Accessibility links

ჰოლბრუკი და კარზაი ერთმანეთს არგუმენტებით დაუპირისპირდნენ


ქაბულიდან იუწყებიან, რომ იქ, არჩევნების შემდეგ, აშშ-ის საგანგებო წარგზავნილს რიჩარდ ჰოლბრუკს და ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის გვარიანი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ იმ ბრალდებების გარშემო, რომელიც ვაშინგტონის დესპანმა კენჭისყრისას სავარაუდო დარღვევების გამო გამოთქვა.

ჰოლბრუკის უკმაყოფილება ეხებოდა ცნობას, რომ ჰამიდ კარზაის საარჩევნო გუნდის - ისევე როგორც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების მომხრეების - მხრიდან იყო მცდელობა არჩევნების გაყალბებისა. ამ შეხვედრაზე მყოფნი იუწყებიან, რომ კარზაი აღაშფოთა ამ ბრალდებამ, თუმცა კარზაის წარმომადგენელმა უარყო, რომ მათ შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა. ქაბულში აშშ-ის საელჩომაც უარყო, რომ ჰოლბრუკი და კარზაი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თქვა, რომ შეხვედრა იყო “რთული”, რომ წარმოითქვა მძაფრი სიტყვები, ოღონდ საუბრის პათოსი იმაში მდგომარეობდა, რომ ავღანეთმა არჩევნების პროცესსა და მის შედეგებს პატივი უნდა სცეს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ, თქვა, რომ ვაშინგტონისთვის ნაადრევია ეჭვის გამოთქმა არჩევნების შედეგების თაობაზე. რთული დროა ავღანეთისთვის, თქვა კროულიმ, უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება ავღანეთის მთავრობის შემადგენლობაო.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებები გაყალბებასთან დაკავშირებით ხშირად ისმის. კარზაის მთავარი მეტოქე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა აცხადებდა, რომ კარზაის სასარგებლოდ გაყალბებაში სახელმწიფო იყო ჩარეული. თუმცა ამ ეტაპზე ის თავის მომხრეებს მოთმინებისკენ მოუწოდებს. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ავღანეთის ოფისის ხელმძღვანელმა ჯინ მაკენზიმ ჩვენს რადიოს უთხრა, ბევრი მოელოდა, რომ კარზაი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებდა - ევროკავშირი, აშშ-ის საელჩო და სხვა საერთაშორისო მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ მეორე ტური გახდებოდა საჭიროო. ისვე განმარტავს, რომ შედეგების შეცვლა იოლი იყო ადგილობრივი საარჩევნო უწყებებისთვის იქ, სადაც კენჭისყრაში ცოტა ხალხი იღებდა მონაწილეობას. ავღანეთის არჩევნების ერთ-ერთი მეთვალყურე, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ანალიტიკოსი მერვინ უაინბაუმი ამბობს, რომ გაყალბების არაერთი შემთხვევა დასტურდება:

ხმების დათვლის პროცესი ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში, 24 აგვისტო, 2009
“ყველამ იცოდა, რომ ავღანეთის არჩევნების დროს გაყალბება მოხდებოდა. ამის თავიდან აცილება შეუძლებელი ჩანდა. საკითხავი ის იყო მხოლოდ, ექნებოდა თუ არა ამ გაყალბებას ის დონე, ის მასშტაბი, რომ სუბიექტურად საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ეთქვა, გაყალბება ძალიან ფართო იყოო .”

თავიდან, როცა მხოლოდ ნაწილი იყო დათვლილი ბიულეტენებისა, გამოცხადდა, რომ კარზაის 45 პროცენტი უჭერდა მხარს, აბდულას კი - 35. მოელოდნენ, რომ ხმების შემდგომი დათვლის პროცესში კარზაის უპირატესობა გაიზრდებოდა. მაგრამ, ექსპერტების აზრით, თუკი საარჩევნო კომისია გაყალბების შემთხვევების გამოძიებას გააგრძელებს, სურათი შეიძლება შეიცვალოს. უაინბაუმი არჩევნების შედეგების დამაჯერებლობის დიდ მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:

„იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რომელთა წინაშე დგას დღეს ავღანეთის მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა მეამბოხეებთან ბრძოლაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არსებობდეს რწმენა ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიმართ. თუკი ამ არჩევნებს არ ექნება სრული ნდობა, თუკი მას არ მიიღებს ავღანელი ხალხი და კანონიერად არ მიიჩნევს პრეზიდენტს, ეს სერიოზულად შეუშლის ხელს სამხედრო ოპერაციას, პროვინციებში მმართველობის გაუმჯობესებასა და განვითარებას. ამიტომაა ეს არჩევნები მნიშვნელოვანი.”

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ კარზაი პირველ ტურშივე გაიმარჯვებს, ხალხი უფრო მეტად იეჭვებს,რომ არჩევნები გაყალბდა. ამის თავიდან ასაცილებლად, განმარტავს უაინბაუმი, საუკეთესო გზა იქნებოდა მეორე ტურის დანიშვნა. ანუ კარზაიმ არ უნდა მოაგროვოს 50 პროცენტი პლუს ერთი ხმა და უნდა დაინიშნოს მეორე ტური ორ გამარჯვებულს შორს. ამის შემდეგ ავღანელები უფრო დაიჯერებენ, რომ სამართლიანი არჩევნები მოეწყო. მაკენზი ეთანხმება ამ არგუმენტს,მაგრამ იქვე ლაპარაკობს დიდ სირთულეებზე, რომელსაც მეორე ტური მოიტანს. მისი თქმით, საბოლოო შედეგები 17 სექტემბერს გამოქვეყნდება და ძალიან ძნელი იქნება კანონით დაწესებულ ორ კვირაში შემდეგი ტურის გამართვა, რადგან ამას სჭირდება ბიულეტენების დაბეჭდვა, მათი ადგილზე მიტანა და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და თანაც, განმარტავს მაკენზი, ეს უნდა მოხდეს რამადანის პერიოდში, ავღანელთათვის რთულ დროს. მაგრამ ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ არჩევნების მეორე ტური საჭიროა, რათა ავღანეთში ურწმუნოებმაც დაიჯერონ, რომ დემოკრატია ფიქცია არ არის.
XS
SM
MD
LG