Accessibility links

„ახალაია - ფორმალური მინისტრი, მერაბიშვილი - ფორმალური პრეზიდენტი“- გაზეთ „რეზონანსის“ თანახმად, თავდაცვის მინისტრის შეცვლის მოლოდინი ქვეყანაში არსებობდა, თუმცა სიხარულიძის ადგილზე ბაჩო ახალაიას დანიშვნა მაინც მოულოდნელი იყო: „ ჟვანიას მოხსნის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ გილაურის უკან იდგა ის ძალა, ვისაც სააკაშვილზე მეტი გავლენა ჰქონდა. ასეთ ძალად მერაბიშვილი დასახელდა. სწორედ ამიტომ თავდაცვის მინისტრად მისი კადრის დანიშვნა სააკაშვილის საბოლოო ჩაძირვად შეფასდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მთავარი ფიგურა უკვე მერაბიშვილი ხდება.“ სტატიაში ვკითხულობთ, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების სამინისტროს, შემდეგ კი სასაზღვრო უწყების ინკორპორირების ფონზე, ამ სამინისტროში არმიის დე ფაქტო ინკორპორირებით, საქართველოში არ დარჩა „თოფიანი კაცი“, ვინც ვანო მერაბიშვილის ბრძანებას არ შეასრულებს.

„თრუსოს ხეობაში ოსები არასოდეს ცხოვრობდნენ“ - ამ სათაურით გაზეთი „რეზონანსი“ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის პასუხად „ექსპერტთა კლუბის“ განცხადებას აქვეყნებს. კოკოითიმ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ თრუსოს ხეობა ჭეშმარიტად ოსური ტერიტორიაა და იგი ცხინვალის კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ შეიძლებოდა კოკოითის უსაფუძვლო განცხადების იგნორირება, რომ არა ერთი დამაფიქრებელი გარემოება: „ რამდენიმე ხნის წინ ჩრდილოეთ ოსეთში დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „დარიალი“, რომელშიც გაწევრიანდნენ როგორც ჩრდილოეთ ოსეთის, ასევე გასული საუკუნის 90-იან წლებში „სამხრეთ ოსეთიდან“ გახიზნული მოქალაქეები. საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მისი წევრებისათვის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებისათვის ხელშეწყობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2009 წლის 14 აგვისტოს „დარიალის“ წარმომადგენლებმა კოკოითისთან შეხვედრისას სთხოვეს მას თრუსოს ხეობისა და კობის მცხოვრებთათვის „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიენიჭებინა. მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი სტუმრებს დახმარებას დაჰპირდა“, - უთხრა „რეზონანსს“ „ექსპერტთა კლუბის“ წევრმა გოგი მაისურაძემ.

„შვებულებაში გაშვებით პუტინმა, შესაძლოა, კოკოითი მშვიდად მოიშორა“ - ამ სათაურით გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან, რომელსაც „მედიანიუსი“ ესაუბრა.

ექსპერტის შეფასებით, კოკოითის გაშვება, თუ ამგვარი რამ მოხდა, მისი გარემოცვიდან, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანმა გააპროტესტოს. ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტს ცალსახად უჭერენ მხარს, რადგან ყველა ხვდება, რომ კოკოითიმ თავისი თავი ამოწურა. მეორე ვერსიით, ამბობს მამუკა არეშიძე, შესაძლოა, კოკოითი, ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის ამუშავების მიზნით, დროებით მოაშორონ თანამდებობას. „ კოკოითმა ამ გაზსადენის მშენებლობა თავის სახელთან ვერ დააკავშირა, ამიტომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ამუშავებულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რუსებს სიტუაციის დასალაგებლად დრო სჭირდებათ და კოკოითი ამ სიტუაციას გაარიდეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა“,-ამბობს მამუკა არეშიძე, რომელიც, ძირითადად, იმ ვერსიას ემხრობა, რომლის თანახმადაც, პუტინმა კოკოითი, შვებულებაში გაშვებით, მშვიდად მოიშორა.
XS
SM
MD
LG