ კი გამოფხიზლდნენ და ხანდახან ტაშით აჰყვებოდენენ ხოლმე ცეკვას, ხანაც, უბრალოდ, ოვაციას მართავდნენ.

„სიხარულის“ გამოსვლის შემდეგ სცენაზე სხვები ავიდნენ. მოცეკვავეებმა, მათმა თანმხლებმა და აქაურმა ქართველებმა უკვე სცენის მიღმა, კულისებში, ღია ცის ქვეშ გააბეს მუსაიფი. აქვე გეტყვით, რომ იქ მყოფი ქართველებისა და ანსამბლის წარმომადგენლობის პროტესტმა ანსამბლ „სიხარულის“ წარმოდგენის შინაარსი შეცვალა და ახლა უკვე მხოლოდ საქართველოზე ლაპარაკობდა წამყვანი, სხვა ყოფილი და ახლანდელი სახელმწიფოები მის ნაცვლად აღარ უხსენებია.

ვთქვი, კონცერტს ესწრებოდნენ-მეთქი ქართველები. თავისი განცდები გაგვიზიარა, ასე ვთქვათ, ქართველების რძალმა, ევა ნეკვასილმა, რომელიც მეუღლესთან ერთად იყო მოსული. ევა ცოტა ხანს თბილისში ცხოვრობდა, სადაც მისი მამა დიპლომატიურ სამსახურში იყო, და ქართულსაც იქ გაუშინაურდა. ახლა ამბობს,მე ნახევრად ქართველი გავხდი და ახლა აქ, პრაღაში, ქართული ცეკვის ნახვამ თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინაო. “სიხარულის” გამოსვლას ესწრებოდნენ აქ საქართველოდან საზაფხულოდ ჩამოსულებიც. მათ შორის იყო დავით ლიკლიკაძე, რომელმაც გვითხრა, სამშობლოში მომინდა, ამათი ცეკვა რომ ვნახეო.

აი, ასე. ზოგს სამშობლო მოანატრა „სიხარულის“, ამ ხალხური ცეკვის ანსამბლის ცეკვამ, რისი ნახვის საშუალებაც ჰქონდათ პრაღელებს და მათ სტუმრებს სამი დღის გამავლობაში, საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის კონცერტებზე.
XS
SM
MD
LG