Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელი კატეგორიის პატიმრებს შეეხო 28 აგვისტოს შეწყალება?


პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 238 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგანაც 169-ს გათავისუფლება შეეხო, ხოლო 69-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა. განცხადება ამის თაობაზე 28 აგვისტოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა იმაზე მეტი პატიმრის გათავისუფლებას, ვიდრე ეს შეწყალების კომისიის რეკომენდაციებში იყო გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, 28 აგვისტოს შეწყალების პროცესთან დაკავშირებით შეწყალების კომისიამ 256 პატიმრის საქმე განიხილა, საიდანაც ვადაზე ადრე გათავისუფლება 74 პატიმარს, ხოლო ნაწილს სასჯელის განახევრება შეეხო. კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მას კანონმდებლობით უფლება აქვს, გასათავისუფლებელი პატიმრების ოდენობა თავად განსაზღვროს. როგორ მიმდინარეობს შეწყალების პროცესი საქართველოში და რა დარღვევებზე ლაპარაკობენ ადამიანის უფლებათა დამცველები?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეწყალების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პატიმარს, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ნანობს და მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი ან, ზოგიერთ შემთხვევაში, მესამედი.
ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი უწყების რეკომენდაციით. შესაწყალებელთა სიებს პრეზიდენტს საპატრიარქოც გადასცემს.

წელიწადში რამდენჯერმე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგენილი სიები შეწყალების კომისიას გადაეცემა, რომელსაც კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოაქვს. თუმცა ყველაფერი ამ გადაწყვეტილებებზე არ არის დამოკიდებული. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა ხელისუფლება პატიმრებს შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც ათავისუფლებს. მაგალითად, ასე მოხდა 2007 წლის დეკემბერში, როცა ხელისუფლებამ დაახლოებით 800 პატიმარი გაათავისუფლა. წინა წლების პრაქტიკაში ასევე ყოფილა ფაქტები, როდესაც კომისიის მიერ რეკომენდებული სიიდან ხელისუფლებას პატიმრების ნახევარზე ნაკლები გაუთავისუფლებია. ამჯერად მოხდა პირიქით: პრეზიდენტმა კომისიის მიერ რეკომენდებულზე 95-ით მეტი ადამიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დამცველმა და, ამავე დროს, შეწყალების კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა ჯერჯერობით არ იცის, თუ ვინ მოხვდა პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გათავისუფლებულთა 169-კაციან სიაში, თუმცა არ გამორიცხავს, რომ იქ შემთხვევითი ადამიანებიც მოხვედრილიყვნენ: ”პრაქტიკულად, შეწყალების გვერდის ავლით გაცილებით მეტი ადამიანი თავისუფლდება, ვიდრე შეწყალების კომისიის საშუალებით... აქ არის ერთი სია, რომელსაც საპატრიარქო ადგენს და, გასაგებია, რომ საპატრიარქოს, რომელსაც ენდობა საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი, ხელისუფლებასაც აქვს საშუალება, რომ გამოუცხადოს ნდობა და ენდოს საპატრიარქოს მიერ შედგენილ სიას... მაგრამ ყველაზე მეტი ადამიანი თავისუფლდება ისე, რომ არ ვიცით საიდან თავისუფლდება. ეს არის პროკურატურა თუ რაღაც სხვა სტრუქტურები...”

როგორც სოზარ სუბარი ამბობს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების კომისიას შესამოწმებლად ყოველთვის არ გადასცემს შესაწყალებელ პატიმართა საქმეებს, მაგრამ როცა კი ეს ხდება, პრაქტიკულად დრო არ რჩება იმის შესამოწმებლად, მართლაც იმსახურებს თუ არა ესა თუ ის პატიმარი გათავისუფლებას. სწორედ ასე მოხდა 28 აგვისტოს შეწყალების შემთხვევაშიც, როცა კომისიას საქმეების განსახილველად 2-3 დღე მიეცა. ადვილი წარმოსადგენია, რომ სახალხო დამცველი 2-3 დღეში ვერ მოასწრებდა 256 პატიმართან შეხვედრას. სოზარ სუბარი წუხს, რომ გადაწყვეტილებების მიღება კომისიის წევრებს ხშირად მხოლოდ ბრმად, ამა თუ იმ საპატიმროს უფროსის ხშირად საეჭვო რეკომენდაციების მიხედვით უწევთ.

შეწყალების პროცესის აშკარა ნაკლოვანებები, უფლებათა დამცველების თქმით, უსამართლობის შეგრძნებას თავად პატიმრებშიც იწვევს და სწორედ ეს დასახელდა ქალთა საპატიმროში ატეხილი ხმაურის მიზეზად მიმდინარე წლის აპრილში. უფლებათა დამცველებისთვის გასაგებია პატიმართა უკმაყოფილება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ შესაძლოა ნარკოტიკების გამსაღებელი უფრო ადვილად შეიწყალოს, ვიდრე, ვთქვათ, წვრილმანი საქონლის ქურდი.

ნულოვანი ტოლერანტობის კვალდაკვალ მოხშირებულ შეწყალებებს, რაც ამჟამად წელიწადში რამდენჯერმე ხდება, ადამიანის უფლებათა დამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია, გამეფებული უსამართლობის ფონზე, ხალხის გულის მოგების მცდელობით ხსნის. მისი თქმით, ამ გზით ”ხელისუფლება ცდილობს შეარბილოს სისხლის სამართლებრივი ძალიან მკაცრი პოლიტიკა, რომლის შესახებაც ღიად მიუთითებდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა ძალიან მაღალი თანამდებობის პირები... პერიოდულად ხელისუფლება ცდილობს მოიმადლიეროს საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმით, რომ გამოუშვას ერთჯერადი შეწყალების აქტები.

ლია მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ შეწყალებულთა შორის ბევრი ისეთი ადამიანიც იყოს, ვინც თავის დროზე სასტიკი სისტემის მსხვერპლი გახდა და, შესაძლოა, სასჯელს უსამართლოდაც იხდიდა.

ხელისუფლების განმარტებით, შეწყალების პროცესი უახლოეს მომავალში გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ვადამდე კიდევ რამდენიმე ასეული პატიმარი გათავისუფლდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG