Accessibility links

logo-print
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომელსაც ერთმანეთთან თითქოს არაფერი აკავშირებს. მაგრამ ასეთი კავშირის კვალი მაინც გამოჩნდება, თუ შევაჯერებთ, ერთი მხრივ, ოფიციალურად განხორციელებულ დანიშვნებს, მეორე მხრივ, საჯარო ინფორმაციას და, მესამე მხრივ, მოარულ ხმებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნამ ბევრი ადამიანი გააოცა. არაერთი ვერსია გამოითქვა ამ გადაწყვეტილების მოტივებთან დაკავშირებით და თითოეული მათგანი, ასე თუ ისე, ვანო მერაბიშვილის მიერ ჯარზე კონტროლის განხორციელებას უკავშირდებოდა. პენიტენციურ სისტემაში ახალაიას საქმიანობას თუ გავიხსენებთ, ლოგიკური „ბმა“ – რომ სადაც ბაჩო ახალაიაა, იქ ვანო მერაბიშვილის ინტერესია – საზოგადოებაში დისკუსიას არ იწვევს.

ამიტომ, თავდაცვის მინისტრის შეცვლა უნდა განვიხილოთ არა როგორც თვითკმარი მოვლენა, არამედ, როგორც ძალაუფლების გადანაწილების ერთიანი სქემის ნაწილი.

ამ სქემის შესახებ ის არის ცნობილი, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან მძაფრად გამოიკვეთა შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერესი კიდევ ერთი სფეროს მიმართ. საქართველოს ყველა სკოლის თითოეულმა პედაგოგმა ვანო მერაბიშვილისგან პირადი წერილი და მცირე, სიმბოლური საჩუქარი მიიღო. წერილში მინისტრი მასწავლებლებს თანამშრომლობას და მომავალ თაობაზე ერთობლივად ზრუნვას სთავაზობდა. ექვსიოდე თვის შემდეგ განათლების მინისტრი ნიკა გვარამია განათლების სფეროს ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხუთწუთიან გამოსვლაში ზუსტად 16-ჯერ დაუბრუნდა ერთსა და იმავე თემას, რომ პოლიციამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს სკოლასთან. შეუძლებელია ეჭვის შეტანა, რომ ვანო მერაბიშვილი დაინტერესებულია სკოლებთან ურთიერთობით, თანაც არა რამდენიმე სკოლასთან, არამედ, სკოლის ერთიან სისტემასთან და ამ სისტემის ცალკეულ წევრებთანაც.

შემდეგი სფერო, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერესები გამოჩნდა და მისი გავლენა გაძლიერდა, სატელევიზიო მედიაა. მიმდინარე წლის ზაფხულში შეიცვალა გენერალური დირექტორი „იმედში“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში, აგრეთვე, გენერალური დირექტორის მოადგილე დაინიშნა „რუსთავი 2“-ში. სამივე პიროვნება – გიორგი არველაძე, გია ჭანტურია და ნინო შუბლაძე – პრესის აღიარებით, უშუალოდ არის იდენტიფიცირებული შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერების გატარებასთან: გიორგი არველაძე „რაკიინ ჯორჯიას“ ხაზით, ნინო შუბლაძე – მეუღლის, ალექსანდრე ფარულავას მეშვეობით, რომელსაც თავის დროზე „ალანიას“ გენერალური დირექტორობა ანდო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გია ჭანტურია კი ვანო მერაბიშვილის პირადი მეგობარია.

ელექტრონული მედიისა და სკოლის პარალელურად, ბაჩო ახალაიას გამინისტრებით მეტი სიცხადე და ძალა შეიძინა ვანო მერაბიშვილის გავლენამ ჯარზე, რაც ისედაც ცხადი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ახალაიას დანიშვნის შემდეგ.

თუ სექტემბერში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა შეიცვლება, ცვლილებების შინაარსი სწორედ იმ ჭრილში იქნება საინტერესო, შეინარჩუნებს თუ ვერა ვანო მერაბიშვილი გავლენას ახალ პრემიერზე. ამ თვალსაზრისით, ნიკა გილაური უპრობლემოა. ჯერ კიდევ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდიდან, მთავრობასთან დაახლოებული ყველა პირი ადასტურებდა, რომ ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ვანო მერაბიშვილის გარეშე არ მიიღებოდა. ამიტომ, პრემიერმინისტრის შეცვლა შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერესებს, შესაძლოა, არც შეესაბამებოდეს. მაგრამ რაკი მთავრობის განახლების საკითხი ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც პრეზიდენტის უშუალო ჩარევის გარეშე არ გადაწყდება, სწორედ სამთავრობო ცვლილებები წარმოაჩენს პრეზიდენტის დამოკიდებულებას ვანო მერაბიშვილის პიროვნული გავლენის ზრდის მიმართ. თუ ძველი პრემიერი პოსტს შეინარჩუნებს, ან ახალი პრემიერიც ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირი თუ აღმოჩნდება, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ „სახელმწიფოს ხერხემლის“ ძალაუფლების შიდა ხერხემალზე, რომლის შემადგენელი სეგმენტებია: პირდაპირი გავლენა პოლიციაზე და უშიშროების სისტემაზე, ირიბი გავლენა ტელევიზიებზე, განათლების სისტემაზე, ჯარსა და ეკონომიკაზე.

იმის მიუხედავად, რომ ზაფხულის დიდ ნაწილს პრეზიდენტი აჭარაში ატარებს და დედაქალაქს იშვიათად სტუმრობს, არ არის სავარაუდო, რომ მას დაკარგული ჰქონდეს კონტროლი პროცესებზე. თუმცა, გავლენის სფეროების ესოდენ სერიოზული გაფართოება ვანო მერაბიშვილს განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს ძალაუფლების გადანაწილების სქემაში. პოლიტიკის ლოგიკა გვკარნახობს, რომ „სახელმწიფოს ხერხემლის“ აწ უკვე პირადი ხერხემლის გაძლიერება უკვალოდ არ ჩაივლის და შემდგომ პროცესებში შესაბამისად აისახება. მანამდე კი მთავარ პოლიტიკურ მოვლენად სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებები რჩება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG