Accessibility links

logo-print
ვინც ჩვენს ბლოგს იცნობს, ისიც იცის, ვინ არიან ბატონი სოლომონი და კავკასიოლოგი. შესაძლოა, ის კი არ იცოდეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბატონმა სოლომონმა კავკასიოლოგს „შაბიამნის ზოდი“ უწოდა, ხოლო კავკასიოლოგმა სამჯერ მთხოვა, ჩემი მოსაზრება გამომეთქვა ამგვარი მიმართვის გამო. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ახალი ბლოგი სწორედ ამ საკითხისადმი მიმეძღვნა – იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი მგონია. კონკრეტულად, რა საკითხია, ამას გზადაგზა დავაზუსტებ.

თავიდან მინდა, რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს კანონი ამგვარ გამოთქმებს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, ინტერნეტი ჩვეულებრივი მედიაა, როგორც გაზეთი ან ტელევიზია. ბლოგიც მედიის ნაირსახეობაა. სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ბლოგზეც კანონი იცავს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას (ე.ი. აზრის გამოხატვას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე). ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ეს კანონი პარლამენტმა 2004 წელს მიიღო და, მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის ყველაფერს შორის, რაც ახალ ხელისუფლებას შეუქმნია.

როდესაც ჯერ კიდევ ძველი კანონი მოქმედებდა, ვანო ჩხარტიშვილმა ლევან ბერძენიშვილს უჩივლა – რატომ თქვა ჩემზე, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ქურდიაო, აბა, დამიმტკიცოს, რომ ყველაზე დიდი ქურდი მე ვარო. ბატონი ლევანი მაშინ დიდხანს უხსნიდა სასამართლოს – ფაქტად არ მითქვამს, მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე ამ ადამიანზე და ამის უფლება მქონდაო, – მაგრამ სასამართლომ მაინც გაამტყუნა. ახალ კანონში კი შავით თეთრზე წერია, რომ გამოხატვის თავისუფლება აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას გულისხმობს.

იმის შემდეგ, რაც ბლოგერი გავხდი, მეც არაერთხელ ვმდგარვარ არჩევანის წინაშე – გამომექვეყნებინა თუ არა კომენტარი, რომელშიც თითქმის წაშლილი იყო ზღვარი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, პირისპირ შეურაცხყოფას ან ცილისწამებას (ზოგჯერ, უხამსობას) შორის. მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, რომ – კანონზე დაყრდნობით – „შაბიამნის ზოდი“ ძალიან ნორმალური გამონათქვამია, ერთი ადამიანის აზრია მეორეზე და იმ ერთ ადამიანს კანონი იცავს საკუთარი აზრის გამოთქმისას. ამის შემდეგ, ალბათ, ნაკლები შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, მომწონს თუ არა მიმართვა „შაბიამნის ზოდო!“ და სხვა ამგვარი. კანონი ლიბერალურია და მე მისი მომხრე ვარ თავიდან ბოლომდე.

ჩემი მთავარი სათქმელი ახლა იწყება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და გამოხატვა მყარად არის დაცული კანონის სივრცეში, მეტისმეტად მყიფე და დაუცველია რეალობაში. მაგრამ – არა ყველგან! „რადიო თავისუფლება“ გვაძლევს უნიკალურ შანსს, ვისაუბროთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე – დაუბრკოლებლად, გულწრფელად, ხანგრძლივად... არ ვიცი, ვინ რა მიზნით სტუმრობს ჩვენს ბლოგს, მაგრამ ვიცი, რომ კანონი ყველას თანაბრად გვიცავს – გულწრფელსაც და ფარისეველსაც, კეთილსაც და ბოროტსაც, გონიერსაც და უგუნურსაც. „რადიო თავისუფლების“ ბლოგზე კი, კანონთან ერთად, თავად „რადიო თავისუფლებაც“ გვიცავს. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ნებისმიერი მწვავე ფორმით გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები. შეგვიძლია, ერთმანეთს ვუწოდოთ შაბიამნის ზოდი ან კიდევ უარესი; შეგვიძლია, ზრდილობიან-ბურუსიანი ან „ელვა-დეპეშის“ სტილით ვცადოთ, ერთმანეთს წონასწორობა დავაკარგვინოთ; ისიც შეგვიძლია, ადგილ-ადგილ ირიბი მუქარა შემოვაპაროთ. ყველაფერში თავისუფალი ვართ, რადგან ორმაგად დაცულ სივრცეში ვიმყოფებით.

რა ვქნათ? როგორ გამოვიყენოთ ეს დაცულობა? ეს თავისუფლება? გავფლანგოთ, თუ საქმეს მოვახმაროთ?

ერთი იდეა მაქვს: მომწერეთ, რა თემები მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად; რომელი საკითხების განხილვაში მიიღებდით მონაწილეობას სიამოვნებით; რას გააკეთებდით ჩემს ადგილზე იმისთვის, რომ ძვირფასი რესურსი ნებაყოფლობით არ გაგვენიავებინა.

გავითვალისწინოთ, რომ კომენტატორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძნელად მოძებნიან ერთმანეთთან სასაუბრო ენას. ეს რეალობაა და მისი უგულებელყოფა სწორი არ იქნება. მაგრამ ამ რეალობაშიც ბლოგი ჩვენი სივრცეა, ჩვენი შანსია. მე ასე ვხედავ მის ფუნქციას.

ხომ ვგრძნობთ, რომ ქვეყანა საგანგებო რეჟიმში იწყებს ცხოვრებას? ამ რეჟიმში შაბიამნის ზოდებით თამაში, ერთმანეთისთვის თავში ჩაკაკუნება და სიტყვის მოგება ბავშვურ გართობად მეჩვენება. ახალ რეალობაში მკვეთრად აღარ მომწონს გამოთქმა „შაბიამნის ზოდო!“ აქამდე ვშრომობდით და თან ცოტას ვერთობოდით. ახლა გართობა მარცხის ტოლფასი მგონია. არადა, რატომ უნდა დავმარცხდეთ – სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან საგანგებო მომენტში განსაკუთრებულად დაცულ სივრცეში მოვიყარეთ თავი. რაღაც ნამდვილად გვევალება – ეს ვიცი და შეგვიძლია თუ არა – ეს ჯერ არ ვიცი.

* * *
ალბათ, იგრძენით, რომ ბლოგის დასაწყისიდან დასასრულამდე სტილი შეიცვალა, გზადაგზა დამძიმდა და დაიძაბა. იცით, რატომ? შუაში ბაჩო ახალაიას გათავდაცვისმინისტრების ამბავი გავიგე.

ჰოდა, მით უმეტეს!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG