Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 31 აგვისტო 2009

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ვიწყებთ „რეზონანსით“, რომელიც დიდ ადგილს უთმობს ბეჭდური მედიის პრობლემებს. ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ამავე გაზეთის მთავარ რედაქტორ ლაშა ტუღუშთან, რომელიც თბილისის ვიცე-მერის ინიციატივაზე აკეთებს კომენტარს. ამ ინიციატივის მიხედვით, ქალაქიდან უნდა აიღონ გაზეთების სტენდები, არადა, ლაშა ტუღუშის თქმით, გაზეთების გავრცელების 60 პროცენტი სწორედ სტენდებზე მოდის. ტუღუში ამბობს, მერიასა და პრესის ასოციაციას შორის შეთანხმება 5 თვის წინ გაფორმდა, მაგრამ ხელისუფლება მის შესრულებას არ ჩქარობსო.

გაზეთი ამავე თემაზე თავად ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანსაც გაესაუბრა, რომელიც ამბობს, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული „რეშოტკები“ არ იყოს მოდებული ყველგანო. ის ამბობს: „ეს თემა წამოვიდა მას შემდეგ, რაც ქალაქში გაჩნდა „პრაიმ-ტაიმის“ ჯიხურები. ამ ჯიხურების დადგმა ჯდება მინიმუმ 5 ათასი დოლარი. არ შეიძლება ერთმა კომპანიამ ამხელა ფული იხადოს და მეორე კომპანიამ კი 50 ლარად მიამაგროს ”რეშოტკები ერთმანეთს. ეს არათანაბარ პირობებში აყენებს ერთსა და იმავე ბიზნესს, რაც არასწორიაო“.

მერიას აკრიტიკებს გაზეთი ”კვირის პალიტრაც”, რომლის პირველ გვერდზეც ასეთ წარწერას ნახავთ: პარკინგიგი ”იქნებ შეღავათიან ფასში გაგვაკოტროთ“. გაზეთი წერს, თბილისში შემოღებული პარკირების გადასახადი ავტომფლობელებს მძიმე ტვირთად დააწვათო და მოჰყავს თბილისელი მძღოლის სიტყვები: სიტი პარკი, უბრალოდ, მითითებების შემსრულებელია, წესებს და კანონებს კი მერია თუ მერი აწესებსო. თავად კომპანიის წარმომადგენელი ”კვირის პალიტრასთან” საუბარში ამბობს, კომპანია მერიის მფარველობის ქვეშ არ არის, რაც შეეხება ტარიფებს, ისინი ჩვენ არ მოგვიგონია და საკანონმდებლო ნორმატიული აქტების საფუძველზეა დადგენილიო.

„სიტიპარკს“ ახსენებს ასევე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი დემურ გიორხელიძეც, რომელიც ამბობს: „რასაკვირველია, წესრიგიც უნდა იყოს და ფულიც უნდ აგადავიხადოთ, მაგრამ სადაც ფულის გადახდაა საჭირო, იქ შესაბამისი სერვისიც უნდა იყოს. ასე კი, ყველაფერი იქით მიდის, რომ, პირიქით, მოქალაქეები უნდა ვემსახუროთ სიტიპარკს და მისი ყველანაირი კაპრიზისთვის დისკომფორტი ავიტანოთო“.

ასევე, რამდენიმე გაზეთი აქვეყნებს დღეს ინტერვიუს ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან. ყველაზე ვრცელი, ალბათ, ”ასავალ-დასავალშია”, რომლის სათაურად რამიშვილის ფრაზაა გამოტანილი: „მიშა, შემხვდი და ვილაპარაკოთ, როგორც მამაკაცებმა!..”
XS
SM
MD
LG