Accessibility links

logo-print

იაპონიაში პრემიერ-მინისტრი გადადგება, არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ


იაპონიის პრემიერ-მინისტრ ტარო ასოს განცხადებით, ის გადადგება მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან არჩევნებში პარტიის წარუმატებლობის გამო. “ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ ჩემმა ბევრმა კოლეგამ დაკარგა ადგილი პარლამენტში და როგორც პარტიის ლიდერი ძალიან მძიმედ ვგრძნობ ამის პასუხისმგებლობას. ამის გამო გამოვთქვამ სურვილს, გადავდგე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან”, განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. იაპონიაში კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ, რითაც ბოლო მოეღო ლიბერალ-დემოკრატების თითქმის ნახევარსაუკუნოვან მმართვლეობას. ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მედიაში გავრცელებული ეგზიტპოლებით, დემოკრატებს 308 ადგილი ერგოთ სულ 480-ადგილიან ქვედა პალატაში. მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრად დემოკრატების ლიდერ იუკიო ჰატოიამას დაამტკიცებენ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG