Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიზანი ერთია – უწყვეტი, ნათელი


სასჯელაღსრულებითი დეპარატმენტის ყოფილი უფროსი ბაჩო ახალაია, რომლის დანიშვნამაც აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა გამოიწვია, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობას შეუდგა და საზოგადოებას სამოქმედო გეგმის მონახაზიც ოპერატიულად გააცნო. სამინისტროს “უწყვეტ და ნათელ მიზანს”, ახალაიას თქმით, სამი ძირითადი პრიორიტეტი წარმოადგენს: “მოდერნიზაცია, მშვიდობა და ნატოში ინტეგრაცია.”

საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სამხედრო უწყების პირველ პირებად დანიშნულ პოლიტიკოსებს არ დასცალდათ მკაფიო სამოქმედო გეგმის შექმნა და მისი ბოლომდე მიყვანა. 6 თავდაცვის მინისტრიდან, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში შეიცვალნენ – ყველაზე დიდხანს 2 წლის განმავლობაში უწყებას დავით კეზერაშვილი მართავდა.

რიგით მეშვიდე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ბაჩო ახალაიას, ყველა წინამორბედზე უფრო ცუდი სასტარტო მდგომარეობა აქვს. ვგულისხმობ მისი პიროვნების მიმართ საზოგადოებაში არსებულ ნდობის დეფიციტს. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ბაჩო ახალაიას არც ნდობა მოაკლდება და არც მხარდაჭერა. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი დაჰპირდა სამხედროებს, რომ მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი თუ ვერ გაიზრდება, არც შემცირდება.


ჩვენ ვიგებთ მშვიდობას

მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, 2009 წელს თავდაცვის უწყება 900 მილიონი ლარით დაფინანსდა. თუკი მომავალ წელსაც თავდაცვის ხარჯები ამ მოცულობით დაფინანსდება, ეს სულაც არ იქნება ცოტა საქართველოს 25 000-კაციანი ჯარისთვის. მაგრამ რა პრიორიტეტებს უნდა მოხმარდეს საზოგადოებრივი თანხები? ახალი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ამბობს, რომ პრიორიტეტები “უწყვეტია და ნათელი”. პირველ ყოვლისა ეს არის “მშვიდობა”, რაც, ახალი თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია.

”მშვიდობა ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვცდილობთ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. რადგანაც ჩვენ ვიგებთ მშვიდობას, შესაბამისად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება გვჭირდება იმისათვის, რომ დავიცვათ ეს მშვიდობა,” – აღნიშნა თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე ბაჩო ახალაიამ.

მაგრამ “მშვიდობა”, სამხედრო უწყებისათვის ნამდვილად ახალი, საკმაოდ აბსტრაქტული და ბუნდოვანი შინაარსის პრიორიტეტია. თუ აქ იგულისხმება თავდაცვის ამოცანების გადაჭრა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა – ეს კიდევ გასაგებია. მაგრამ, მშვიდობა – ეს არის პოლიტიკური ხაზი, რომელსაც განსაზღვრავს და განახორციელებს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. არმია კი ან იბრძვის, ან ემზადება ომისათვის. შესაბამისად, თუკი არმიის მთავარი პრიორიტეტი იქნება მშვიდობის უზრუნველყოფა ნახევრადოკუპირებულ ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ არმიას ავალებ, მშვიდობა მის ხელთ არსებული საშუალებებით, ანუ ძალის გამოყენებით დაამყაროს, რაც “რკინის ხელის” ბაჩო ახალაიას გამინისტრების შემთხვევაში კიდევ უფრო რეალური ჩანს.

სააკაშვილს გარკვეული შიშიც აქვს ჯარისადმი, რამდენადაც ჯარში საკმაოდ დიდია პროტესტი განცდილი მარცხის გამო.
არც ის გამოირიცხება, რომ “მშვიდობაში” ასევე იგულისხმებოდეს, სიმშვიდის დამყარება თავად სამხედრო უწყებაში, სადაც არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა დაუსრულებელი საკადრო ექსპერიმენტებითა და შარშანდელი აგვისტოს ომის მარცხის გამო. “თუკი 2008 წლის აგვისტომდე, პრეზიდენტი და მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდი ჯარს იყენებდა, როგორც პიარკამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და ერთ-ერთ საუკეთესო პროექტს, აგვისტოს ომის შემდეგ სერიოზული პრობლემები წარმოჩინდა. მეტიც, "დღეს, პრეზიდენტ სააკაშვილს გარკვეული შიშიც აქვს ჯარისადმი, რამდენადაც ჯარში საკმაოდ დიდია პროტესტი განცდილი მარცხის გამო. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, უკავშირდება ვიწრო პოლიტიკური კონტროლის განხორციელებას”, - ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.


ყბადაღებული მოდერნიზაცია ფინანსების გარეშე

ნაკლებად ბუნდოვანია, მაგრამ განსახორციელებლად საკმაოდ რთული ამოცანაა მეორე პრიორიტეტი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ჩამოაყალიბა:

“მოდერნიზაცია ნიშნავს, საქართველოს მთელი არმიის კიდევ უფრო კარგად აღჭურვას, განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ გვყავდეს უფრო მეტი განათლებული, უფრო მეტად მოტივირებული და უფრო კარგად აღჭურვილი ოფიცრები და პირადი შემადგენლობა.”

საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია სამხედრო განათლების
სისტემა
აღჭურვა, განათლება და მოტივაციის ამაღლება, – რაშიც საყოფაცხოვრებო პირობებისა და შრომის ანაზღაურების ზრდა იგულისხმება, – ქართულ არმიას მართლაც წამალივით სჭირდება. შარანდელი ხუთდღიანი ომის შედეგად ქართულმა არმიამ ყველაზე დიდი მატერიალური და ადამიანური დანაკარგები განიცადა. როგორც შარშან შემოდგომაზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, ზარალი, რომელიც სამხედრო უწყებამ განიცადა ომის დროს, 400 მილიონ ლარს შეადგენს, ეს კი არმიის წლიური ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.

სავალალო მდგომარეობაშია საქართველოს სამხედრო განათლების სისტემა და მისი პირმშო - თავდაცვის ეროვნული აკადემია, რომელიც ვერც სასწავლო-მატერიალური ბაზით და ვერც მომზადების პროგრემებით ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.

მაგრამ ყველა მიმართულებით მოდერნიზებას სჭირდება დამატებითი თანხები. თავდაცვა კი გაისად დამატებით თანხებს ვერ მიიღებს. როგორც ჩანს, საქართველო ვეღარ მიიღებს ამერიკისაგან დაპირებულ იმ 100 მილიონ დახმარებას სამხედრო მიზნებისათვის, რომელიც პენტაგონმა “ჰუმანიტარული ამოცანებისათვის” სახელმწიფო დეპარტამენტს დაუბრუნა უკან.

რჩება ერთადერთი შანსი – ქამრების შემოჭერა და შიდა რესურსების დაზოგვით გადაუდებლად საჭირო სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შეძენა, რაც, – იმ შემთხვევაში, თუ ღმერთმა ქნა და მოხერხდა, – შემდეგ პრობლემას აყენებს დღის წესრიგში. კერძოდ, იმას, თუ რა ტექნიკა უნდა იქნეს შეძენილი და სად, რომელ ქვეყანაში. რუსეთ-საქართველოს ომის გაკვეთილებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს არმიას სჭირდება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დეფიციტის შევსება და ამ ეტაპზე თუნდაც ორი გამანადგურებელი სამხედრო თვითმფრინავის შეძენა. ამის შანსი, თავის დროზე ხელიდან იქნა გაშვებული, ამბობს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი და დასძენს, რომ “დღეს უკვე გამანადგურებელი ავიაციის შეძენა თითქმის შეუძლებელი ჩანს”.


“არანატოური დუეტი” სამხედრო უწყებაში

მშვიდობისა არ იყოს, ნატო-ში გაწვერიანებაც, – რაც საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა თავის მესამე პრიორიტეტად გამოაცხადა, - მთელი სახელმწიფო ხელისუფლების ამოცანაა. გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ საქართველოს ნატოს კლუბში მხოლოდ მაღალ დონეზე მოდერნიზებული არმიის გამო მიიღებდნენ. ალიანსში გაწევრიანებისათვის მთავარი კრიტერიუმია დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური სტაბილურობა და კონფლიქტების მოგვარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვებზე. არმიის წილი პასუხისმგებლობა ამ მიზნის მიღწევაში ისაა, რომ უპასუხებდეს ნატოს სამხედრო სტანდარტებს, როგორც მართვის, ისე ოპერატიულ დონეზე, რაც სამხედრო ქვედანაყოფების ალიანსის ამოცანებთან თავსებადობის გულისხმობს.

ანუ, როგორც ბაჩო ახალაია ამბობს, ეს უნდა იყოს ისეთი სამხედრო ძალა, რომელიც “ნატოსათვის არ იქნება ტვირთი.” თუკი ეს ამოცანა მიღწეულ იქნა, მაშინ პიროვნულ ფაქტორებს მართლა აღარ ექნება დიდი მნიშვნელობა. ვგულისხმობ იმას, რომ ახალ თავდაცვის მინისტრს და არც გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დევი ჭანკოტაძეს, არ აქვთ დამთავრებული ნატოს არც ერთი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG