Accessibility links

logo-print

რა კავშირი აქვს ჩეხეთიდან წამოსასვლელ ინვესტიციებს ეკონომიკის ძველ მინისტრთან


29 აგვისტოს თბილისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ”ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ” და სწორედ ამ ხელმოწერით დაგვირგვინდა ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის ედუარდ იანოტას 3-დღიანი ვიზიტი საქართველოში. ხელისუფლების განცხადებით, ახალი ხელშეკრულება გზას გაუხსნის ინვესტიციების ახალ ნაკადს ჩეხეთის ”ექსპორტ ბანკისგან” და პრობლემები აღმოიფხვრება უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების კუთხითაც. იმის გამო, რომ ჩეხეთსა და საქართველოს შორის არ არსებობდა ხელშეკრულება ”ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ”, კომპანიები თანხის მიღებას ვერ ახერხებდნენ და სწორედ ეს პრობლემა დაასახელა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ლაშა ჟვანიას გათავისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

ხელშეკრულებას ”ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ” ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ედუარდ იანოტამ 29 აგვისტოს დიდი კმაყოფილებით მოაწერა ხელი და იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან ჩეხეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. სამომავლო ახალი პერსპექტივების პარალელურად, ეკონომიკის მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის განმარტებით, ხელშეკრულების ხელმოწერამ ძველი პრობლემების მოგვარების რეალური იმედიც გააჩინა: ”ის ორი - ჩეხეთის ბანკთან უკვე ხელმოწერილი - ხელშეკრულება, რომელიც აქვს ”ენერგო პროს” და ”ბლოკ ჯორჯიას”, უკვე რეალური ხდება და მოხდება ამ ორივე კომპანიის დაფინანსება ეტაპობრივად.”

ჩეხეთის ”ექსპორტ ბანკიდან” წამოსასვლელ თანხებს ”ბლოკ ჯორჯია” - 100 ახალი საავადმყოფოს პროექტის ფარგლებში, ხოლო ”ენერგო პრო” გამრიცხველიანების პრობლემის მოსაგვარებლად უკვე რამდენიმე თვეა ელოდება. თუკი ვიტყვით, რომ ინვესტიცია, ჯამში, 200 მილიონ დოლარს აღემატება, ადვილი წარმოსადგენია პრობლემის მასშტაბი, რომლის წინაშეც სახელმწიფო აღმოჩნდა, ინვესტიციების საყოველთაო ნაკლებობის ფონზე.

ამ პროექტების მიმართ დიდი დაინტერესება 21 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც გამოხატა და სწორედ მათი შეფერხება დაასახელა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ლაშა ჟვანიას გადაყენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად: ”100 ახალი საავადმყოფოს პროგრამის ნაწილი არის ”ბლოკ ჯორჯიას” საკმაოდ დიდი ლოტი, რომელმაც დაფინანსება უნდა წამოიღოს და რეალურად უკვე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული ჩეხეთის ”ექსპორტ ბანკთან”... თუმცა იმის გამო, რომ ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული ჩეხეთთან (და ამის გაფორმებაზე ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი), ამიტომ ეს 125 მილიონი ევრო არ მოდის საქართველოში ინვესტიციების სახით.” აქვე ნიკა გილაურმა იგივე პრობლემა დაასახელა ”ენერგო პროს” მიერ ჩეხეთის ”ექსპორტ ბანკიდან” წამოსაღები 80 მილიონი დოლარის შეფერხებასთან დაკავშირებითაც.

პრემიერ-მინისტრის ყველა ამ და არა მხოლოდ ამ პრეტენზიების ადრესატი 21 აგვისტოს, როგორც ვთქვით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია გახლავთ, თუმცა ის ოდნავადაც არ იზიარებს გილაურის შთაბეჭდილებებს. გათავისუფლებაზე პასუხად ლაშა ჟვანიამ თქვა, რომ ინვესტიციების ხელშეშლის გარდა, მას ”შეიძლება ყველაფერი დააბრალოს კაცმა” და რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მისი დამსახურება ძალიან დიდი იყო როგორც ისრაელში საქართველოს ელჩობის დროს, ასევე ეკონომიკის მინისტრის რანგში.

რაც შეეხება ჩეხეთთან ”ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის” ხელშეკრულების გაფორმების შეფერხებას, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამ ფაქტს, ნაწილობრივ, აპრილის საპროტესტო აქციების ტალღას აბრალებს, თუმცა მთავარ მიზეზად გილაურის ”სისუსტეს” ასახელებს. სისუსტე ამ შემთხვევაში, მისი თქმით, გამოიხატა იმაში, რომ ჩეხეთთან ინვესტიციების კუთხით მოლაპარაკებების წარმოების უფლება პრემიერ-მინისტრმა არა მას, არამედ ჯანდაცვის მინისტრს მიანიჭა და პროცესმაც სწორედ ამიტომ ვერ გამოიღო შედეგი. ჟვანია ამბობს, რომ პროცესში მისი დიპლომატიური გამოცდილების ჩართვა ხელისუფლებამ დაგვიანებით გადაწყვიტა და სწორედ ამიტომ დააგვიანა შედეგმაც. შედეგის დემონსტრირებისთვის კი ეკონომიკის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა 21 აგვისტოს ერთი ანონსი გამოიყენა:

”27 აგვისტოს ჩამოდის, ჩვენი მუშაობის შედეგად, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი მქონდა ”ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ” ხელშეკრულების ხელმოწერა.”

27 აგვისტოს თბილისში მართლაც ჩამოვიდა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრი და, როგორც უკვე ვთქვით, შაბათს მართლაც მოეწერა ხელი ხელშეკრულებას
”ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ”. შესაბამისად, ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ძველი მინისტრის ”მოსავალი” აიღო.
XS
SM
MD
LG