Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის დღეს უპერსპექტივო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენა


გიორგი ონიანი
გიორგი ონიანი
ზუსტად ერთი წლის წინ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა შეწყვიტა. შარშან, 29 აგვისტოს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალურად აცნობა, რომ რუსეთთან, საკონსულოს გარდა, ყველა სხვა სახის ურთიერთობას წყვეტს და შეარჩევს სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთში საქართველოს ინტერესების წარდგენას სთხოვს. მოგვიანებით ეს მისია შვეიცარიას დაეკისრა.

ამ კვირაში რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ კვლავ დაადასტურა, რომ მისი შარშანდელი გადაწყვეტილება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სახელმწიფოებად გამოცხადების შესახებ არ შეიცვლება. ის, რომ რუსეთი დამპყრობელია, საქართველოში ეჭვს არ იწვევს. თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ის მოსაზრებაც გაჩნდა, რომ იქნებ ღირდეს ფიქრი რუსეთთან ურთიერთობის განახლებაზე, რათა სამომავლოდ მისი პოზიციის შეცვლას ერთგვარი საფუძველი ჩაეყაროს. რუსეთისგან, რომელმაც ზოგიერთ მიზანს უკვე მიაღწია, - ნატოში საქართველოს ინტეგრაცია შეაფერხა და პროცესებზე შემდგომი ზეგავლენისთვის ქვეყანაში საკუთარი პლაცდარმი შექმნა, - რაიმე დათმობას არარეალურად მიიჩნევს პოლიტოლოგი გიორგი ონიანი. მისივე შეფასებით, ოკუპაციისა და საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის განახლება იმის ნიშანი იქნებოდა, რომ საქართველომ პოზიცია დათმო და შექმნილი რეალობა აღიარა. „ამ პირობებში დათმობაზე წასვლა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დათმობას და უგულებელყოფას ნიშნავს. მე არ მეგულება არც ერთი - არც არსებული და არც რომელიმე თეორიულად მომსვლელი - ხელისუფლება, რომელიც ამაზე წამსვლელია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ონიანმა.

შარშანდელი აგვისტოს შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობა წარმოუდგენლად მიაჩნია პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვსაც. მისი თქმით, რუსეთთან მოგვარებულ და ნორმალურ ურთიერთობას რა სჯობია, მაგრამ შეუძლებელია. „განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ამ ტერიტორიებიდან ხალხია გამოყრილი და უკან არ უშვებენ. ეს ღია გენოციდია“, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანდრო ბარნოვმა. მისთვის წარმოუდგენელია, რის შესახებ უნდა ესაუბროს საქართველო რუსეთს, რომელიც თავად ევროპასთან ხელმოწერილ შეთანხმებას არღვევს და მის მეთვალყურეებს გადაადგილებას უკრძალავს.

თეორიულად ურთიერთობის განახლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება პოზიციას შეიცვლის ან თავად შეიცვლება, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, - ამბობს პოლიტოლოგი გიორგი ონიანი. მან ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ რუსეთის განცხადებებზე, არამედ იმ პოლიტიკაზეც, რომელსაც მოსკოვი სხვა მიმართულებით აწარმოებს. კერძოდ, ამჟამად რუსეთში დაწყებულია ისეთივე ანტიუკრაინული კამპანია, როგორიც აგვისტოს ომის წინ საქართველოს გამო მიმდინარეობდა. გიორგი ონიანის შეფასებით, „მსგავს პირობებში, ასეთ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნიშნავს დათმობას საქართველოს სრულიად მიუღებელ პირობებზე“. საქართველოსა და უკრაინისადმი რუსეთის დამოკიდებულებას პოლიტოლოგი იმის ერთ-ერთ გამოვლინებად აფასებს, რომ ეს ქვეყანა კვლავ ცივი ომის დროინდელი იდეოლოგიით აზროვნებს და მოქმედებს. გიორგი ონიანი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ფასეულობათაგან რუსეთის იდეოლოგიის რადიკალურ განსხვავებას ადასტურებს კავკასიის რეგიონიც, სადაც რუსეთმა რეალური მშვიდობისმყოფელის მისიის შესრულება არ მოისურვა და გათიშვის და დაპირისპირების პოლიტიკა ამჯობინა.

ანდრო ბარნოვი
მსგავს პოლიტიკასა და რეგიონში ბალანსის სრულ დარღვევაზე საუბრობს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვიც: „მთელი რეგიონი მოიცვა შიშმა და უნდობლობამ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყევლაზე ძლიერი ვინც არის ამ ოთხეულში, მას არა აქვს საკმარისი მორალი, პასუხისმგებლობა და ძალა, რომ ეს ურთიერთობები ცივილიზებულად დაალაგოს. მართვადი ქაოსის შენარჩუნება ყოველთვის რუსეთის ლოგიკა იყო, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს არ მთავრდება.“ პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის შეფასებით, ბევრი ფაქტორის გამო, ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პროცესი, რომლის შედეგის პროგნოზირება ამ ეტაპზე ძნელია, რადგან მსოფლიო პოლიტიკის ვექტორებიც კი საბოლოოდ გამოკვეთილი ჯერ არ არის. „ეს არის დუღილი და ჩვენ ვართ ამის ეპიცენტრში“, - ამბობს ანდრო ბარნოვი.

ეპიცენტრში საქართველო შარშანდელი აგვისტოს ომის გამო აღმოჩნდა. იმ პერიოდში ევროპის პოზიციას უპრეცედენტოდ ერთიანს უწოდებს პოლიტოლოგი გიორგი ონიანი. მისი შეფასებით, სწორედ საქართველო-რუსეთის ომის მაგალითზე გამოიკვეთა ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკა, რომელზეც, ზოგადად, საკმაოდ დიდი ხანია ევროპის კავშირი მსჯელობს. თუმცა პოლიტოლოგი ამბობს, რომ საქართველოსთან ომისა და უკრაინასთან გაზის კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა ევროკავშირის სახელმწიფოებთან სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ სერიოზულად იმუშავა და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია. გიორგი ონიანმა გაიხსენა ლონდონში თავისი ამასწინანდელი საუბარი საკმაოდ მაღალი რანგის გერმანელ დიპლომატთან, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთი პრაქტიკულად უალტერნატივო და სანდო ენერგომიმწოდებელია და რომელიც ვერ ხედავს საიმისო საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ის შეიძლება არ დარჩეს ასეთად.

თუმცა პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ დასავლეთში - განსაკუთრებით აშშ-ში - უკვე არსებობს იმის აღქმა, რომ რუსეთს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, კვლავ საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიით მოქმედებს, სხვაგვარად მოპყრობა სჭირდება. რაც შეეხება უშუალოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენას, გიორგი ონიანი ამბობს, რომ ამ საკითხს დასავლეთის სახელმწიფოები გლობალურ და, პირველ ყოვლისა, რუსეთთან თვიანთი ურთიერთობის კონტექსტში განიხილავენ.

მსგავს ვითარებაში საქართველოსთვის ეფექტურ გზად პოლიტოლოგი დასავლეთისთვის საქართველოს როლის გაზრდას მიიჩნევს. გიორგი ონიანის შეფასებით, ამ მხრივ, კონკრეტული პერსპექტივა „ნაბუკოს“ პროექტის წარმატების შემთხვევაში არსებობს. გაცილებით სერიოზული და მასშტაბური ამოცანა კი ქვეყანაში დასავლური ფასეულობების დამკვიდრებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მაქსიმალურად დაახლოებაა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG