Accessibility links

logo-print
გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია, ხოლო ეკონომიკური განვითარების მინისტრად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრის ვინაობა. ლაშა ჟვანია ესპანეთის სამეფოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა შეცვალა. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილმა მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილება გააკრიტიკა. ლადო პაპავას თქმით, ცვლილების ნამდვილი მიზეზი ყოფილი მინისტრის იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან შეუთავსებლობაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში ატარებს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის ახალი წევრის წარდგენისას იმედი გამოთქვა, რომ პოლოლიკაშვილი, როგორც პროფესიონალი ფინანსისტი და დიპლომატი, თავს გაართმევს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემებს, მათ შორის, პრივატიზაციასა და ინვესტორების მოზიდვას. გილაურის თქმით, ახალი მინისტრი პოლიგლოტია (ფლობს ექვს უცხო ენას) და ეს გარემოება ინვესტორებთან ურთიერთობაშიც გამოადგება.

ენების ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა თავდაცვის ახალი მინისტრის შერჩევის დროსაც. მიხეილ სააკაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას უნივერსიტეტი გერმანიაში აქვს დამთავრებული და რამდენიმე უცხო ენასაც ფლობს, თუმცა პრეზიდენტმა იქვე ხაზი გაუსვა ახალი მინისტრის სხვა ღირსებებსაც: ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა თბილისის საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობას და ბაჩო ახალაიას ძალისხმევით „ზონებს“ „კანონიერი ქურდები“ აღარ მართავენ.

პრეზიდენტისგან განსხვავებით, ბაჩო ახალაიას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენელი აკრიტიკებს. მათი აზრით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახალაიას ხელმძღვანელობის დროს უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, თუმცა პრეზიდენტმა ახალი მინისტრის წარდგენისას ცხადად მიანიშნა, რომ მტრის დასამარცხებლად თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი ცვლილელები უნდა გატარდეს, რაც, მისივე თქმით, მკაცრი ხელის გარეშე შეუძლებელი იქნება. თავად ბაჩო ახალაიამ კი სამინისტროს შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის წინაშე რთული, მაგრამ მკაფიო ამოცანები დგას: „მოდერნიზება, მშვიდობა და ნატოში ინტეგრაცია“.

გასულ კვირაში, მთავრობა მხოლოდ საკადრო ცვლილებებით არ ყოფილა დაკავებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ საქართველოს რკინიგზის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაზსადენის მშენებლობა გააპროტესტა. გასულ კვირაში საქართველოს სეპარატისტულმა რეგიონებმა რუსეთის მხრიდან ცნობის ერთი წლისთავიც აღნიშნეს, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, 26 აგვისტოს სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის ხელისუფლებიდან არავინ ჩასულა. ასევე არ შედგა ცხინვალში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი, რის მიზეზადაც კოკოითით რუსეთის ხელისუფლების უკმაყოფილება დასახელდა.

გასულ კვირაში ვითარება დაიძაბა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც, ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ცნობით, ქართველი პოლიციელების საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად, დაიჭრა ორი პოლიციელი, ხოლო სოფლებში ორსანტიასა და ოტობაიაში, რამდენიმე შენობა დაზიანდა.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატიმრების შეწყალების ბრძანებულებას მოაწერა ხელი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, სია 238 პატიმრისგან შედგება, ამათგან 69-ს სასჯელი გაუნახევრდა, დანარჩენი 169 კი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

პატიმრობიდან ასევე გათავისუფლდა შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი და ტელეკომპანია „202“ ის დამფუძნებელი, რომელიც სასჯელს ფულის გამოძალვის გამო იხდიდა. უნდა ითქვას, რომ რამიშვილმა არც სასამართლო პროცესის მსვლელობისას და არც შემდგომ პერიოდში დანაშაული არ აღიარა და ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. შალვა რამიშვილი თავს პოლიტპატიმარსა და პროვოკაციის მსხვერპლს უწოდებს.

გასულ კვირაში ქართველმა მედიკოსებმა ღორის გრიპით დაინფიცირების მორიგი, მე-14, შემთხვევა აღრიცხეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის თქმით, H1N1 ვირუსით დაავადებულია გოგონა, რომელიც სამშობლოში თურქეთიდან დაბრუნდა.

ორიოდე დღის წინ საქართველოს ჩეხეთის ფინანსთა მინისტრი ეწვია. ედუარდ იანოტამ ქართველ კოლეგა კახა ბაინდურაშვილთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩეხეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის შესახებ.

დაბოლოს, მიმოხილვას დავასრულებთ სამწუხარო ცნობით. გასული კვირის მიწურულს, 59 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ძიუდოში პირველი ქართველი და საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი გარდაიცვალა. დიდ ქართველ სპორტსმენს, მიუნხენის ოლიმპიადის ტრიუმფატორს, 1 სექტემბერს გორში დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG